როგორ იქცა გაფუჭებული ხილი დეჰიდრატორის გამოგონების იდეად?!

2 months ago 40

საკუთარი თავის და საქმის მუდმივ, დაუღალავ რეჟიმში ძიებამ ჩემი რესპონდენტი გამომგონებლად და ინოვატორ მეწარმედ აქცია. მანამდე ბევრი სფერო და სამსახური იყო, თუმცა, ყველაზე დიდი ინტერესი და ვნება, ბევრი წლის შემდეგ, მეწარმეობაში იპოვა. ბადრი ციქუბაძე გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ერთხელაც, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფს, აზრად ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარის შექმნა მოუვიდა და საწარმო „ენლილი“ დააარსა. მის სამეწარმეო ანგარიშზე ასსამოცდაათამდე დეჰიდრატორი და ბევრი კმაყოფილი კლიენტია.

როგორც თავად ამბობს: „არ არსებობს უმნიშვნელო საქმე, ნებისმიერ მოქმედებას მოსდევს ხილული თუ უხილავი შედეგი. შეეცადე იყო შენთვის საყვარელ სფეროში, მიიღო გამოცდილება, გაიცნო საინტერესო ადამიანები, დაუშვა შეცდომები, თავს უფლება მიეცი ფუფუნების, მოგზაურობის და თავგადასავლების, ხშირად გაიღიმე და შეაქე საკუთარი თავი მცირედი მიღწევისთვისაც კი.“

არ დანებება და წინააღმდეგობებისგან მოტივაციის მიღება მისი ძლიერი მხარეა. წინ ბევრი საინტერესო პროექტი და ახალი გამოგონება აქვს.

ბადრი ციქუბაძე: სკოლის ასაკში არქეოლოგობა მინდოდა, მოზარდობაში იურიდიული განათლება ავირჩიე და გავყევი კიდეც მაგისტრის ხარისხამდე. შუალედში ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, ბედი სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვცადე, ბოლოს ჩემი ინტერნეტ გამომცემლობა ,,იბერიანიუსი’’გავაკეთე.

არასამთავრობო სექტორშიც ვიყავი, რამდენიმე ორგანიზაციაში ვიმუშავე. შემდეგ, ჩემი ორგანიზაცია – “მომავლის ინიციატივა“ დავაფუძნე. ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელე გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო მიმართულებით, მაგრამ არც აქ იყო ჩემი საბოლოო დანიშნულების წერტილი.

საჯარო სამსახურში ჯერ იურისტად და შემდეგ საფინანსო მიმართულებით ვცადე ძალები. საბოლოოდ, ყველაფერი მივატოვე და მეწარმეობას მოვკიდე ხელი. ყველა საქმე, რაც ვცადე თავისებურად საინტერესო იყო და დიდი გამოცდილება მომცა, რომ აღარაფერი ვთქვათ სანაცნობო წრის უკიდურესად გაფართოებაზე, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესი და ვნება ზუსტად მეწარმეობამ მომიტანა.

– ბადრი, ეს ნამდვილად ის საქმეა, რასაც ამდენი ხანი ეძებდით და რა არის ის ინტერესი და ვნება, რაც მეწარმეობას თან ახლავს?

– ყველგან, სადაც ვიყავი, მეგონა, რომ ეს იყო ბოლო, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ იყო ბოლო, ინტერესები გზადაგზა იცვლებოდა. ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, სულ ძიებასა და კვლევაში ვარ და მუდმივად ასე იქნება. მეწარმეობა აქედან ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპია, სადაც შესაძლოა ცხოვრების ბოლომდეც კი გავჩერდე. ერთფეროვნებას და რუტინულ საქმიანობას ვერ ვიტან, მეწარმეობა კი მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა. ვნება, რაც ამ საქმეს თან ახლავს, საკუთარ გადაწყვეტილებებზე ასი პროცენტით პასუხისმგებლობაა. საწყის ეტაპზე ეს ძალიან გაშინებს, რადგან არ იცი რა იქნება. შენ უბრალოდ ასე გასწავლეს, რომ რაღაცების უნდა გეშინოდეს და აზრი ვიღაც ჭკვიანს უნდა ჰკითხო. არადა, ზუსტად მეწარმეობა გასწავლის იმას, რომ შენს საქმეში შენზე ჭკვიანი არავინ არის, იმის მიუხედავად რომ გამოუცდელი ხარ. სწორედ იმ გადადგმულმა ნაბიჯებმა და შეცდომებმა უნდა გასწავლონ სწორი გზა. ისეთი შეცდომა არ არსებობს, რომლის გამოსწორებაც არ შეიძლება. ერთადერთი გამოუსწორებელი ფიზიკური არსებობის შეწყვეტაა, დანარჩენი გამოსწორებადი და ჩანაცვლებადია. აქ სულ სხვა განზომილებები არსებობს, რომელიც უნდა აღმოაჩინო და ამ მიმართულებებით სიარულიც საინტერესოა.

