რეზო ჩხეიძე: „მოითხოვდნენ, რომ ფილმი სერგო ზაქარიაძის გარეშე გადამეღო” „ჯარისკაცის მამას" საქართველოში მტრები ჰყავდა

3 weeks ago 10

 „მოითხოვდნენ, რომ ფილმი სერგო ზაქარიაძის გარეშე გადამეღო"„სარკე“, თეონა კენჭიაშვილი

ნახევარი საუკუნის წინ მთელი მსოფლიო მოიარა კახელი გლეხის, ჯარისკაცის მამის ისტორიამ, რომელიც ფრონტზე დაჭრილი შვილის მოსაძებნად წავიდა და მთელი მეორე მსოფლიო ომი გამოიარა. დღესაც 9 მაისი ისე არ ჩაივლის, რეჟისორ რეზო ჩხეიძის და მსახიობ სერგო ზაქარიაძის გენიალური ნამუშევარი არ აჩვენონ. უფრო მეტიც, წლების წინ ქართული კინოკლასიკით ჰოლივუდშიც დაინტერესდნენ და მისი გაფერადება გადაწყვიტეს. ფერადი “ჯარისკაცის მამის” პრემიერას ბატონი რეზოც მოესწრო.

– ცოტა ვნერვიულობდი, ამ იდეას ეჭვის თვალით ვუყურებდი. მეშინოდა, ჭყეტელა ფერები არ ყოფილიყო. საერთო ჯამში, მომეწონა და ფერებიც კარგია. როცა ვუყურებ, თითქმის მავიწყდება, რომ ფერადია, იმდენად ნორმალურად არის გაკეთებული. რომელიმე ეპიზოდს რომ გააფერადებდნენ, შემდეგ აუცილებლად მიგზავნიდნენ. თუ რამე შენიშვნა მქონდა, ასწორებდნენ. საბოლოოდ კარგ შედეგს მიაღწიეს, – უთხრა იმ დღეებში რეზო ჩხეიძემ “სარკეს”.

ჩვენს არქივში ინახება რეზო ჩხეიძის ნაამბობი, თუ როგორ შეიქმნა ეს შედევრი და რა დაბრკოლებები უძღოდა წინ.

ტრამვაიში წაკითხული სცენარი

– ფილმის გადაღების იდეა სცენარისტ სულიკო ჟღენტს ეკუთვნის. მე და სულიკო ერთმანეთს მოსკოვიდან ვიცნობდით, სადაც საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში ვსწავლობდით. ის სასცენარო ფაკულტეტზე იყო, მე – სარეჟისოროზე. ძალიან უცნაური და თავმდაბალი კაცი გახლდათ. სადმე რომ მივემგზავრებოდით, ის მხოლოდ ფურცლებს ამოიჩრიდა იღლიაში და ასე მოდიოდა. ჩვენ კი დიდ ბარგს ავიკიდებდით ხოლმე. საათსაც კი არ ატარებდა. ერთხელ ვკითხე, საათი რომ არ გაქვს, ხომ შეიძლება, თვითმფრინავზე დაგაგვიანდეს-მეთქი. მან აქეთ შემომიბრუნა კითხვა, ოდესმე თუ დამიგვიანიაო.

ერთ მშვენიერ დღეს კინოსტუდიაში ვიყავი. მაშინ ,,ზღვის ბილიკს” ვიღებდი, რომელშიც სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. გადაღებების დასრულების შემდეგ ხალხი იკრიბებოდა და საუბრობდნენ. ზოგი თავის გულისტკივილზე იტყოდა რამეს, ზოგი თავის სიხარულზე, ზოგი გადაღებებზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიდიოდნენ სახლებში. მეც ასე ვიდექი სხვების გვერდით. სულიკო ჟღენტიც იქ იყო. შევამჩნიე, რომ ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა, მაგრამ დიდად არ დავკვირვებივარ. მითხრა, ბათუმში მივდივარ და შენთან ერთი რაღაც მაქვს სათქმელიო. გვერდით გამიყვანა და ფურცლები მომაწოდა. თან დამავალა, რომ იმ დღესვე წამეკითხა და პასუხი მეთქვა. ეს იყო მისი სცენარის ჩანაფიქრი.

