რეაგირება საჭირო ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე – კობახიძე

1 hour ago 2

ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, „ეროვნული ფასეულობების დაცვის“ მოტივით შექმნილ კიდევ ერთ საინიციატივო ჯგუფზე და იმაზე, იგეგმება თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები.

საინიციატივო ჯგუფმა თქვა, რომ იწყებდნენ მუშაობას „სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებაზე“, რომ ეროვნული ფასეულობები „სათანადოდ იყოს დაცული“.

კობახიძის განცხადებით, ამ კანონპროექტზე ჯერ არ უმსჯელიათ, თუმცა „ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ“.

მისივე განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დაუშვან „ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის“ და ამისთვის შესაბამისი კანონებიც მიიღეს.

„რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების, საზოგადო მოღვაწეების, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და მათი დაკვეთის არსი არის მარტივი – მათ უნდა სცადონ, ჩვენი ეროვნული იდენტობის რაღაცნაირად შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს.
ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ რომ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა“, – თქვა კობახიძემ.


30 ივლისს ბათუმის თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ, მსახიობმა გიორგი შანიძემ და რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ განაცხადეს, რომ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი ეროვნული იდენტობისა და ფასეულობების დასაცავად. მათი სურვილია ეს ყველაფერი კანონით დარეგულირდეს.

გიორგი სიხარულიძემ თქვა, რომ დაიწყებდნენ კონსულტაციების საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებთან:

„რადგან ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც თითოეულ ქართველს აწუხებს – ჩვენი იდენტობა, მისი შენარჩუნება, მისი დაცვა, გვინდა, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე მოხდეს… მივიღოთ ერთად გონივრულად კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს და აგვაშორებს იმ საფრთხეებს, რომელიც თითოეული ჩვენგან უყურებს, რომ რეალურია და ყოველდღიურად ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ეს ყველაფერი მიდის ძალიან სერიოზულ დაპირისპირებამდე“.

იხილეთ ასევე:

სრულად წაკითხვა