– როდის და რა ცოდნით ააწყვეთ ხილ-ბოსტნეულის პირველი საშრობი დანადგარი- „ენლილი“? და ზოგადად საიდან გაგიჩნდათ ამ აპარატის გამოგონების და შექმნის იდეა?

– პირველი დანადგარი სამი წლის წინ შევქმენი. თავიდან ვერ ვაკავშირებდი ერთმანეთს, რა შუაში იყო, ჯერ ბიომეურნეობა, შემდეგ ჩირის და ბოლოს აპარატის წარმოება. ახლა, ამ გადმოსახედიდან, ძალიან დიდი ბმა არის მათ შორის და ყველა მათგანი საჭირო იყო.

რაც შეეხება ცოდნას, ბავშვობიდან კონსტრუირებით ვარ დაინტერესებული. დანადგარი უფრო გარემოებამ ამაწყობინა. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ყველა სფეროს მიმართ ინტერესი დავკარგე, ყველანაირ სამსახურს დავანებე თავი და წამოვედი, რაც ავტომატურად შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავდა, არც დანაზოგი გამაჩნდა. ასე ვიცხოვრე, ჩემი ბიომეურნეობით, დაახლოებით ერთი წელი. ჩემს მიერ მოყვანილი ხილ-ბოსტნეულით. გარეულ მცენარეებს ვაშრობდი და ზამთარში ამით ვიკვებებოდი. უამრავი რამ არის- ბაღებში, მინდვრებში, ტყეებში, რომლის მიღებაც შეიძლება. ამან კიდევ ერთი გამოცდილება მომცა, თურმე ფინანსური რესურსის არქონის პირობებში თავის გატანა შესაძლებელია, რაზეც მანამდე ვერც ვიფიქრებდი, იმდენად დამოკიდებული ვართ მზა პროდუქტზე. ჯანმრთელობის ფასიც და გემოც მაშინ გავიგე, როცა ამ მცენარეების შეგროვება, გაშრობა და გამოყენება დავიწყე.

ბაზარზე ბიოპროდუქტი ჯერ კიდევ არ არის პოპულარული. საბაზრო ღირებულება იმდენად დაბალია, გინდა ბიო გაიტანე, გინდა შხამით მოწამლე ერთი და იგივე ფასს იძლევიან. ამიტომ გადავწყვიტე, ჩირის სახით, მაღალღირებული პროდუქტის წარმოება დამეწყო. იდეაც სწორედ ხილის გაფუჭებიდან წამოვიდა. ჩირის საშრობი აპარატების ფასი რომ გავიკითხე, ისეთი ძვირი მითხრეს, რომ მივედი იმ აზრამდე, ბავშვობის გატაცება გამომეყენებინა კონსტრუირების თვალსაზრისით და თვითონ მეცადა გაკეთება. პირველ ეტაპზე სასურველი შედეგი ვერ მივიღე. ინფორმაცია ინტერნეტშიც მოვიძიე და რამდენიმე მეწარმესთან ადგილზეც ვნახე. გავერკვიე სისტემაში და გადავწყვიტე, არა კოპიო, არამედ ჩემი დიზაინით გამეკეთებინა. ვინაიდან ფული არ მქონდა პირველი დანადგარი ჯართში შეგროვებული ნაწილებით ავაწყვე. ხშირად ვამბობ ხოლმე, ყველაფერი მარტომ, ცარიელი ხელებით გავაკეთე მეთქი, მაგრამ ამ ცარიელი ხელების უკან ადამიანები იდგნენ. ერთმანეთის თანადგომის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. პირველი აპარატი ჩემმა მეგობარმა ქალბატონმა ორი ათას ლარად შეიძინა. ამდენი ფული ერთიანად დიდი მოტივაცია იყო, სიხარულით დავფრინავდი. წავედი და შემდეგი აპარატების ნაწილები შევიძინე. ჩემი სამეწარმეო საქმიანობა ავტოფარეხიდან დავიწყე. ახლა საწარმოს ვაშენებ, რომელიც მალე დასრულდება.

