პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი “ახალ ფაზაში” გადავიდა, საუბარია რეპრესიული ინსტრუმენტების გამკაცრებაზე ქუჩის პროტესტის მონაწილეთა მიმართ და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის წამების პრაქტიკის, ზრდაზე. ამ მოვლენებს თან ახლავს საზოგადოებაში პოლიტიკური თავისუფლებების საფრთხის განცდის გაღრმავება.
“ქართული ოცნების” სასამართლო სისტემაში გამოტანილი მძიმე განაჩენები უკვე სისტემატურ ხასიათს იძენს. მაგალითად, მოსამართლე მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, დღეს შიდა ქართლის მკვიდრი ვეფხია კასრაძე 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით პატიმრობაში გაუშვეს. მსგავსი სასჯელი მიიღო კიდევ სხვა შვიდმა აქტივისტმა. (ირაკლი მიმინოშვილი – 2 წელი, ზვიად ცეცხლაძე – 2 წელი და 6 თვე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი – 2 წელი, ინსაფ ალიევი – 2 წელი, ვასილ კაძელაშვილი – 2 წელი და 6 თვე, თორნიკე გოშაძე – 2 წელი, გიორგი გორგაძე – 2 წელი).
თავდაპირველად აქტივისტებს ბრალი ედებოდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მიხედვით (“ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა”). თუმცა, “საბოლოოდ, სასამართლომ საქმეები გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლის საფუძველზე, რაც “ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს.”
სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ “სასამართლო აქტივისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს იღებს.” ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ საქმეები მხოლოდ „საჯარო წესრიგის დარღვევას” უკავშირდება.
დაკავებულთა შორის შიდა ქართლიდან ორი მოქალაქეა – ვეფხია კასრაძე და ანატოლი გიგაური. ანატოლი გიგაურის საქმე “ადამიანის უფლებების დამცველების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან მასზე გავრცელებული ცნობებით დაკავებისას მის მიმართ, ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა მოხდა.” (ომბუდსმენის ოფისი გიგაურის საქმეში “საუბრობს შესაძლო წამების ნიშნებზე”).
კასრაძის განაჩენი და გიგაურის დაკავება, ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან ერთად, ადგილობრივ საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს, განსაკუთრებით გორში, სადაც ახალგაზრდები სოლიდარობის აქციებს ყოველდღიურად მართავენ.”
ამ დროისთვის საერთო სურათი ასეთია:
- 400-ზე მეტი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული პროევროპულ აქციებზე.
- 100-ზე მეტს დასჭირდა ექიმის დახმარება.
- 64%-მა (ომბუდსმენის მონაცემებით) არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა.
- 44%-ს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები.
ეს მონაცემები აჩვენებს, რომ სამართალდამცავთა ქმედებები ერთეულ შემთხვევებს სცილდება და სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.
საია-ს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) განცხადებით, 28 ნოემბრის შემდეგ, განვითარებული რეპრესიები “ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად” უნდა შეფასდეს.” საია აცხადებს, რომ “ეს აღარ არის მხოლოდ შემთხვევითი გადაცდომები. ჩვენ ვხედავთ სისტემურ ჩაგვრას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურად პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს”.
“ხელისუფლება მშვიდობიან პროტესტს სახელმწიფო საფრთხედ აღიქვამს.”
“ქუჩაში მდგომი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია: უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.”
“საზოგადოებაში იზრდება განცდა, რომ თავისუფალი სიტყვა და აზრის გამოხატვა პირდაპირ საფრთხეშია.”
ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეპრესიები პროევროპული აქტივისტების წინააღმდეგ მიუთითებს მზარდ ავტორიტარიზმსა და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე. მძიმე განაჩენები, ბრალდებების პოლიტიკური მოტივაცია და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, მათ შორის წამების შესაძლო ნიშნები, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შიდა ქართლის აქტივისტების, ვეფხია კასრაძისა და ანატოლი გიგაურის საქმეები,სხვა უკანონოდ დაკავებულ პირებტან ერთად, რეპრესიული პოლიტიკის სიმბოლოა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები ხაზს უსვამს არსებული ვითარების სიმძიმეს, რამაც გამოიწვია მოთხოვნა უკანონო პატიმრების გათავისუფლებისა და პოლიტიკური თავისუფლებების დაცვის შესახებ.