“ქართული ოცნების“ გვერდით კი იმიტომ ვდგავარ, რომ ამ გუნდის მჯერა. მისაღებია ხელისუფლების პროდასავლური კურსი. ის, რომ მისთვის ადამიანი მთავარი ფასეულობაა და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში იგრძნობა. “ქართულმა ოცნებამაც” ზუსტად იცის რა არის მისი მიზანი და ეტაპობრივად მიიწევს მისკენ.“ – ეს არის ამონარიდი, ლადო ხინჩეგაშვილის განცხადებიდან, რომელიც 2021 წელს „ოცნების“ სააგიტაციო გაზეთშია დაბეჭდილი. ყოფილი მერი და ამჟამად უკვე მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის 49-ე ნომერი ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას უკვე დეპუტატობის რანგში ფიქრობს.
ყოფილი მერი და ამჟამად უკვე მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის 49-ე ნომერი ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას უკვე დეპუტატობის რანგში ფიქრობს.
სააგიტაციო მასალაში გაწერილი დაპირებების მიხედვით გორში, 2021-2022 წლებში 40-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განხორციელებულიყო.
კითხვას, თუ რა პროექტს გამოარჩევდა გორში, რაც მერობის პერიოდში მისი ჩართულობით ან/და ინიციატივით განხორციელდა, ხინჩეგაშვილი – ასე პასუხობს:
“ჩემი მერობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორც რაიონის, ისე ქალაქის მიმართულებით, გამოვყოფდი გზების გაყვანას. კერძოდ, გორში გოგებაშვილის ქუჩის, ახალი ბულვარის მოწყობას, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით „ახალბაღის“ ცენტრალური პარკის გახსნას, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო. გამოვყოფდი ასევე სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციას, სადაც არ იყო 24 საათიანი წყალმომარაგება, ასეთი პროექტებია მნიშვნელოვანი“,-ამბობს ლადო ხინჩეგაშვილი.
რამდენად კარგად იცნობს მმართველი გუნდის დელეგატი გორის მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და მოგვარდა თუ არა მისი მერობის დროს, წლების განმავლობაში არსებული წყლის პრობლემა სოფლებში, რასაც თავადვე ასახელებს, მერიას განსხვავებული პოზიცია აქვს.
აღმოჩნდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა კვლავაც აქტუალურია. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულ ვითარებაში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებია. მაგალითად: ფლავი, ფლავისმანი, ერგნეთი, ქვეში, ქვემო არცევი, კოშკა და სხვა.
როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ სოფლებში საჭიროა შიდა ქსელის რევიზია და საეჭვო მონაკვეთების შეცვლა, მოსაწყობია აღრიცხვის კვანძები არსებულ ქსელებზე; გარდა ამისა, ფლავისმანსა და ქვეშში წყლის დებეტის სიმცირის გამო, საჭიროა ახალი ჭაბურღილის გაკეთება. ხინჩეგაშვილი აცხადებს, რომ გასაკეთებელი საქმეები კიდევ ბევრი დარჩა, რომლის სისრულეში მოყვანასაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად გეგმავს.
“კიდევ ბევრს მოვასწრებთ, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს მერიაში, რა თქმა უნდა საკრებულოს დახმარებით ბევრ პროექტს განვახორციელებთ კიდევ. აუცილებლად გასაკეთებელია ის, რაც დაწყებული გვაქვს, გორის ციხის რეაბილიტაცია, ძველი ბაზრის ტერიტორიის რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა თეატრის და მისი სკვერის რეაბილიტაცია – აი ასეთი პროექტებია გასაკეთებელი”, – ამბობს „ქართული ოცნების“ დელეგატი.
ლადო ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ მერობის პერიოდში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში გამოიყენებს. რაც შეეხება დაპირებებს, გორი-კასპის ამომრჩევლისთვის კონკრეტულს ვერაფერს ასახელებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამ მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან ინიციატივებს საკანონმდებლო ორგანოში დაუჭერს მხარს.
“უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა პარლამენტი და რა თქმა უნდა კანონებს ვიღებთ, რისი საშუალებაც მექნება, მაქსიმალურად შევეცდები ის გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დავაგროვე, მუნიციპალიტეტების ინტერესებისთვის გამოვიყენო და ასეთ პროექტებს გავუწიო ლობირება. კასპელებისა და გორელების ხმა ვიქნები პარლამენტში. მოსახლეობას ყველაზე მეტად ჭირდება სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“, – აცხადებს ხინჩეგაშვილი.
გორის ყოფილმა მერმა ძირითადად ქალაქისთვის დამახასიათებელ პროექტებზე ისაუბრა და ისიც ზოგადად. რა გაკეთდა მისი მერობის პერიოდში ან რას ელიან ხინჩეგაშვილისგან დეპუტატობის შემთხვევაში – სოფლებში, ადგილობრივებს საუბარი უჭირთ.
ნეო ტვ-მ ევროკავშირის მხარდაჭერით და “სამართლიან არჩევნებთან” პარტნიორობის ფარგლებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც გამოკითხა. ბოლო წლებში ისინი ძირითადად სოფლამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ უშუალოდ ადგილობრივების საჭიროებებით არავინ ინტერესდება და ამ დროისთვის არც პარტიების პროგრამებს იცნობენ.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისმხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია NEO TV და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს ევროკავშირის ან/და ISFED-ის შეხედულებებს.