საქართველოში, პროევროპული აქციების მონაწილეები სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ობიექტები არიან. დემონსტრანტებზე ძალადობის ამგვარი პრაქტიკა არახალია და ის გვხვდებოდა 2020 წლის აქციების დროს ბელარუსშიც – ეს არის სამოქალაქო ორგანიზაციების ძირითადი მიგება კვლევისა, რომლის ფარგლებშიც დემონსტრანტების დაზიანებები შეისწავლეს.
ორგანიზაციებმა, გარდა უშუალოდ დემონსტრანტების მონაყოლისა, შეისწავლეს სასამართლო-სამედიცინო შეფასებები. სამედიცინო დასკვნები მოწმობს, რომ დემონსტრანტებს სამართალდამცველები, ძირითადად, თავისა და სახის არეში ურტყამდნენ. მათ უმეტესობას დამტვრეული აქვს თვალისა და ცხვირის ძვლები. გარდა ამისა, ბევრ მათგანს უფიქსირდება ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილების მასშტაბური დაზიანებები.
დაზარალებულები მიუთითებენ ნეკნებისა და ხერხემლის დაზიანებებზეც. ბევრ მათგანს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და სიწითლეები ფეხებზე, ძირითადად ბარძაყების უკანა მხარეს “რაც შეესაბამება ჩვენებებს, რომ მათ იატაკზე ან პირაღმა წოლისას აბიჯებდნენ ფეხებს და სცემდნენ”. არის შემთხვევები, როცა საქმე გვაქვს ნევროლოგიური დაზიანებებსა და ფსიქოლოგიურ ტრავმებზეც.
“ბევრ შემთხვევაში, დაზიანებების მოდელი მაღალი თანმიმდევრობით ადასტურებს მსხვერპლთა განცხადებებს, რომ მათ ჯერ ბოჭავდნენ, შემდეგ ურტყამდნენ და ფეხით დგებოდნენ მათზე, ხშირად ეს ხდებოდა სატრანსპორტი საშუალებაში, რაც უზრუნველყოფდა მათი მოქმედების საიდუმლოებას, სრულ კონტროლსა და დროს.
დაზიანებების მოდელი, რომლებიც დაფიქსირდა, არ ადასტურებს ორი მხარის ფიზიკური კონფლიქტის, მაგალითად, ჩვეულებრივი ჩხუბის ან შეტაკების ვარაუდს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.
საერთო ჯამში, სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები, მათ შორის დაზიანებების მოდელი მიუთითებს სისტემატურად წამებისა და არასათანადო მოპყრობის კოორდინირებულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე დემონსტრანტებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ, რომელიც ხშირად მას შემდეგ ხდებოდა, როდესაც ისინი პოლიციის ფიზიკურ კონტროლს ექვემდებარებოდნენ”, – ვკითხულობთ ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი შეფასებით, დემონსტრანტებზე ძალადობის ამგვარი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიცაა გავრცელებული. მათ შორის, იგივე მეთოდებით იყენებდნენ 2020 წლის აქციების დროს ბელარუსში, სადაც ასევე “შემაშფოთებლად მაღალი იყო” თავისა და სახის არეში მიყენებული დაზიანებების პროცენტული წილი.
“ეს მიუთითებს ფართოდ გავრცელებულ, თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ პრაქტიკაზე, რომლის მიზანია ფიზიკური ძალის კონცენტრირება თავის არეში. მრავალი პირი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ პოლიციამ სახეში დაარტყა ე.წ. “მყარი გარსის ხელთათმანებით”, რაც ზრდის დარტყმის ძალას და იწვევს დაზიანებებს, რომლებიც შესაბამისია დაფიქსირებულ ტრავმებთან”, – აცზადებენ ორგანიზაციები.
რას ჰყვებიან დემონსტრანტები?
კვლევის ფარგლებში ინტერვიუები ჩატარდა უშუალოდ დაზარალებულებთან, ძალადობის მოწმეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ისინი ხაზგასმით მიუთითებენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობა იწყებოდა მაშინაც, როცა აქცია აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.
“თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, პროტესტებს ძალადობრივად არბევდნენ წიწაკის სპრეის, ცრემლმდენი გაზისა და ქიმიური ნივთიერებით გაჯერებული წყლის ჭავლების გამოყენებით. ამ იარაღების გამოყენებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. დაზარალებულები აღწერდნენ, რომ ცრემლმდენი გაზი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმძლავრით და იწვევდა ძლიერ გაღიზიანებას ღია სივრცეშიც კი, რასაც თან ახლდა დეზორიენტაცია, თავის ტკივილი და სხვა ფიზიკური დისკომფორტი. წყლის ჭავლის გამოყენება განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან თბილისის დაბალი ტემპერატურა (-1°C-დან +8°C-მდე) ამძიმებდა მსხვერპლთა მდგომარეობას, რომელსაც ემატებოდა წყალში გარეული ქიმიური გამღიზიანებლები.
ამასთანავე, მიუხედავად დემონსტრანტების დაშლისკენ მოწოდებებისა, რამდენიმე დაზარალებულმა განაცხადა, რომ პოლიციამ არ უზრუნველყო არც ერთი ღია და უსაფრთხო გასასვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად ესხმოდნენ თავს დემონსტრანტებს, რომლებიც ცდილობდნენ გამოყოფილი დერეფნების გავლით ტერიტორიის დატოვებას, ან მათ ალყაში აქცევდნენ და ამ გზით აბრკოლებდნენ”, – ვკითხულობთ განცხდებაში.
გარდა ამისა, დემონსტრანტები ჰყვებიან, რომ ზოგჯერ პოლიცია გაურკვეველი საფუძვლით გამოარჩევდა მოქალაქეთა ნაწილს და მათ განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა. ძალადობის უშუალო მსხვერპლები ჰყვებიან, რომ ცემას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცინავი და დამამცირებელი კომენტარები და მუქარები. მათ შორის, სექსუალური ძალადობის შესახებ.
“რესპონდენტებმა, ასევე, აღნიშნეს ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და დაკავების შემთხვევები, მათ შორის იმ ჟურნალისტების, რომელთაც ჰქონდათ შესაბამისი, პრესის აღმნიშვნელი საიდენთიფიკაციო ნიშანი. მათ თავს დაესხნენ და დააკავეს როგორც დემონსტრაციის ადგილზე, ისე ახლომდებარე ქუჩებზე”, – წერია კვლევაში.
ხშირად, დაკავებულებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ოჯახის წევრებისა და ადვოკატებისთვის ეცნობებინათ თავიანთი ადგილსამყოფლის შესახებ. ისინი საათობით ეძებდნენ დაკავებულებს.
“დაკავებულთა ნაწილი აცხადებს, რომ გათავისუფლების შემდეგ მათ სთხოვდნენ ხელი მოეწერათ განცხადებებისთვის, რომლებშიც დაფიქსირებული იყო ცრუ ინფორმაცია დაკავების გარემოებების შესახებ, მათ შორის არასწორი ცნობები იმ პოლიციელებზე, რომლებიც დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ, და გაყალბებული ბრალდებები. აღნიშნული ბრალდებები ვრცელდება სასამართლო პროცესებზეც, სადაც მსხვერპლები მიუთითებენ, რომ პოლიციელები, რომლებიც სასამართლოში ჩვენებას იძლეოდნენ, დაკავების დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, მსხვერპლების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ამცირებდა ცრუ ჩვენებების სისწორეს, მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ.
მიუხედავად აღნიშნული ინციდენტების ფართო გავრცელებისა, საჯაროდ არ არის გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების პროგრესის ან დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საჯარო პირებმა, ასევე, თავი შეიკავეს საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის დაგმობისგან. დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გამძაფრდა იმ ფაქტით, რომ ბევრი მსხვერპლი ვერ ახერხებდა თავდამსხმელთა იდენტიფიცირებას, რადგან პოლიციელთა უნიფორმები, როგორც წესი, შავი ფერის და მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე იყო, ხოლო თავდამსხმელთა სახეები ნიღბებით იყო დაფარული. გარდა ამისა, ზოგიერთმა მსხვერპლმა განაცხადა, რომ სამართლებრივი სისტემის მიმართ უნდობლობის გამო უჭირდათ საჩივრების შეტანა”, – წერია ორგანიზაციების განცხადებაში.
კვლევის ძირითად მიგნებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
დოკუმენტზე იმუშავეს საქართველოს ახალგაზრდ იურისტთა ასოციაციამ (საია), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრმა (GCRT), ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა.