WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

⛪️ სვეტიცხოვლობისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა:

🔸 14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ სვეტიცხოვლობას საუფლო კვართისა და მირონმდინარე სვეტის დღესასწაული აღნიშნა.

🔸 სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა.

🔸 ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.

🔸 თანამსახურებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები.

🔸 აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეზე ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები ეწვივნენ.

🔸 წირვაზე თანამსახურებდნენ: პრეშოვის მთავარეპისკოპოსი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი და დელეგაციის სხვა წევრები.

🔸 წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

🔸 სიტყვით გამობრძანდა ასევე მისი უნეტარესობა როსტისლავი, რომელმაც ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით სიხარული გამოთქვა აღნიშნულ ზეიმში მონაწილეობის გამო, ისაუბრა ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე, ხაზი გაუსვა წმინდა ნინოსა და ჩეხთა განმანათლებელ წმინდა დედოფალ ლუდმილას ღვაწლს ქრისტიანობის გავრცელებაში და მის უწმინდესობას და უნეტარესობას საჩუქრად წმინდა ლუდმილას ხატი გადასცა მისივე წმინდა ნაწილით.

🔸 მის შემდეგ ტაძარში შეკრებილთ მიმართა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ესპანეთისა და პორტუგალიის მიტროპოლიტმა ბესარიონმა, რომელმაც მათ გადასცა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელთან დაკავშირებით მისი ყოვლადუწმინდესობის, კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის გზავნილი, რომლის თარგმანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.

🔸 ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები და საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი ესწრებოდნენ.

🔸 ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელთაც მრევლს სვეტიცხოვლობა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცეს.

🔸 სტუმრებისა და საქართველოს ხელისუფლების მისასალმებელი სიტყვების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ კიდევ ერთხელ მიულოცა ყველას, დალოცა სრულიად საქართველო და ბრძანა:

✨ “კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დიდი სიყვარულით.

✨ თქვენო უნეტარესობავ,
ძვირფასო სტუმრებო,
ხელისუფლების წარმომადგენლებო!

✨ ჩვენ მიერ განვლილი ეს საუკუნეები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ უნდა შევუშინდეთ არანაირ სირთულესა და განსაცდელს, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს გზაზე, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს, უფალი ყოველთვის, მარადიულად ჩვენთან იქნება!

✨ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, სიხარული გიმრავლოთ! უფალმა გაამთლიანოს და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა!

✨ ჩვენთან არს ღმერთი!”

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს