WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11.09.202611.09.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება განაახლა.

2022 წელს, რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის შემდეგ, საქართველო რუსეთში პატიმრების ექსტრადიციას არ ახდენდა. აღნიშნულს საქართველო პირდაპირ უთითებდა ევროსასამართლოს საქმეში (სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ). მაშინ საქართველომ ევროსასამართლოში ოფიციალური მონაცემებიც წარადგინა და გამოხატა მზაობა, შეინარჩუნოს აღნიშნული მორატორიუმი ამ საკითხზე ევროპული კონსენსუსის მიღწევამდე.

ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

გიორგი ბურჯანაძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ გადაამოწმა რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდი და ნახა, რომ ექსტრადირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წელს გაჩნდა.

საიტის მიხედვით, ექსტრადირებას დაექვემდებარნენ:  რასულ კაიტმაზოვი; ნიკიტა პოდსტავკინი და მაქსიმ შჩერბაკოვი. ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველომ მოსკოვს გადასცა.

ბურჯანაძე ხაზს უსვამს, რომ რუსეთში არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი და ადამიანების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, გარდა ამისა, არაერთი დასკვნით დასტურდება, რომ ციხეებში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.

„რუსეთში პატიმრის ექსტრადირება არ უნდა მოხდეს. […] ამასთან, არაერთი დამოუკიდებელი დასკვნით დასტურდება, რომ რუსეთის ციხეებში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა – ვხედავთ წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და პატიმართა დაღუპვის შემთხვევებს. ხშირია ინფორმაციისა თუ აღიარების მოსაპოვებლად და დასჯის მიზნით გამოყენებული სასტიკი მეთოდებიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთში ნებისმიერი პატიმრის გაგზავნა ადამიანის უდიდესი რისკის ქვეშ ჩაყენებას ნიშნავს. ეს განსაკუთრებით მაშინ არის საშიში, როცა პირს მიაჩნია, რომ წარსულში გამოთქმული მოსაზრებების გამო შესაძლოა დევნის მსხვერპლი გახდეს, რუსეთს კი ძირითადად სწორედ ასეთი ადამიანები ტოვებენ. ბუნებრივია, არსებობს საფრთხე, რომ საკუთარი შეხედულებებისა თუ სხვა გარემოებების გამო, ისინი იქ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდებიან“, – ამბობს ბურჯანაძე.

ბურჯანაძემ აღნიშნა, კიდევ ერთი პირის – მიხაილ ტიმოფეევის საქმე, რომელსაც, ასევე ექსტრადიცია ემუქრება. დაცვის მხარე დროებითი ღონისძიებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

„წესით უზენაესმა სასამართლომ უნდა გააჩეროს ეს პროცესი… ჩვენ ვიცით, რომ ქართული სასამართლო, საბოლოო ჯამში ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე, რასაც პოლიტიკური ხელისუფლება იმ მომენტში მიიჩნევს საჭიროდ და განსახორციელებლად. ამიტომ ქართული სასამართლოს მხრიდან არ მაქვს იმედი“, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

„ნეტგაზეთმა“ კითხვით მიმართა იუსტიციის სამინისტროს და დაინტერესდა, რა გახდა რუსეთში ექსტრადირებაზე მორატორიუმის შეცვლის მიზეზი.

უწყებამ კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა და ზოგადი პასუხი გაგვცა:

„იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველო, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში, ექსტრადიციის სფეროში არაერთ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში წელიწადში, საშუალოდ, 200-250 ძებნილი პირის ექსტრადიცია ხორციელდება“.

სამინისტრომ განმარტა, რომ პროცედურა უზრუნველყოფს ძებნილის გასამართლებას დანაშაულის ჩადენის ადგილზე, ადამიანის უფლებების, მათ შორის სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, სრული დაცვით.

„საქართველოს კანონმდებლობით,  ყოველი საექსტრადიციო საქმის შესწავლა ხდება ინდივიდუალურად, გადაწყვეტილება კი მიიღება ორი ინსტანციის სასამართლოს გავლის შემდეგ, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით.

ექსტრადირების საკითხის განხილვისას კანონის მიდგომა ნებისმიერი პირის მიმართ თანასწორია  და ის დაფუძნებულია მართლმსაჯულების აღსრულების პრინციპზე“, – ამბობს უწყება.