„როიტერი“: ამერიკელმა მკვლევრებმა, სავარაუდოდ, ახალი რუსული ბირთვული რაკეტის განლაგების ადგილი აღმოაჩინეს

1 month ago 15

ორი ამერიკელი მკვლევარი ამბობს, რომ რუსეთში 9M370 Burevestnik-ის, ახალი ბირთვული შეიარაღების ფრთოსანი რაკეტის განლაგების სავარაუდო ადგილი დაადგინეს. ამ ბირთვულ შეიარაღებას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "უძლეველს" უწოდებს. ინფორმაციას, მკვლევრებზე დაყრდნობით, ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კომერციული თანამგზავრული კომუნიკაციების კომპანია Planet Labs-ის მიერ 26 ივლისს გადაღებული სურათების გამოყენებით, ორმა მკვლევარმა ამოიცნო სამშენებლო პროექტი, როგორც ახალი რაკეტის განლაგების პოტენციური ადგილი, რომელიც, სავარაუდოდ, ბირთვული ქობინების შენახვის ობიექტია და ცნობილია როგორც Vologda-20 და Chebsara. ობიექტი მდებარეობს მოსკოვის ჩრდილოეთით, 475 კმ-ის დაშორებით.

მკვევრები ფიქრობენ, რომ „პლანეტ ლაბსის“ გადაღებული ფოტოები ასახავს სამშენებლო პროცესს, ერთ-ერთი ობიექტი კი, მათი თქმით, ძალიან ჰგავს ბირთვული ქობინების შესანახ ობიექტს.

რაც შეეხება თავად რაკეტებს, საუბარია ფრთოსან „9ემ370 ბურევესტნიკზე“, რომელიც კრემლის მტკიცებით, შეძლებს ამერიკული საჰაერო თავდაცვითი სისტემების გარღვევას და იერიშის მიტანას ამერიკის მიწაზე. რუსეთის პრეზიდენტი კი ამ რაკეტებს „ულძეველად“ მოიხსენიებს.

მიუხედავად რაკეტების „უძლეველობაზე“ მოსკოვის დაჟინებული საუბრისა, სამხედრო ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთის ეს რიტორიკა გადაჭარბებულია და მიაჩნიათ, რომ რუსეთს ამ ტიპის იარაღი, ამ დროისათვის, რეალურად არ აქვს.

„როიტერი“ ინფორმაციის გადამოწმებას კრემლში შეეცადა, თუმცა დმიტრი პესკოვმა, კრემლის სპიკერმა, ჟურნალისტი კითხვით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გადაამისამართა, სადაც კითხვა უპასუხოდ დატოვეს.

„როიტერს“ კომენტარზე უარი უთხრეს ვაშინგტონში. კითხვები უპასუხოდ დატოვა CIA-მ, ეროვნული დაზვერვის დირექტორის უფროსმა და ამერიკის საჰაერო ძალების ეროვნული საჰარო და კოსმოსური დაზვერვის ცენტრმა.

სრულად წაკითხვა