30 ან 50 წლისგან განსხვავებით, 40 წლის იუბილე განცალკევებით დგას. ეს არის ზღვარი, რომელიც ყველა სოციალური სტანდარტით “ახალგაზრდობას” “ხანდაზმულობისგან” ყოფს.
ბევრ ქვეყანაში 40 წლის იუბილეს მოკრძალებულად ან საერთოდ არ აღნიშნავენ, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:
რიცხვი 40 რელიგიაში
რიცხვი 40 რელიგიურ ტექსტებში ხშირად გვხვდება და უმეტესად, განსაცდელს, მარხვასა და მიცვალებულთა მოხსენიებას უკავშირდება:
ძველი აღთქმის თანახმად, წარღვნის დროს წვიმა 40 დღესა და 40 ღამეს გრძელდებოდა.
მას შემდეგ, რაც მთის მწვერვალები გამოჩნდა, ნოემ კიდობანში კიდევ 40 დღე დაიცადა, სანამ ყორანს გაუშვებდა.
მოსეს ებრაელი ხალხი უდაბნოში 40 წელი დაჰყავდა.
მოსე სინას მთაზე 40 დღესა და ღამეს დარჩა, სანამ ღმერთი ქვის ფილაზე ამოკვეთილ ათ მცნებას გადასცემდა.
ახალი აღთქმის თანახმად, იესო ქრისტე იუდეის უდაბნოში 40 დღესა და 40 ღამეს მარხულობდა.
აღდგომის შემდეგ, ამაღლებამდე ქრისტე 40 დღე დარჩა დედამიწაზე.
მართლმადიდებლობაში აღდგომის წინა დიდმარხვა 40 დღეს გრძელდება. ასევე სჯერათ, რომ გარდაცვლილის სული დედამიწაზე 40 დღეს რჩება.
სწორედ აქედან იღებს სათავეს გარდაცვალებიდან ორმოცი დღის თავზე მიცვალებულის მოხსენიების ტრადიცია.
უიღბლო რიცხვი
აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის მცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ ოთხი უბედურების მომტანი რიცხვია, შესაბამისად „შავ სიაშია“ 14, 40 და 44. იაპონიაში ზოგ შენობას მეოთხე სართული საერთოდ არ აქვს. საქმე ისაა, რომ იეროგლიფი, რომელიც ოთხიანს აღნიშნავს,„სიკვდილის“ იეროგლიფს ძალიან წააგავს.
რიცხვ ოთხის შიშს სპეციალური ტერმინიც კი აქვს — ტეტრაფობია.
კოგნიტიური ცდომილებები
ზოგს ამ ვერსიების შესახებ არაფერი სმენია, მაგრამ ცრურწმენის მაინც სჯერა. ეს შეიძლება კოგნიტიური ცდომილებებით — ანუ აზროვნებაში დაშვებული შეცდომებითა და შაბლონური გადახვევებით აიხსნას. ერთ-ერთი ასეთი ცდომილებაა დადასტურების მიკერძოება (confirmation bias) ანუ ტენდენცია, ეძებო, განმარტო ან უპირატესობა მიანიჭო ინფორმაციას, რომელიც უკვე არსებულ თვალსაზრისს ემთხვევა.
მაგალითად, ადამიანმა, რომელსაც სმენია, რომ 40 წლის აღნიშვნა არ შეიძლება, გაიგო, რომ ვიღაც დაბადების დღის გადახდის შემდეგ ავად გახდა და დაასკვნის, რომ დაავადების მიზეზი ცრურწმენის დარღვევაა. ამ რწმენას შეიძლება რომელიმე ცნობილი ადამიანის მაგალითიც დაემატოს. მაგალითად, არსებობს ასეთი შემთხვევა — 1967 წელს, გაფრენამდე ორმოცი დღით ადრე, საბჭოთა კოსმონავტმა, ვლადიმერ კომაროვმა, რომელსაც ცრურწმენების არ სჯეროდა, 40 წლის იუბილე აღნიშნა. 27 აპრილს ის საცდელი ფრენისას დაიღუპა, თუმცა, ამბობენ, რომ კოსმოსურ ხომალდთან დაკავშირებული პრობლემები კომაროვის დაბადების დღემდე ბევრად ადრე დაიწყო. განაგრძეთ კითხვა…

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·