– რა უპირატესობებით გამოირჩევა თქვენი აპარატი, ჩვენს ბაზარზე არსებული სხვა აპარატებისაგან? ზემოთ აღნიშნეთ, იმდენად ძვირი დამიფასეს ვერ გავწვდიო. თავად რამდენად ხელმისაწვდომ დეჰიდრატორებს აწარმოებთ?

– ჩემი აპარატის უპირატესობაა- ხელმისაწვდომი ფასი, მოქნილი დიზაინი, ენერგოეფექტურობა, ხილის შრობის ინტენსივობა და ხარისხი, რაც ბუნებრივ პირობებთან შესაბამისობაშია. აპარატების უმრავლესობა მაღალ ტემპერატურაზე აშრობს, ანუ პროდუქციას ხარშავს. შესაბამისად ამ პროდუქტებში, კვებითი ღირებულება და გემოვნური თვისებები ძალიან დაბალია. მხოლოდ ტექნიკური მასალა რჩება. ჩვენთან კი, ბუნებრივი პირობების შესაბამის გარემოში, დაბალ ტემპერატურაზე ხდება შრობა. სისტემა ინტენსიური, ცივი და ცხელი ჰაერის დაქროლვის პრინციპთ მუშაობს, სწორედ ესაა მისი უნიკალურობა. აპარატს- „ენლილი“ ამის გამო დავარქვი, იგი შუმერული ქარის ღვთაების ღმერთი იყო. სიახლეა ისიც, რომ მოწყობილობა სენსორებით არის აღჭურვილი და მართვის უზრუნველყოფა უმაღლეს დონეზეა. გამოირჩევა ელექტროენერგიის დაბალი მოხმარებით, რაც პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება და შესაბამისად მეწარმისთვის მომგებიანია. ეკომეგობრულია, არ ვიყენებთ წარმოებაში წყალს, ნარჩენებს მეორად წარმოებაში ვუშვებთ ან სკოლებს ვაძლევთ და ბავშვები სხვადასხვა საინტერესო ნივთებს ამზადებენ. ჩვენთვის ნარჩენები მათთვის ძვირფასი მასალაა.

– დღევანდელი გადასახედიდან, შეგიძლიათ თავისუფლად თქვათ, რომ თქვენს მიერ შექმნილი აპარატი იდეალურია?

-იდეალური დღეისთვის არის, თორემ ხვალ და ზეგ კიდევ შეიცვლება და გაუმჯობესდება. ამ დანადგარების მუდმივი განახლება მიმდინარეობს. ბევრი კმაყოფილი კლიენტი ჰყავს ჩემს აპარატს. ასეთი წესი დავნერგე, ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ჩემს მომხმარებლებს ვურეკავ და ვეკითხები რამეს თუ შეცვლიდნენ, ან დაამატებდნენ, აპარატის გაუმჯობესების მიზნით. სხვადასხვა მიმართულებით მაძლევენ რჩევა-მითითებებს. მათი დახმარებითაც იხვეწება შემდგომი აპარატები. ბოლო მოდელები უკვე არის იდეალური.

– თუ გაქვთ გეგმაში მისი ექსპორტზე გატანა?

– რა თქმა უნდა სამომავლო გეგმაში შედის, თუმცა ჯერ საქართველოს ბაზარიც არ გვაქვს საკმარისად ათვისებული. ასეთი პროდუქცია საკმაოდ დეფიციტურია. მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს სოფელში, შესაბამისად, მათ მიერ მოყვანილი პროდუქტის უმრავლესობა ფუჭდება, რადგან ვერ იყიდება, ან ძალიან დაბალი ღირებულება აქვს, ფასის მატების ლოდინში კი, ხილ-ბოსტნეული ფუჭდება და იყრება, რასაც გადამუშავების პირობებში, შეიძლება საკმაოდ დიდი შემოსავალი მოეტანა. გარდა ამისა, ჩირის აპარატები კი გავიტანეთ ბაზარზე, მაგრამ მომხმარებელთა უმეტესობა ჯერ ისევ მამაპაპურ მეთოდებს იყენებს ჩირის გასაშრობად. დიდი რაოდენობით წარმოებას სხვა ცოდნა, ტექნოლოგიები და საწარმოო უნარების განვითარება სჭირდება. ასევე, საჭიროა მათი ცნობიერების ამაღლება წარმოების, თანამედროვე სტანდარტების და ტექნოლოგიების მიმართულებით. ამიტომ აპარატების მიწოდებასთან ერთად კონსულტირებასაც ვახდენთ, იმას, რაც მე მოვიპოვე ძალიან დიდი წვალების ფასად, ვუზიარებ ამ ადამიანებს, ამის შემდეგ ბევრად სწრაფად აღწევენ მიზანს.

