რატომ დაბნელდა მთელ საქართველოში, აფხაზეთის ჩათვლით - რა გავარკვიეთ

5 hours ago 4

24 ივლისს, 00:10 საათზე ელექტროენერგია გაითიშა. მალევე გაირკვა, რომ დენი მხოლოდ დედაქალაქის ცალკეულ უბნებში კი არა, მთელ თბილისსა და მთელ საქართველოში არ იყო. სოციალურ ქსელში ერთიმეორის მიყოლებით აქვეყნებდნენ იმ ქალაქებისა და სოფლების ჩამონათვალს, სადაც შუქი წავიდა: გორი, ხაშური, რუსთავი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი ...

ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროს მატარებელი გვირაბში გაჩერდა...

სამი საათის დაგვიანებით დაიძრა თბილისიდან ბათუმის ღამის მატარებელი...

კინოფილმ „ოდისეას“ პრემიერაზე მისულებს დარბაზი შეუცვალეს...

სოციალურ ქსელში სახუმარო ვიდეოები გამოჩნდა. ქართულ ტიკტოკსა და ფეისბუქის მომხმარებლები პარალელს 90-იანების პერიოდთან ავლებდნენ. იხსენებდნენ მეცხრე ბლოკს და აქვეყნებდნენ მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ფოტოებს.

ოფიციალური უწყების განმარტება ფეისბუკზე ელექტროენერგიის გათიშვიდან საათნახევარში - 01:28 წუთზე გამოქვეყნდა. ავტორი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იყო, ამ ტექსტში ავარიის მიზეზებზე არაფერი ეწერა.

„ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს“, - ეწერა განცხადებაში.

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა“ ქვეყნის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებაზე პასუხისმგებელი; მისი გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილია.

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, რომელიც საზოგადოებას შესაძლებელია ახსოვს პოლიტიკოს ეკა ბესელიასთან დაპირისპირებით და ამ ცნობილი კადრით:

ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირება პარლამენტში

ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირება პარლამენტში

ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის შემდეგ მობილური ოპერატორების და ზოგიერთი ინტერნეტ პროვაიდერის მუშაობაც შეფერხდა. რადიო თავისუფლება ესაუბრა, როგორც მაგთის ისე ჯეოსელის აბონენტებს. ისინი ჰყვებიან, რომ არ იგზავნებოდა შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეოები, არ გადიოდა ზარი.

სატელეფონო კავშირის პრობლემამ მოქალაქეებს ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია გაურთულა.

„მე დენთან ერთად ინტერნეტი და ტელეფონის ხაზებიც გამეთიშა და სრული პანიკა მქონდა, ღამის 2 საათამდე დარეკვაც ვერ შევძელი ვერსად, რომ მინიმუმ გამეგო, რა ხდებოდა“, - დაწერა ფეისბუქზე ელზა ელბაქიძემ.

სილქნეტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინტერნეტი აბონენტებს დენის მასშტაბურად გათიშვის მიუხედავად, შეუფერხებლად მიეწოდებოდათ, ცალკეულ შემთხვევებს კი დამატებით გამოიკვლევენ. კომპანიებში „მაგთი“ და „სელფი“ ზარებს არ უპასუხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ შეფერხების გარეშე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და 112-ის ცხელი ხაზი.

„გენერატორები გვაქვს, დამზღვევები, როგორ შეიძლება ამ სისტემამ მუშაობა შეაჩეროს“, - აცხადებენ უწყებაში.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, რომელიც რეგიონების 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ამარაგებს და რამდენიმე მსხვილ ჰესს ფლობს, განაცხადა, რომ გათიშვა მათი მიზეზით არ მომხდარა და პრობლემა „სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ გამოიწვია. იგივეს აცხადებენ „თელასში“.

ორივე კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის შესახებ შეტყობინებები აბონენტებს მომხდარიდან მალევე ავტომატურად დაუგზავნეს.

არც ეს ტექსტები ამბობდა რაიმეს მასშტაბური გათიშვის მიზეზებზე, იყო მშრალი და ფორმალური. ამასთან შეტყობინებები, მომხმარებლებლების ნაწილის ცნობით, ან საერთოდ არ მივიდა, ან გვიან მივიდა ან იმ დროს, როცა ელექტროენერგია უკვე აღდგენილი იყო.

