რეესტრმა გიორგი გაბუნიას „მთავარი არხის“ დირექტორობიდან გათავისუფლებაზე განცხადება შეაჩერა

11 hours ago 2

„მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დირექტორმა გიორგი ქურდაძემ 24 დეკემბერს საჯარო რეესტრს მიმართა და სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გიორგი გაბუნიას მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოსტის დატოვების რეგისტრაცია სთხოვა.

ქურდაძის განცხადებას თან ერთვის გიორგი გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის 29 ნოემბერს გაგზავნილი მეილიდან ამონაწერი, სადაც ის წერს, რომ დამფუძნებლების მიერ მიღებული ახალი წესდება მოქმედების სივრცეს აღარ უტოვებს, გარდა იმისა, რომ დატოვოს თანამდებობა. ამასთანავე წერს, რომ როგორც „მთავარი არხის“ ლოგოს შემქმნელი და სახელის თანაავტორი, უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს აუკრძალოს კომპანიას მათი გამოყენება, თუ ჩათვლის, რომ ახალი მენეჯმენტი დამაზიანებელ საქმიანობას ეწევა.

საჯარო რეესტრმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და თქვა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარმოსადგენია გიორგი გაბუნიას ნების გამოვლენის დამადასტურებელი პირადი განცხადება გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული, უფლებამოსილი ორგანოს — პარტნიორთა საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

რეესტრის თანახმად, 30 კალენდარული დღის ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება.

გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მხოლოდ შემდგომ სასამართლოს წესით.


„მთავარი არხის“ მფლობელებს შორის დავის შესახებ 11 დეკემბერს გახდა ცნობილი. „მთავარი არხის“ დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილი არხს ხურავს. მისი თქმით, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, თვითონაც ჩაერთოს „ოცნების” წამოწყებულ ძალადობაში  და მის ხელთ არსებული საშუალებებით იძალადოს ‘თავარი არხის”  ჟურნალისტებზე.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილი კონფლიქტის დაწყებამდე „ახალის” საპარლამენტო სიაში 3 ადამიანის ჩასმას ითხოვდა. როგორც გვარამია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, მან ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელი, ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ არხის მენეჯმენტს გენერალურ დირექტორად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას სთავაზობდა, რაც ახლაც ძალაშია. ნანუკა ჟორჟოლიანმა არხი დატოვა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მფლობელებს შორის დავას არ უკავშირდება.

სრულად წაკითხვა