– როგორც თქვით, თქვენი სამეწარმეო საქმიანობა ავტოფარეხიდან დაიწყეთ და ახლა აშენებთ საწარმოსთვის შენობას, ამ საწარმოში მხოლოდ დანადგარები უნდა აწარმოოთ თუ ჩირის წარმოებასაც აპირებთ? და რა წვლილი მიუძღვის თქვენი საწარმოს გაფართოებაში იმ გრანტებს, რომლითაც თქვენი ორი პროექტი დაფინანსდა?

– მცირე ზომის საწარმოს ჩემი რესურსით ვაშენებ. მათ უბრალოდ ტექნიკა შემიძინეს. ეს გრანტები ძალიან ეხმარება ადამიანს, თუმცა ძნელად მოსაპოვებელია. საწარმოს მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება. მშენებლობის შემდეგ, ყველაზე დიდი პროცესი საწარმოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ამ ყველაფერს ისე ვუდგები, როგორც უკვე დიდ ბიზნესს. ამ ეტაპზე მხოლოდ აპარატების და მათი დამხმარე ტექნიკის წარმოებით შემოვიფარგლებით. ჩირის წარმოება საინტერესო, მომგებიანი და პერსპექტიული საქმეა. მაგრამ რადგან ამ ეტაპზე სახსრების ეკონომიის თვალსაზრისით, ყველა ფუნქციას მე ვითავსებ, ჯერჯერობით ამ მიმართულებით ვერ ვიფიქრებ, მანამ სანამ არ მექნება ღირსეული ანაზღაურების გადახდის შესაძლებლობა, როგორც ფინანსური, ასევე სამუშაო სივრცის მოწყობის თვალსაზრისით.

– თქვენ გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობთ, სადაც საკუთარი ბიომეურნეობა გაქვთ, რისი დამსახურებითაც საკმაოდ ჯანმრთელად და მხნედ ვგრძნობ თავსო ამბობთ. რა შეგრძნებაა, როდესაც საკუთარი ხელით მოყვანილ ხილ-ბოსტნეულს მიირთმევ?

– სიამაყის გრძნობა გაქვს ამ დროს. ნამატ პროდუქტს სხვასაც სიამოვნებით ვუზიარებ ხოლმე. ამ ეტაპზე დიდ დროს ვეღარ ვუთმობ მეურნეობას, რადგან წარმოებაზე გადავერთე, ბევრ რამეზე ვანაწილებ ენერგიას. შესაბამისად, მცირე რაოდენობით მომყავს ხილ-ბოსტნეული, მათ შორის, კენკროვანებიც. გორში ვცხოვრობ, თუმცა სოფელი ეგრეთწოდებული გამყოფი საზღვრის პირას მაქვს, ჩემი სახლის გვერდით რუსეთის ბაზაა, ამიტომ იქ ეკონომიკური საქმიანობის საშუალება არ მეძლევა. ქალაქგარეთ, სადაც საწარმოს ვაშენებ, სახლიც მინდა ავაშენო. იქ გადასვლა ჩემთვის საინტერესო ცვლილება იქნება.

– მუდმივად არ დანებების და სიახლეების ძიების პროცესში ხართ, რაც ცხადია დიდ ენერგიას მოითხოვს, საიდან იღებთ მოტივაციას?

– აღმოვაჩინე, რომ რაც მეტი წინააღმდეგობა მხვდება, მით მეტი მოტივაცია მაქვს. მაგრამ ისიც აღმოვაჩინე, რომ თუ წინააღმდეგობა არ მხვდება, ჩემში არსებობს რაღაც მექანიზმი, როდესაც საქმეს მაინც გავაგრძელებ, თუმცა წინააღმდეგობის შემთხვევაში ეს უფრო ეფექტურად ხდება.

– მუდმივად დაკავებული ხართ პიროვნული ზრდის ტრენინგებით, რას გაძლევთ და რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში ამ ტრენინგებს?