ობიექტების ნაწილი გენერატორების დამსახურებით ინარჩუნებდა ელექტროენერგიას

ობიექტების ნაწილი გენერატორების დამსახურებით ინარჩუნებდა ელექტროენერგიას

„არავითარი ინფორმაცია არ მიმიღია არც დენის გათიშვამდე და არც შემდეგ. ამას გარდა, უცნაურად გაითიშა: ნათურები ჩაიბჟუტა, ტექნიკამ კი წივილი დაიწყო. საკმაოდ შემეშინდა“, - ამბობს თეო ბითაძე.

ელექტროენერგიისა და ინტერნეტის შემდეგ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს - "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერსის“ 300 000-მდე აბონენტს - წყალი შეუწყდა ან წნევამ მკვეთრად დაიკლო. GWP-ის განცხადების თანახმად, მიზეზი სატუმბო სადგურების ავტომატური გაჩერება გახდა: „ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 250 ადგილობრივ გამაძლიერებელ სადგურსა და 65 ცენტრალურ, დიდი წარმადობის სატუმბო სადგურს“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას კომპანიაში.

კითხვაზე, აქვს თუ არა „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს“ ალტერნატიული წყარო სატუმბო სადგურების ასამუშავებლად, უპასუხეს: „ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების სრული შეფერხების შემთხვევაში, წყალმომარაგების სატუმბო სადგურების ალტერნატიული ელექტროენერგიით მომარაგების წყაროები ვერ ფუნქციონირებს“.

"ასე მარტივად ვერ გამოიკვლევ ამხელა ავარიას"

„ასეთი მასშტაბური ავარია წლებია არ მინახავს, თორემ 90-იანებში დღეში ორჯერაც სამჯერ გვქონდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ.

ენგურჰესი ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით მესამედს გამოიმუშავებს. ის საქართველოს ყველაზე დიდი ელექტროსადგურია. მისი სიმძლავრე 1 300 მეგავატია. ანუ საქართველოში ყოველი სამი მოხმარებული კილოვატსაათიდან დაახლოებით ერთი ენგურჰესზე მოდის.

კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა; ტურბინები კი აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

1990-იანი წლებიდან მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 60% დანარჩენ საქართველოს, ხოლო 40% აფხაზეთს მიეწოდება, თუმცა პრაქტიკაში ეს თანაფარდობა ხშირად იცვლება აფხაზეთის მოხმარების ზრდის გამო.

საქართველოს მთელ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გათიშვის პარალელურად აფხაზეთიც ჩაბნელდა. ტელეგრამ არხზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტრომ 00:47 წუთზე დაწერა, რომ „აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ენგურჰესს უკავშირდება“.

„აფხაზეთშიც გაითიშა ელექტროენერგია, დიახ, თავისთავად, რადგან ერთი ელექტროსისტემაა“, - ამბობს მებონია. მისი ცნობით, ეს არ არის დასტური იმისა, რომ ავარიის საწყისი ენგურჰესია და ეს რომ გაირკვეს სწორედ ამ მიზნით აწარმოებენ კვლევებს.

„ასე მარტივად ვერ გამოიკვლევ ამხელა ავარიას, უნდა ამოვიწეროთ ყველა დიაგრამა, ძაბვები, სიხშირეები, ოპერაციების თანმიმდევრობა და მერე უნდა გაუკეთდეს ანალიზი, ამას რომ გავაკეთებთ, გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას, ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ აგრეგატები მწყობრშია და მუშაობს“, - ამბობს ენგურჰესის დირექტორი.

როცა ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ავარია მთელ ელექტროსისტემაში მოხდა, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ელექტროსადგურების გაჩერებას. სისტემა მოიცავს ელექტროსადგურებს, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს, ქვესადგურებსა და დისპეტჩერულ მართვას, რომლებიც ერთ ქსელად მუშაობს. ამ ქსელში დიდი ავარია წამებში შეიძლება მთელ ქვეყანაზე გავრცელდეს.

ავარიიდან 19 საათზე მეტი გავიდა. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია, თუმცა მთავარ კითხვაზე - რამ გამოიწვია საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგოავარია - ოფიციალური პასუხი ჯერაც არ არსებობს.

სტატიის გამოქვეყნებამდე მივიღეთ ინფორმაცია, რომ სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.

„კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა