საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ციკლის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში ჩვენს გუნდს ჰაერივით საჭირო ორი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი არ ეყოლება.
ჩაკვეტაძის დანაკლისის შესახებ უკვე დიდი ხანია ვიცით და სანიოლს საფიქრელად საკმარისი დრო ჰქონდა კიდეც, მაგრამ კიტეიშვილის ტრავმა უკანასკნელ დღეებში დადასტურდა, ეს კი საქართველოს მწვრთნელს ახალი გეგმის შემუშავებისკენ უბიძგებს.
ვილი სანიოლი ოპტიმალური შემადგენლობისას ნახევარდაცვის სამეულს ქოჩორაშვილით, კიტეიშვილით და ჩაკვეტაძით აკომპლექტებდა, ახლა კი უკანასკნელი ორის შეცვლა მოგვიწევს, საამისოდ კი ორი გზა არსებობს, საიდანაც ერთი სარისკოა, მეორე კი უფრო უსაფრთხო.
მაგალითისთვის, სანიოლს შეუძლია, რომ 3-4-2-1 ტაქტიკა შეარჩიოს, ცენტრში ქოჩორაშვილს ანზორ მექვაბიშვილისა და ნოდარ ლომინაძის დუეტიდან ერთ-ერთი შეუწყვილოს, დანარჩენი შემადგენლობა კი ჩვეულებრივ დააკომპლექტოს. ცხადია, ეს ვარიანტი ნახევარდაცვის რაოდენობრივი სიმცირის გამო სარისკოა, თუმცა ამ სქემით ნაკრებს შეტევაში ფეხბურთელი არ მოაკლდება და თუ ვამბობთ, რომ თურქეთთან გამარჯვება გვჭირდება, შესაძლოა ეს რისკი გამართლებულიც იყოს.
უფრო უსაფრთხო ვარიანტია 3-5-1-1 ან 3-5-2 სქემის გამოყენება, სადაც ნახევარდაცვის ცენტრში კვლავ სამი ფეხბურთელი გვეყოლება. ამ შემთხვევაში ძირითადში მექვაბიშვილსაც უნდა ველოდოთ და ლომინაძესაც. ამ სამეულით ნაკრების დაცვითი პოტენციალი გაიზრდება, რაც კარის მშრალად შენახვაში დაგვეხმარება, თუმცა შეტევის თვალსაზრისით, დაღმასვლა გვექნება.