WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რომის პაპი ლეონ XIV საავადმყოფოში სამშაბათს დილით, ღიმილითა და ხელის ქნევით შევიდა, რამდენიმე საათით ადრე ოპერაციამდე, რომელიც ფილტვზე არსებული მონეტის ფორმის წარმონაქმნის მოსაცილებლად ჩატარდა.

„პროცედურა წარმატებით დასრულდა, მოსალოდნელ ვადებში და როგორც დაგგმილი იყო“, — ნათქვამია ვატიკანის მოკლე განცხადებაში.

„წმინდა მამა თავის პალატას დაუბრუნდა“, — იტყობინება ვატიკანი და დასძენს, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ეს ოპერაცია 71 წლის პაპის პირველი ჰოსპიტალიზაციაა მას შემდეგ, რაც იგი 2025 წლის 8 მაისს კათოლიკური ეკლესიის მეთაური გახდა. ვატიკანის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც პაპი ორშაბათს ნახეს, განაცხადეს, რომ იგი საავადმყოფოში დარჩენას მშვიდად უყურებდა.

ოპერაცია რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში ჩატარდა. ეს პაპ ლეონის 17-თვიანი მმართველობის პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პირველი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ვატიკანმა დაადასტურა, რომ ოპერაციას „ჯემელის“ საავადმყოფოს გულ-მკერდის ქირურგიის განყოფილების უფროსი, პროფესორი სტეფანო მარგარიტორა უხელმძღვანელებდა.

პროცედურა, ზოგად ანესთეზიას მოითხოვდა და ვატიკანის განცხადებით, პაპის საავადმყოფოში გამოჯანმრთელებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. მისი ყველა საჯარო ღონისძიება 20 ოქტომბრამდე გაუქმებულია.

პაპი ლეონი, რომელიც მსოფლიო კარდინალებმა 2025 წლის მაისში აირჩიეს, ეკლესიის ხელმძღვანელისთვის შედარებით ახალგაზრდაა. იგი მისდევს სპორტს, მათ შორის ჩოგბურთს, არ ეწევა და, რამდენადაც ცნობილია, ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

პაპ ლეონს, რომელიც ორშაბათს გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მტკიცე და მკაფიო ხმით საუბრობდა, ძალიან დატვირთული განრიგი აქვს. მას 6-დან 17 ნოემბრამდე 11-დღიანი ტურნე აქვს დაგეგმილი სამხრეთ ამერიკაში.
პაპი მსოფლიოს 1.4 მილიარდი მორწმუნე კათოლიკისთვის უმაღლესი ავტორიტეტია. მას არ ჰყავს მოადგილე, რომელიც ავადმყოფობისას მის მოვალეობას შეასრულებს. როდესაც პაპი ქმედუუნაროა, ვატიკანის უზარმაზარი ბიუროკრატიის საქმიანობა ჩვეულებრივ გრძელდება, თუმცა გადაიდება ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც პაპის თანხმობას მოითხოვს.

ლეონი, რომელიც 1955 წელს ჩიკაგოში დაიბადა, როგორც რობერტ პრევოსტი, სანამ პაპი გახდებოდა, ათწლეულების განმავლობაში მისიონერად და ეპისკოპოსად მსახურობდა პერუში.