01.10.2026
დღეს, პირველ ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 14 წელი გავიდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით, მათ შორის პრესის თავისუფლების ხარისხით თავს იწონებენ.
თუმცა საპირისპიროს მოწმობს ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები, რომლებიც ქვეყნების დემოკრატიულობის ხარისხს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებენ, რომელთა შორისაცაა ქვეყანაში არსებული პრესის თავისუფლების დონეზეც. „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-14 წლისთავს საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი ისტორიულ მინიმუმზეა. ქვეყანა გლობალურ რეიტინგში 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილზეა.
მაგალითისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც კი, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკუთარ შედეგებს მუდმივად ადარებს, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 120-ე ადგილი იყო.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველ ორ ვადაში ქვეყანაში პრესის თავისუფლების ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეც იყო და 2019-2020 წლებში საქართველო გლობალურ რეიტინგში მე-60 ადგილსაც კი იკავებდა იკავებდა.
თუმცა 2013 წლიდან 2026 წლამდე პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ 35 ადგილით უკან გადაინაცვლა. ხოლო თავის საუკეთესო შედეგთან შედარებით, რომელსაც ქვეყანა 2019-21 წლებში აჩვენებდა (როდესაც მე-60 ადგილს იკავებდა) საქართველო 75 ადგილით ჩამოქვეითდა.
საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი 2012 წლიდან 2026 წლამდე ასე გამოიყურება:
- 2011-2012 წლების მონაცემების მიხედვით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 105-ე ადგილზე იყო 38 ქულით.
- 2013 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსით ქვეყანამ გლობალურ რეიტინგში მე-100 ადგილზე აიწია 69.91 ქულით.
- 2014 წელს პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 84-ე ადგილზე იყო 70.22 ქულით.
- 2015 წელს საქართველო 69-ე ადგილს იკავებდა 72.30 ქულით.
- 2016 წელს საქართველო 64-ე ადგილზე იყო 72.04 ქულით.
- 2017 წელს საქართველო 64-ზე ადგილზე 72.24 ქულით.
- 2018 წელს საქართველო 61-ე ადგილზე იყო 72.66 ქულით.
- 2019 წელს საქართველომ პრესის თავისუფლების გლობალურ ინდექსში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და მე-60 დაიკავა 71.02 ქულით.
- 2020 წელს საქართველო მე-60 ადგილზე იყო 71.41 ქულით.
- 2021 წელსაც საქართველო მე-60 ადგილზე 71.36 ქულით.
- 2022 წელს საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი 29 ადგილით დაქვეითდა და ქვეყანამ გლობალურ რეიტინგში 89-ე ადგილზე გადაინაცვლა, 59.30 ქულით.
- 2023 წელს საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და ქვეყანა 77-ე ადგილზე იყო 61.69 ქულით.
- 2024 წლიდან პრესის თავისუფლების ინდექსმა საქართველოში შეუქცევადი კლება დაიწყო. ამ წელს ქვეყანა 103-ე ადგილზე ჩამოქვეითდა 53.05 ქულით.
- 2025 წელს საქართველო 114-ე ადგილზე ჩამოვიდა 50.53 ქულით.
- 2026 წელს პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს რეიტინგი ისტორიული მინიმუმზეა და ქვეყანა 135-ე ადგილზეა 40.77 ქულით.
netgazeti