რომელი დიპლომი იძლევა უფრო მეტ შემოსავალს იტალიაში?

1 hour ago 4

უნივერსიტეტის არჩევანი – არა მხოლოდ ოცნების ასრულებისკენ სვლაა, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს დასაქმების პერსპექტივაზე და მომავალ ფინანსურ მდგომარეობაზე.

რა მიმართულებით წახვიდე, რა უნარები შეიძინო და ბოლოს რა იქნება ამ არჩევანის ეკონომიკური შედეგები? ეს არის ის კითხვები, რომელთა პასუხებიც 2025 წელს მეტწილად STEM (ინგ. science, technology, engineering and mathematics – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებშია.

STEM – ლიდერია

JobPricing-ის 2025 წლის კვლევის მიხედვით, STEM მიმართულებების – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა – კურსდამთავრებულები სწავლის დასრულებისთანავე ყველაზე ხშირად იწყებენ მაღალშემოსავლიან სამუშაოს.

მაგალითად, ქიმიასა და მასალათმცოდნეობის ინჟინერიაში დიპლომირებული კურსდამთავრებულები დაახლოებით 36 275 ევროზე მეტ ანაზღაურებას იღებენ წელიწადში, რითაც ეს სპეციალობები რეიტინგის ლიდერებია. მათ მოსდევს ბირთვული ინჟინერია, მექანიკური ინჟინერია, ავიამშენებლობა, აეროკოსმოსური ინჟინერია და ა. შ.

ეს პროფესიები მოთხოვნადია მაღალტექნოლოგიურ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინდუსტრიებში, რაც ხელფასებზეც აისახება: მათი სასტარტო წლიური ხელფასი 6-8%-ით აღემატება საშუალოეროვნულ მაჩვენებელს, რომელიც 33 527 ევროს შეადგენს. ტექნიკური და ციფრული უნარები თანამედროვე შრომის ბაზარზე ყველაზე ღირებულ აქტივებს შორის რჩება.

ეკონომიკა, მედიცინა და ჰუმანიტარული განხრები

ეკონომიკური და სტატისტიკური ფაკულტეტები დამთავრებისთანავე ისე სწრაფად არა, მაგრამ მაინც სტაბილურ შემოსავალს იძლევა. განსაკუთრებით გამოირჩევიან სტატისტიკის სპეციალისტები, შემდეგ მოდიან იურიდიული ფაკულტეტების კურსდამთავრებულები.

გასაკვირია, მაგრამ ექიმები, ბიოლოგიები და ფარმაცევტები ხშირად საშუალო ან საშუალოზე ოდნავ დაბალი შემოსავლის კატეგორიაში არიან. მათი სასტარტო ანაზღაურება წელიწადში 33 000 ევრომდე ან ნაკლებია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ შემოსავალი განისაზღვრება არა მხოლოდ ცოდნის დონით, არამედ თავად ინდუსტრიის დინამიკით, დასაქმების სტრუქტურითა და კარიერული გზით. მიზეზები: ხანგრძლივი სწავლა, კლინიკური გამოცდილების საჭიროება და პროფესიის მიხედვით სამუშაოს დასაწყებად ლიცენზიის მიღების უფრო დიდი ვადა.

ჰუმანიტარული (ისტორია, ფილოსოფია, პედაგოგიკა) და ლინგვისტიკის ფაკულტეტების კურსდამთავრებულების სასტარტო წლიური შემოსავლები ევროპულ და საშუალოეროვნულ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, დაახლოებით 30 800 ევრო (რაც თითქმის 3 000 ევროთი ნაკლებია საშუალოეროვნულ მაჩვენებელზე), ამიტომ ეს მიმართულებები რეიტინგის ბოლოშია.

ეს განპირობებულია არა ჰუმანიტარული განათლების დაბალი ღირებულებით, არამედ დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობებით, რომელიც ხშირად დაკავშირებულია დაბალანაზღაურებად სამუშაოსთან, მათ შორის, საჯარო სექტორში.

