როგორ იქცა სიმღერა უიღბლო სიყვარულზე Last Christmas საშობაო კლასიკად (ვიდეო)

12 hours ago 2

40 წელია მთელ მსოფლიოში შობა-ახალი წლის უცვლელი ფონია ლეგენდარული ინგლისური პოპ-დუეტის – Wham!-ის ჰიტი Last Christmas. სიმღერა არაერთხელ იქნა გადამღერებული სხვადასხვა შემსრულებლის მიერ, მაგრამ ავტორის, დუეტის ერთ-ერთი წევრის, ჯორჯ მაიკლის შესრულებით ის მაინც საუკეთესოა. 

კომპოზიციას ძალიან ცოტა აქვს საერთო შობასთან – აქ არაფერია თოვლზე, ნაძვის ხეზე, თოვლის ბაბუაზე ან რაიმეზე, რასაც, ჩვეულებრივ, დღესასწაულს ვუკავშირებთ ხოლმე. სიმღერა უიღბლო სიყვარულზეა: მთავარმა გმირმა გული „ვიღაცას აჩუქა“ და ამ ადამიანმა უღალატა. შობა მხოლოდ ერთადერთ ფრაზაში ისმის – ეს სევდიანი ისტორია  Last Christmas-ის (ინგ. ბოლო შობის) დროს მოხდა.

Last Christmas I gave you my heart               გასულ შობას გული გაჩუქე,
But the very next day you gave it away          მაგრამ შენ ის მეორე დღესვე გააჩუქე.
This year, to save me from tears                    წელს ცრემლებმა რომ არ დამახრჩონ,
I’ll give it to someone special                          მე მას ვინმე განსაკუთრებულს გადავცემ.

Last Christmas ყველაზე გაყიდვადი სიმღერაა დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში, თუმცა რეიტინგის პირველ ადგილზე არასდროს გასულა. დღემდე გაყიდულია 4 მილიონამდე ეგზემპლარი.

თავისი ისტორიის მანძილზე ამ ჰიტის 400-ზე მეტი ქავერი არსებობს: სხვადასხვა შემსრულებელმა ჩაწერა საკუთარი ვერსია, გვენ სტეფანიდან და ტეილორ სვიფტიდან დაწყებული – Crazy Frog-ით დასრულებული.

ჯორჯ მაიკლმა ეს სიმღერა 21 წლის ასაკში დაწერა. საბედისწერო დამთხვევაა, რომ  53 წლის მუსიკოსი გულის უკმარისობით სწორედ 25 დეკემბერს გარდაიცვალა.

კლიპი დუეტმა Wham! შვეიცარიის სათხილამურო კურორტ, ზას-ფეში გადაიღო 1984 წლის ნოემბერში. საშობაო ატრიბუტიკით გაფორმებული ვიდეო შეყვარებული წყვილის სევდიან ისტორიას გვიამბობს, რომელმაც გასული შობა ერთად გაატარა, შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდა.

2019 წელს Last Christmas-ის შთაგონებით გადაიღეს მელოდრამა „გასულ შობას“, რომელიც ჯორჯ მაიკლის 15 ჰიტის საუნდტრეკითაა გაფორმებული, თუმცა ფილმმა კლიპის წარმატება ვერ გაიმეორა.

მანანა ბანძელაძე

სრულად წაკითხვა