– ეს ტრენინგები რეალურად გარედან მიღებული ინფორმაციაა, მაგრამ რაღაც დონეზე ვხვდები, რომ ყველაზე დიდი ინფორმაცია, რაც უნდა მივიღო, ჩემშია, მაგრამ თურმე აქამდე მისვლასაც ნიჭი და ცოდნა სდომებია. როცა რეალურად არ გაქვს ამდენი რესურსი, ამიტომ ეს ცოდნა სხვისგან უნდა მიიღო და მეც ვიღებ სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე, ძირითადად საკუთარ თავში ჩაღრმავებით ვარ დაკავებული და რაც უფრო მეტად ვუღრმავდები, მით მეტად ცხადი ხდება გარშემო ყველაფერი, მით მეტად ცნობ ადამიანებს და ეს ძალიან კარგია. პიროვნული ზრდით საკუთარ თავზე კონცენტრირდები, სიმშვიდეს და დაკვირვებას სწავლობ. შემდეგ ყველაფერი ეფექტური ხდება.

– როგორ მოათვინიერეთ სიზარმაცე და საქმის გადადების ჩვევები? თქვენი პოსტიდან ვიცი, რომ სერიოზულად ებრძოდით ამ მავნე ჩვევას.

– მოთვინიერებას მაინც ვერ დავარქმევ, რადგან სამუდამოდ ვერაფერს გადაჭრი, უბრალოდ, მათთან ერთად თანაცხოვრება და ამ მავნე ჩვევების მართვა უნდა ისწავლო. სიზარმაცე ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაშია. უნიკალურს და გამორჩეულს ვერაფერს ვიტყვი, ყველას რომ გამოადგეს. ადამიანი, მავნე ჩვევებთან დაკავშირებით რადიკალური არ უნდა იყოს. ჩვენს ფსიქიკას და ორგანიზმს ძალიან უჭირს რადიკალურ ცვლილებებზე ადაპტირება. ადრე ერთი ასეთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, ადუღებულ წყალში ბაყაყი ჩასვეს და ამოხტა, შემდეგ ჩასვეს ცივ წყალში და ნელ ნელა აუწიეს ცეცხლს, ისე მოიხარშა რომ არ გაინძრა. ამას მასების მართვის მიმართულებით ძალიან კარგად გამოიყენებენ პოლიტექნოლოგები. მაგრამ ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ცნობიერების, ასევე მავნე ჩვევების მართვისთვის.

– პოსტში წერთ რომ ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“ იყო ის წიგნი, რომელმაც მოგცათ შთაგონება, ნებისმიერი დაწყებული საქმე ბოლომდე მიგეყვანათ. რა წიგნს ურჩევდით მოტივაციის ამაღლების მსურველ ადამიანებს, ან თუნდაც დამწყებ მეწარმეებს?

– ბრაინ თრეისი ერთ-ერთი საინტერესო ეტაპი იყო ჩემთვის. საქმეს რომ ვიწყებთ, გონება ყოველთვის იოლი საქმის გაკეთებისკენ გაგვირბის. თუ შეეჩვევი იმას, რომ რთული საქმეებით დაიწყო, მერე ძალიან იოლია. ჩემი დაკვირვებით ვიტყვი, რომ ყველას არ სჭირდება მოტივაცია, არც პიროვნული განვითარება, ძალიან კარგად გრძნობს თავს იქ, სადაც არის. ახალგაზრდებს რიჩარდ ბახის- „თოლია ჯონათან ლივინგსტონის“ წაკითხვას ვურჩევდი. მასში იმდენად დიდი აზრი დევს, სკოლის მოსწავლემაც შეიძლება იქ საკუთარი თავი იპოვოს და ასე ვთქვათ, გასხივოსნებულმა ბერმაც. მეწარმეებს ან ბიზნესის დაწყების მსურველებს, იგივე ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყს“ ვურჩევდი, თუმცა ბევრად მნიშვნელოვანი წიგნებიც არსებობს. საწყის ეტაპზე ზედმეტი ფილოსოფიის კითხვა არ არის საჭირო, სჯობს ბიზნესლიტერატურით დაიწყონ, სადაც უფრო ტექნიკური საკითხებია განხილული, ვიდრე ფილოსოფიური.

– როგორ მივაღწიოთ წარმატებას?

– ნებისმიერი ადამიანი უკვე წარმატებულია და ეს უნდა იპოვო საკუთარ თავში. ამისთვის ძიება და დანახვაა საჭირო. დანახვაში ვგულისხმობ მადლიერებას. მადლიერება, სიყვარული და აღიარება უნდა შემოუშვა შენში, როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფი ადამიანების. მე თუ წინააღმდეგობები მაძლევს ბიძგს, სხვასთან შეიძლება პირიქით იყოს, ამიტომ ინდივიდუალურია. წარმატების უნიკალურ ფორმულას ვერ გამოვიყვან. ვფიქრობ, ცხოვრება თვითონ გიქმნის შენთვის შესაბამის პირობებს.

