დღეს, 24 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კრიტიკული რეზოლუციის მიღება იგეგმება.
რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების ანგარიშს ეფუძნება.
დოკუმენტით საპარლამენტო ასამბლეა კვლავ იზიარებს წინა კრიტიკულ რეზოლუციებში გამახატულ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, წინა რეზოლუციის მიღების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გაგრძელდა, ისევე როგორც რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ ყოფილა შესრულებული.
„საქართველოში დემოკრატიის უწყვეტი რღვევა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ასამბლეის რეკომენდაციებზე ყოველგვარი რეაგირების არარსებობა სერიოზულ ეჭვს ბადებს ხელისუფლების სურვილზე, შეასრულოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრობის, ისე ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებები.
მიუხედავად ამისა, ასამბლეა ერთგული რჩება საქართველოს ხელისუფლებასთან, ისევე როგორც ქვეყნის ყველა სხვა პოლიტიკურ და სოციალურ ძალასთან ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის მიმართ. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს საერთო გაგებას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელსაც თან ახლავს უფლებები და მოვალეობები. ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები, ისევე როგორც მისი წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები და ამ ვალდებულებების სრულად შესრულების იმპერატიული აუცილებლობა, არ შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ ან გახდეს მოლაპარაკების საგანი“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ განზრახვა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ქვეყანაში ერთპარტიულ დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.
„საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის ინიციატივა და მათი ხელმძღვანელების სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით მიუღებელია. ასამბლეა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ კურსის გაგრძელება საქართველოში, ფაქტობრივად, დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას, რაც არღვევს არსებით დემოკრატიულ პრინციპებს და შეუსაბამოა ევროპის საბჭოს წევრობასთან. იგი დაჟინებით მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და შეწყვიტოს მათი ხელმძღვანელების უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე მძლავრი ზეწოლის, ისევე როგორც ქვეყანაში უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად, საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები.
ამიტომ, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტულად დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო აქტორის მონაწილეობით, რათა ქვეყანაში ხელახლა შეიქმნას ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო, ქართული საზოგადოების მკაფიო მოლოდინებისა და ამბიციების შესაბამისად.
რეზოლუციის პროექტი ყურადღებას ამახვილებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენების გზით და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
„პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომლის ერთადერთი მიზანი განსხვავებული აზრის ჩახშობაა, აჩენს პოლიტპატიმრების არსებობის საფრთხეს და შეუსაბამოა დემოკრატიულ საზოგადოებასთან და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებთან. ასამბლეა ამ თვალსაზრისით, სახელმძღვანელო პრინციპად იხსენებს თავის რეზოლუციას 1900 (2012) „პოლიტპატიმრის დეფინიცია“. ამ კონტექსტში, იგი ღრმად წუხს ოპოზიციის ლიდერებისა და სხვების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული განაჩენების გამო, აშკარად შეთითხნილი ბრალდებებით“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გააუქმოს ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა. კერძოდ, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ასამბლეა კიდევ ერთხელ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შეიცვალოს სრულიად ახალი კანონით, რომელიც შემუშავდება ევროპის საბჭოსთან მჭიდრო კონსულტაციით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი შესაბამისობა ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
ასამბლეა კვლავ აღნიშნავს, რომ დინამიკური და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია გამართულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის.
„სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და წარმოადგენს დემოკრატიული ექსპერტიზის სასიცოცხლო წყაროს. ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს იმ მზარდად შევიწროებული სივრცის გამო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებას უწევს ფუნქციონირება, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელებსა და დამოუკიდებელ მედიაზე მიმდინარე თავდასხმებს, მათ შორის სადავო კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების გზით. პირველ ნაბიჯად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი, „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ბოლო ცვლილებებთან ერთად, უნდა გაუქმდეს, სამართლებრივი გზით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ასამბლეა შეშფოთებულია ბოლო დროს გატარებული განათლების რეფორმების გავლენით აკადემიურ თავისუფლებაზე საქართველოში.