სულიკო წავიდა, მე ბიჭებთან დავრჩი და კიდევ ცოტა ხანი ვილაპარაკეთ. სცენარისთვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მეორე დღის გადაღებაზე ვფიქრობდი. კინოსტუდიიდან რომ გამოვედი, ტრამვაიში ჩავჯექი და თან სცენარის ფურცვლა დავიწყე. სულ ხუთი-ექვსი ფურცელი იყო და სათაური ჰქონდა ,,ჯარისკაცის მამა”. პატარა სცენარი იყო, მაგრამ ამ ხუთ ფურცელში აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებად ეწერა. ხასიათი, იდეა, გარემო – ყველაფერი იგრძნობოდა. წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ეს იყო ბრწყინვალე მასალა. იმ საღამოსვე ბათუმში დავრეკე და სულიკო შევაქე. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი, ამ სცენარზე ფილმი შემექმნა.

გულაჩუყებული სერგო

– მეორე დილას სტუდიაში რომ მივედი, სერგო ზაქარიაძე უკვე იქ იყო, გრიმს იკეთებდა. საერთოდ ასეთი მოწესრიგებული კაცი გახლდათ, ყველგან ყველაზე ადრე მიდიოდა. მისთვის დღე, ღამე, წვიმა, თოვლი – არაფერი არსებობდა. საქმე იყო უმთავრესი.

საგრიმიოროში რომ შევედი, ბატონ სერგოს გრიმიორი ქალი ედგა გვერდით. ყველას გამოველაპარაკე, ბოლოს კი მასთან მივედი და ვუთხარი, რომ საქმე მქონდა. ყურადღება არ მომაქცია. მე ველაპარაკებოდი, ის კი გრიმიორს შენიშვნებს აძლევდა. ასე რამდენჯერმე წამოვიწყე საუბარი, მაგრამ არ ამყვა.

ბოლოს ვუამბე, სულიკო ჟღენტმა სცენარი გადმომცა, წავიკითხე და მგონია, რომ აქედან რაღაც დიდი ნაწარმოების გაკეთება შეიძლება-მეთქი. სცენარი მოკლედ მოვუყევი. რაც მეტს ვუყვებოდი, ვატყობდი, როგორ ეცვლებოდა სახე და უფრო და უფრო ინტერესდებოდა, გრიმიორ ქალსაც ნაკლებ შენიშვნას აძლევდა. როცა სცენარის თხრობა დავამთავრე, აღტაცებით თქვა: “ბიჭო, რა კარგი რამეა!” სერგო ატირდა, მეც ავტირდი და გადაწყდა, ამ სცენარზე ფილმი გაგვეკეთებინა.

ბრძოლა ფილმისთვის

– ნახევარი წელი სცენარზე ვმუშაობდით. მერე კი დაიწყო ბრძოლა მის დასადგმელად, რადგან კინოსტუდიას არაფრით უნდოდა, რომ გადაღებები დაგვეწყო. მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია. ადამიანი ხალხის აღიარებას რომ მიიღებს, ბევრ მოყვარესთან ერთად ბევრი მტერიც უჩნდება.

ასე მოხდა ბატონი სერგოს შემთხვევაშიც, რადგან მას ბევრი ემტერებოდა. სულიკოც ჯერ დიდად არ იყო კინემატოგრაფიის წრეში მიღებული, რადგან ძალიან ახალგაზრდა გახლდათ. ამიტომაც ეს ძალები გაერთიანდნენ და მითხრეს, ფილმი გადაიღე, მაგრამ სცენარს გაკეთება უნდა და სხვა მსახიობი უნდა მოძებნოო. გავბრაზდი და შევეკითხე, ვის მირჩევთ-მეთქი. მიპასუხეს, სპარტაკ ბაღაშვილი სერგო ზაქარიაძეზე ნაკლები არ იქნებაო. მე, პირადად, ბატონი სპარტაკის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. მან რომ არსენას როლი ითამაშა, ვფიქრობ, ისე სხვა ვერავინ შეასრულებდა, მაგრამ ის გმირს თამაშობდა, ჩემი ფილმის პერსონაჟი კი სხვანაირი უნდა ყოფილიყო.