– საკუთარი გამოცდილებიდან, ბიზნესის დასაწყებად რა არის აუცილებელი და რა მთავარი უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ბიზნესმენს?

– ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია იდეა და წვა. იდეა რომ ეს უნდა გავაკეთო და რწმენა, რომ ამ საქმის გაკეთებით რაღაცას მიიღებ. ეს რაღაცა ყველასთვის განსაკუთრებულია. ზოგისთვის არის აღიარება, ან თვითრეალიზაცია. აღიარება თვითრეალიზაციის ნაწილია. მოვა თუ არა იდეა, დაიწყეთ არა მხოლოდ ფიქრი მის განხორციელებაზე, არამედ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ნებისმიერ იდეას თავისი დრო გააჩნია. შენ სანამ ინფორმაციას და რესურსებს მოიპოვებ ეს დრო გადის და არაეფექტური ხდება ამ იდეის განხორციელება, შესაბამისად, ვერც განხორციელდება. ამიტომ როცა იდეა მოვა, არ დაიწყო რესურსების დალოდება, დაიწყე ქმედება და მოძრაობა.

– ბადრი, თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის? რა იქნება თქვენი შემდეგი გამოგონება?

– ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს. აქედან ერთი მიმართულება არის მზის ენერგიაზე მომუშავე ჭკვიანი დეჰიდრატორის შექმნა. რადგან საქართველოს ბაზარზე მსგავსი აპარატების დეფიციტია, იმპორტი კი ძალიან ძვირი ჯდება. ეს იქნება დიდი მოცულობის დეჰიდრატორი, რომლის გამოყენებაც მრავალპროფილური მიმართულებით იქნება შესაძლებელი. აღჭურვილი იქნება მზის პანელებით, პარალელურად ელემენტებით, რომელიც დღის განმავლობაში ელექტრო ენერგიას შეინახავს და ღამის განმავლობაში უკვე სივრცის გასათბობად გამოიყენებს. აღჭურვილი იქნება სენსორებით, რომელიც შენგან დამოუკიდებლად, თუნდაც შენს სმარტფონზე, ვიდეო გამოსახულებას მოგაწვდის შიგნით არსებული სიტუაციის, ასევე ტემპერატურის და ტენიანობის შესახებ. ნებისმიერი მეწარმისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება, ადამიანს მუდმივად აპარატთან არ მოუწევს ჯდომა, მითუმეტეს რომ ჩირის წარმოებას ზოგ შემთხვევაში ორ დღემდე სჭირდება. საკუთარი სმარტფონის საშუალებით, ნებისმიერი ადგილიდან შეეძლება აკონტროლოს მდგომარეობა, ჩართოს, ან გამორთოს ესა თუ ის აგრეგატი.

ვფიქრობ, წინ ძალიან შრომატევადი საქმე მელოდება. ახლა ამ პროექტზე ფიქრით ვარ დაკავებული, ყველგან კალამი მიდევს, საწოლთან, მანქანაში, აქტიურად ვაკეთებ ჩანიშვნებს და ნახაზებს. სამომავლო გეგმებში საწარმოს გვერდით კიდევ ორი შენობის აშენება შედის. აქედან ერთი იქნება სასაწყობე, მეორე საჩვენებელი, სადაც როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე ის ბატონები და ქალბატონები, რომლებიც წარმოებით არიან დაინტერესებულნი ადგილზე გაეცნობიან, როგორც წარმოების ტექნოლოგიებს, ასევე იმ საწარმოო ტექნიკას, რომელიც აუცილებელია შრომის გაიოლებისთვის და წარმოების ეფექტურობის გაზრდისთვის.

როდესაც ბიზნესს იწყებ, გათვლა არა მხოლოდ შენს ქვეყანაზე, არამედ მსოფლიო ბაზრის მასშტაბით უნდა გააკეთო.

ავტორი: ნინო გონგაძე

ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარის შეძენა შეგიძლიათ

„ენლილის“ ონლაინ მაღაზიის გვერდზე- https://shorturl.at/yFINR

The post როგორ იქცა გაფუჭებული ხილი დეჰიდრატორის გამოგონების იდეად?! appeared first on ჟოლო.

სრულად წაკითხვა