„უზრუნველყოფილი უნდა იყოს აკადემიური წრეების დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, კორუფციასთან დაკავშირებული გასაგები შეშფოთების გასაქარწყლებლად, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მექანიზმი იმ საუნივერსიტეტო აქტივების პრივატიზაციის სამართავად, რომლებიც შესაძლოა ზედმეტი გახდა ახალი რეფორმის „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ შედეგად“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს იმის გამო, რომ, მისი მრავალი საწინააღმდეგო მოწოდების მიუხედავად, არ ჩატარებულა სარწმუნო გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოვლენილ სისასტიკესა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე, ისევე როგორც მრავალრიცხოვან ცნობებზე მომიტინგეთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მათი დაკავებისა და პატიმრობის დროს. იგი მხედველობაში იღებს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) ბოლო ანგარიშს, რომელიც ეხება საქართველოში 2024 წლის 18-დან 29 ნოემბრამდე და 2025 წლის 21-დან 22 იანვრამდე პერიოდულ ვიზიტებს და იზიარებს მასში გამოთქმულ სერიოზულ შეშფოთებას. იგი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომ თბილისში საპროტესტო აქციის დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერებები იქნა გამოყენებული.
„სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სარწმუნო, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ზოგადი ზომები საქმეებზე: „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „მახარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ისევე როგორც სასამართლოს ყველა სხვა 77 გადაწყვეტილებაზე, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან დამაკმაყოფილებელ აღსრულებას“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ასამბლეა მხედველობაში იღებს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნული ექსპერტის ანგარიშს, რომელიც ეუთოს 24-მა მონაწილე სახელმწიფომ აამოქმედა. იგი სრულად იზიარებს მის მიგნებებსა და დასკვნებს, რომლებიც ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ. იგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.
„ამ კონტექსტში, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლით გათვალისწინებული, და მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ ყველა სახელმწიფოს, განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საჩივრების წარდგენა კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ საქართველომ სრულად პატივი სცეს ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ყველა სტანდარტსა და ვალდებულებას. იგი წუხს, რომ დღემდე არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ამ მექანიზმების გამოყენება“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტს რამდენიმე შესწორებაც დაემატა. ერთ-ერთი შესწორება ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებზე პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და გმობს ღირსების შემლახველ მოპყრობას, რომელსაც იგი, გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებისას დაექვემდებარა.
რეზოლუციის პროექტში ასევე დაემატა შესწორება მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
„ასამბლეა მწვავე შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გაგრძელებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გამო, რომელიც პოლიტპატიმრადაა აღიარებული 2022 წელს მიღებულ რეზოლუციაში – „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეუწყოს ხელი მის საზღვარგარეთ გადაყვანას დამოუკიდებელი, სპეციალიზებული სამედიცინო მკურნალობისთვის“, – ნათქვამია შესწორებაში.
კიდევ ერთი შესწორების თანახმად, „ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სატრანზიტო ჰაბად რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის“.
„მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის, მიკროჩიპებისა და სანქცირებული სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტის მკვეთრი ზრდა წარმოადგენს რუსეთის სამხედრო აპარატის შეზღუდვისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის პირდაპირ ძირგამომთხრელ ქმედებას. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეუერთდეს დაწესებულ შეზღუდვებს, შეწყვიტოს ტვირთების საბოლოო დანიშნულების ადგილის შენიღბვის ხელშეწყობა და დააწესოს მკაცრი, გადამოწმებადი საბაჟო კონტროლი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია შესწორებაში.
რეზოლუციის პროექტში კიდევ ერთი შესწორება შევიდა საქართველოდან გაძევებულ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის შესახებ.
„ასამბლეა გმობს ტრანსნაციონალური რეპრესიის ბოლოდროინდელ აქტს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ, რომლის დეპორტაციაც საქართველოდან დაჩქარებული წესით განხორციელდა 2026 წლის 5 აპრილს, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიებისა, რომელიც კრძალავდა მის აზერბაიჯანში გაძევებას. ეს მოჰყვა მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დროებით შეწყვეტას, რაც, საქართველოს მთავრობის განმარტებით, საფუძვლად დაედო ექსტრადიციის პროცესის ოფიციალურად შეჩერებასა და მის დაჩქარებულ დეპორტაციას აზერბაიჯანში. ამის მიუხედავად, იგი იმავე საფუძვლით კვლავ დააკავეს აზერბაიჯანში 2026 წლის 8 ივნისს“, – ნათქვამია შესწორებაში.
კიდევ ერთი შესწორებით ასამბლეა ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის მიმდინარე მილიტარიზაციაზე და იმ პირდაპირ საფრთხეზე, რომელსაც რეგიონულ სტაბილურობას უქმნის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოჩამჩირის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის დაგეგმილი მშენებლობა. როგორს შესწორებაშია აღნიშნული, ეს საფრთხეს უქმნის სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო სავაჭრო გზებს და საქართველოს სუვერენულ ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიაში ითრევს.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·