ჯარისკაცის მამა საბჭოთა გმირებისგან გამორჩეული იყო – შვილს დაეძებდა და ,,ზა როდინუ”-ს არ ყვიროდა. კინოსტუდიაში სწორედ ამას ვერ მიხვდნენ, ჟანრი ვერ გაიგეს. დიდ ტრაგედიასთან ერთად ფილმი სანახევროდ კომედიური ჟანრის უნდა ყოფილიყო. როდესაც, წესისამებრ, სცენარი მოსკოვში გაიგზავნა, მის შინაარსს მალევე ჩასწვდნენ და თქვეს, რომ ამ ფილმს დიდი წარმატება ექნებოდა.

ერთი სიტყვით, დიდი ომები გამოვიარე იმისთვის, რომ ფილმი გადამეღო და მასში ბატონ სერგოს ეთამაშა. სხვათა შორის, დადებითი როლი ითამაშა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც მაშინ მცხეთის რაიონული კომიტეტის მდივანი იყო. რამდენჯერმე საერთო პარტიულ კრებას დაესწრო და დაგვეხმარა კიდეც.

ერთ-ერთ კრებაზე ჩემი ფილმის გადაღება-არგადაღების საკითხი წამოიჭრა. ერთი ადამიანი გამოვიდა, რომლის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ და თქვა, მოსკოვის კულტურის სამინისტროში სცენარი არ მოეწონათ, მაგრამ, რადგან რეზო ჩხეიძეს ასე ძალიან უნდა, უარის თქმა გვერიდებაო. მაშინვე გავედი და მოსკოვში დავრეკე. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი საერთოდ არ მისულა სამინისტროში და კრებაზე ტყუილი თქვა. ნერვები ძალიან მომეშალა და იმ ადამიანს სილა გავაწანი. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მოხდა. არც სკოლაში, არც მოზრდილობაში, როგორი აღშფოთებულიც უნდა ვყოფილიყავი, ხელით არავის შევხებივარ.

ასე იყო თუ ისე, ყოველი ახალი ფილმის გადაღებას სირთულე ახლდა. ხან სცენარს ებრძოდნენ, ხან – მსახიობებს. რაც შეეხება ბატონ სერგოს, მისი ბევრს შურდა. როგორც იცით, ის თავიდან რუსთაველის თეატრში იყო, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა და საამისო მიზეზი ჰქონდა კიდეც. ალბათ იმიტომ არ უნდოდათ, ზაქარიაძეს ამ ფილმში მიეღო მონაწილეობა, რომ სახელი უფრო მეტად არ გაეთქვა. დღემდე მიკვირს, რატომ უნდა ჰყოლოდა ასეთ არაჩვეულებრივ კაცს მოწინააღმდეგეები. მისი გარდაცვალებით მარჯვენა ხელი დამაკლდა.

ავბედითი ტაშტები

– ფილმის გადაღებას რამდენიმე თვე მოვანდომეთ. სცენები გადავიღეთ როგორც საქართველოში, ასევე მოსკოვის სამხედრო ოლქში და ლატვიაში. გადაღებები ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ გარეშე პირების დამოკიდებულება ძალიან უარყოფითი იყო. მაგალითად, ფილმში არის ერთი ასეთი სცენა, სადაც ბატონი სერგო “ვედროებით” დადის და მრეცხავ ქალებს მეთვალყურეობს. ამ ეპიზოდის ჩამატება შემდეგ გადაწყდა. არადა სცენარი უკვე გაგზავნილი გვქონდა და რამის ჩამატება არ შეიძლებოდა. ამ სცენისთვის გვჭირდებოდა ტაშტები, რაშიც ქალებს სარეცხი უნდა გაერეცხათ. ტაშტები თბილისში კერძო შეკვეთით დავამზადებინეთ.

ერთ დღესაც რუსთავში ფილმის სცენას ვიღებდით. პარტკომის წარმომადგენლობა ჩამოვიდა და მითხრეს, ჩვენთან სიგნალი შემოვიდა, რომ რაღაცას იღებთ, რაც სცენარში არ წერიაო. რა თქმა უნდა, ვიუარე. მოგვთხოვეს, გვეჩვენებინა, რა გვქონდა წამოღებული. კიდევ კარგი, ტაშტები ვერ ნახეს, რადგან დამალული გვქონდა.

ეს სცენა საქართველოში ვეღარ გადავიღე და რუსეთში რომ წავედი, ვიფიქრე, იქ გავაკეთებ-მეთქი. იქაც გამომეცხადნენ პარტკომიდან და მითხრეს, თქვენი სარეცხის ნავები გვაჩვენეთო. მაშინაც როგორღაც თავიდან მოვიშორე ისინი. ბოლოს ლატვიაში რომ წავედით, ეს სცენა იქ, დაუგავაზე გადავიღეთ, რადგან პარტკომიდან აღარავინ მოსულა. ასე მოიარა ჩვენმა ტაშტებმა თბილისი, მოსკოვი და რიგა.

პირველი აღიარება ნოდარ დუმბაძისგან

– ფილმის შავი მასალა გვქონდა გაკეთებული, როცა დაგვიძახეს და გვითხრეს, გვინდა, ვნახოთ, რას იღებთო. გადაღებული მასალა გავუგზავნე. იქ ჩვენი ჯგუფის წარმომადგენელი ესწრებოდა და მომიყვა, მასალა რომ დამთავრდა და სინათლე აინთო, ნოდარ დუმბაძე წამოდგა და თქვა, ამათ ლენინური პრემია მიღებული აქვთო. იმ დროს ლენინური პრემია ქვეყნის უმაღლესი ჯილდო იყო, მან კი მომავალი ფილმის მიმართ ასე გამოხატა თავისი სიმპათია.

მართალია, იყო გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ საბოლოოდ რუსული და უცხოური პრემიერის შემდეგ ყოველგვარი უარყოფითი დამოკიდებულება შეწყდა და “ჯარისკაცის მამა” კლასიკურ ნაწარმოებად გამოცხადდა.

“მახარაშვილი საბჭოთა ოფიცერს ხელს არ უნდა არტყამდეს!”

– ქართველი არტისტები მხოლოდ ფილმის დასაწყისში ჩანან. რადგან სხვადასხვა ადგილებში ვიღებდით, რუსი მსახიობებიც იცვლებოდნენ. შვილი, რომელზეც მთელი სცენარია აწყობილი, მხოლოდ ფილმის ბოლოს ჩანს და ერთ სიტყვას ამბობს: “მამი!”

ამ როლისთვის სპეციალურად ავარჩიეთ ისეთი გმირი, რომელიც ქართველს ემსგავსებოდა და ვაჟკაცური გარეგნობის იქნებოდა. ისეთი ადამიანი მოვძებნეთ, რომელიც, მართალია, წევს და კარგად არ ჩანს, მაგრამ ვაჟკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფილმს ჰყავდა ძალიან კარგი კომპოზიტორი, ოპერატორები და სხვა ტექნიკური პერსონალი.

დასრულებული ფილმი მოსკოვში 31 დეკემბერს ჩავიტანეთ. კვირადღე იყო და რედკოლეგია, რომელიც სურათს იბარებდა, არ იყო. ჩვენებას მხოლოდ კულტურის მინისტრი, რომანოვი და მისი მეუღლე ესწრებოდნენ. მათ გარდა, მე და ხმის ოპერატორი დავით ლომიძე ვიყავით და ორი კაციც ხმის აპარატურასთან იჯდა. ჩვენება რომ დაიწყო, ამ რომანოვს შევატყვე, უინტერესოდ უყურებდა. ხან ფეხებს აბაკუნებდა, ხან საათს დახედავდა, ხან მეუღლეს დაელაპარაკებოდა. ის ქალი კი ფილმს ინტერესით უცქერდა. ჩვენების დასრულების შემდეგ რომანოვი ჩემთან მოვიდა და მითხრა:

– ამხანაგო ჩხეიძე, ამ სურათს საბჭოთა ხალხი არ ნახავს!

– რატომ, ბატონო მინისტრო? – შევეკითხე ისე, რომ მისი სახელი არც ვიცოდი, რადგან ახალი დანიშნული იყო. ძველი რომ ყოფილიყო, ასეთ რამეს არც მეტყოდა.

– იმიტომ, რომ თქვენი გმირი, მახარაშვილი, საბჭოთა ოფიცერს ხელს არტყამს. ეს არის წითელი არმიის წესდების დარღვევა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, კინემატოგრაფიის საშუალებით ამას აგიტაცია გავუწიოთ. ასე რომ, ამ ფილმს არ მივცემთ იმის რეკომენდაციას, რომ ფართო მასებმა ნახონ!

რომანოვმა ეს რომ თქვა, ეგრევე წავიდა. საშინელ ხასიათზე დავდექი. ახალი წელი თენდებოდა და მთელ ჯგუფს ქართველ მეგობრებთან ერთად იქაურ ქართულ რესტორან ,,არაგვში” უნდა გვექეიფა. ბევრი ადამიანის დაპატიჟებას ვაპირებდით, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ ფილმს შეაქებდნენ და მიიღებდნენ. მინისტრის ასეთმა შეფასებამ კი ყველას ნერვები მოგვიშალა და რესტორანში აღარ წავსულვართ. სასტუმროში დავბრუნდით და დავიძინეთ.

გაცურებული რუსები

– 4-5 დღის შემდეგ ,,ჯარისკაცის მამის” კიდევ ერთ ჩვენებაზე მიგვიწვიეს. კარი გაიღო და გენერალ-პოლკოვნიკი და 15-მდე გენერალი შემოვიდნენ. მისალმებაზევე მივხვდი, რომ ისინი რომანოვის ტყუილებით იყვნენ გატენილი, მაგრამ პირველივე ეპიზოდიდან რომ დაიწყეს გენერლებმა ტაშისკვრა და ოვაციები, ბოლომდე ასე გაგრძელდა. თან ხელით გვანიშნებდნენ, მაგარიაო. დასრულების შემდეგ მე და ხმის ოპერატორს შემოგვეხვივნენ. გენერალ-პოლკოვნიკმა გვკითხა:

– გვითხარით, რა არ მოსწონს თქვენს მინისტრს?

– ჩვენი ქართველი მინისტრი თვლის, რომ ეს საჭირო საბჭოთა სურათია, – ვუპასუხე გენერალ-პოლკოვნიკს.

– არა, არა, მე მხედველობაში მყავს ამხანაგი რომანოვი.

– რომანოვს არ მოსწონს ის, რომ სამხედრო ხელს არტყამს საბჭოთა ოფიცერს.

– აი, თქვენი მინისტრი ვერაფერს მიხვდა. ის არ არის სამხედრო, ის მამაა. მამას კი ყოველთვის აქვს უფლება, ასე მოექცეს შვილს. სურათსაც იმიტომ ჰქვია ,,ჯარისკაცის მამა”. მას მთელი ქვეყანა უყურებს. გისურვებთ წარმატებას! – ასე თბილად გამოგვემშვიდობა გენერალ-პოლკოვნიკი. დანარჩენი გენერლები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ნახე, როგორი სილა გააწნაო.

ამის შემდეგ ფილმი ვინ აღარ ნახა, მათ შორის ლეონიდ ბრეჟნევმა და ეს საკითხი აღარავის წამოუწევია, თუმცა ერთხელ ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა, რომელიც მოსკოვში ,,დომ კინოში” დავპატიჟე, სადაც ფილმის ჩვენება გაიმართა, სიცილით მითხრა:

– მომისმინე, ეს რუსები სულელები არიან, არა? ისინი ვერ მიხვდნენ ნამდვილ აზრს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით.

– ეგ მეორედ აღარ თქვა, – ვუთხარი და ორივეს გაგვეცინა.

ხალხს ეს ფილმი ახსოვს, უყვარს და ჩემთვის ყველა ჯილდოზე მაღლა ეს სახალხო აღიარება დგას.

სრულად წაკითხვა