WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე, ამ დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის სარჩელის განხილვის დაწყებას, კონკრეტული შეფასებებით, განმარტებებით და მიმართვით ეხმაურება:

“პარტიების მიერ საპროტესტო აქციების დაანონსება სწორია.

პარტიების აკრძალვის მცდელობა უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. მაშინ ასეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში – საკუთარი ინიციატივით, არავის გამოუყვანია.

ახლა კი, ამ დიდი საფრთხის მიუხედავად, საზოგადოებაში სათანადო საპროტესტო განწყობა არ იგრძნობა. ალბათ იმიტომ, რომ ბევრს მიაჩნია: იმ პარტიების დასაცავად გამოსვლა, რომლებიც შესაძლოა გულზე არც ეხატებოდეს, საჭირო არ არის. ეს კი ფუნდამენტური შეცდომაა.

როდესაც პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, საქმე კონკრეტულ პარტიებსა თუ პოლიტიკურ პერსონებს არ ეხება. არჩევანის თავისუფლების გაუქმება ანადგურებს დემოკრატიის საფუძვლებს და გზას უხსნის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას.

როდესაც ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩახშობას იწყებს, საფრთხე მხოლოდ აკრძალულ პარტიებს აღარ ემუქრებათ-საფრთხე მთელი ქვეყნის მომავალს ექმნება. და თუ ამას დღეს გულგრილად შევხვდებით, ხვალ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ დასაცავი აღარაფერი დაგვრჩა.

ქუჩაში გამოსვლის დროა!” – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.