და კიდევ: მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ისწავლე, არამედ ისიც, თუ სად ისწავლე. იტალიაში საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს შორის სხვაობა დამთავრების შემდეგ წლიური შემოსავლის თვალსაზრისით 8%-ზე მეტია. კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები წელიწადში საშუალოდ 44 327 ევროს გამოიმუშავებენ, ხოლო საჯარო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები – 41 062 ევროს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით, თუ კარიერას ახლა იწყებთ.

პოლიტექნიკური უნივერსიტეტები კვლავ თვალსაჩინო კატეგორიად რჩება, რომლის კურსდამთავრებულები წელიწადში საშუალოდ 46 768 ევროს გამოიმუშავებენ – რაც საუკეთესო მაჩვენებელია იტალიაში. აქ უპირატესობას განაპირობებს ბაზართან უფრო მჭიდრო კავშირები, სტუდენტების ინდივიდუალური მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურა, რომელიც პროფესიონალიზაციას ანიჭებს უპირატესობას.

უნივერსიტეტების რეიტინგი

ბოკონის უნივერსიტეტი მტკიცედ იკავებს პირველ ადგილს, მის კურსდამთავრებულთა საშუალო ხელფასი 23%-ით აღემატება საშუალოეროვნულ მაჩვენებელს. უნივერსიტეტების რეიტინგში ბოკონის მოსდევს მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც საინჟინრო და ტექნოლოგიური კადრების წამყვანი „მიმწოდებელი“ შრომის ბაზარზე.

საინტერესოა, რომ სამხრეთ იტალიის ზოგიერთი უნივერსიტეტი, როგორიცაა ნეაპოლის და ლ’აკვილას უნივერსიტეტები, კარგ შედეგებს აჩვენებს. მათი კურსდამთავრებულები ქვეყნის სხვა რეგიონებში ან მის ფარგლებს გარეთაც პოულობენ სამუშაოს, რაც მათი მაღალი მოქნილობისა და მობილურობის უნარს აჩვენებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტის ბრენდი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერს როდი წყვეტს; არანაკლებ მნიშვნელოვანია განათლების ხარისხი, ადაპტირება და კურსდამთავრებულთა ბაზარზე ინტეგრაციის უნარი.

უნივერსიტეტის დიპლომი მხოლოდ აკადემიური ხარისხი არ არის – ეს პირადი ინვესტიციაა, სტრატეგიული გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი ეტაპი ფინანსური დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. დღევანდელი შრომის ბაზარი მკაცრი, კონკურენტული და მუდმივად ცვალებადია – საკმარისი არ არის მხოლოდ „კარგი განათლების“ მიღება. უნდა გესმოდეთ, როგორ და სად შეიძლება თქვენ მიერ მიღებული განათლების მაქსიმალურად რეალიზება.

***

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სასტარტო (და შემდგომაც) შემოსავლების მხრივ იტალიაში STEM განათლება პირველ ადგილზეა – ინჟინრები, ანალიტიკოსები და სპეციალისტები, რომლებსაც ციფრებთან ურთიერთობის ნიჭი აქვთ, ამჟამად ლიდერობენ რეიტინგში, თუმცა ჰუმანიტარებსაც შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, თუ ექნებათ მოქნილობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი და მზად იქნებიან მიღებული განათლების მაქსიმალურად რეალიზებისთვის.

უმაღლესი განათლება კვლავ ღირებული რჩება, მაგრამ წარმატების გასაღები არის არა თავად დიპლომი, არამედ ის, თუ როგორ იყენებ მიღებულ აკადემიურ ხარისხს, ამიტომ სპეციალობის არჩევისას გაითვალისწინეთ არა მხოლოდ თქვენი ინტერესები, არამედ შრომის ბაზრის ტენდენციებიც.

ნინო ხოშტარია

სრულად წაკითხვა