„სარკე“
მწარედ მახსოვს ის დღე, როცა დედამ გაიგო, რომ მამაჩემს სხვა ქალისგან შვილი ეყოლა. ჩვენს ოჯახში საშინელი ამბავი დატრიალდა. ჩემი მშობლები ლამის გაიყარნენ. დედა ტიროდა, მამას ეუბნებოდა, ეს როგორ გამიკეთეო.
საბედნიეროდ, ერთმანეთს არ გაშორდნენ, მამა სახლში დარჩა, ოღონდ დედაჩემს უთხრა, იმ ბავშვს ვერ მივატოვებ, მასზე ვიზრუნებ და გვარსაც მივცემო. დედაჩემი ერთი პირობით დათანხმდა, რომ იმ გოგოს ჩვენს სახლში არასოდეს მოიყვანდა.
ეს ყველაფერი რომ მოხდა, მე 9 წლის გოგო ვიყავი. მახსოვს ის განცდები, რაც მაშინ ჩემს გულში ტრიალებდა. ის ბავშვი ნანახი არ მყავდა, მაგრამ ვერ ვიტანდი. მეგონა, რომ მამას მართმევდა. დედასაც არ უყვარდა, მისი სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა. რამდენიმე ნათესავს მხოლოდ იმის გამო დავემდურეთ, რომ ის ბავშვი მიიღეს.
ის დღეც ძალიან კარგად მახსოვს, როცა მამამ ჩემი და გამაცნო. მაშინ უკვე დიდი ვიყავი, 16 წლის ვხდებოდი. ვემზადებოდი იმისთვის, რომ ის ბავშვი უნდა მენახა, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ არაფერი შემემჩნია, მაგრამ ვერ შევძელი. ის ბავშვი მამაჩემის ხელს იყო ჩაფრენილი, რაღაცნაირად უყურებდა, მამაჩემსაც სითბო ედგა თვალებში, უღიმოდა, რაღაცნაირად ელაპარაკებოდა. ვიეჭვიანე, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ ვთქვი, ტირილი წამსკდა.
ამის შემდეგ მამას ვუთხარი, რომ იმ ბავშვთან ურთიერთობის სურვილი არ მქონდა და მისი სახელი ჩემთან არასოდეს ეხსენებინა. მერეც გვქონდა შეხვედრები, ამას ვერ გავექცეოდით, რადგან მამაჩემის სანათესაო ჩვეულებრივად იღებდა და უყვარდათ კიდეც.
მამას იმ ქალთან ურთიერთობა აღარ ჰქონია, მხოლოდ შვილს ეკონტაქტებოდა. ის ქალი გათხოვდა კიდეც, მასში საფრთხეს ვერ ვხედავდით, მაგრამ ბავშვთან მაინც არ გვინდოდა ურთიერთობა.
ნახევარდას ბევრჯერ ვაგრძნობინე, რომ ჩემთვის არ არსებობდა და არ მიყვარდა. ნათესავებსაც ძალიან უხეშად ვექცეოდი, ვეუბნებოდი, ის გიყვართ და გყავდეთ, მე თავი დამანებეთ-მეთქი. არც ჩემს უმცროს ძმას ჰქონდა მასთან რაიმე ურთიერთობა.
ერთხელ ეს გოგო თავის ნახევარდასთან ერთად შემხვდა, პატარა გოგონა ეჭირა ხელში. გამაცნო, დედაჩემის და ჩემი მამობილის საერთო შვილიაო. ისე ეფერებოდა, ისეთ მზრუნველობას იჩენდა, გამიკვირდა. ვიფიქრე, ნახევარდა ასე რატომ უნდა გიყვარდეს-მეთქი.
წლები გავიდა. მამა უცაბედად გარდაიცვალა, ნახევარდა მის წლისთავზე ვნახე ბოლოს და მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ერთმანეთის ცხოვრებიდან გავქრით, არც ვკითხულობდი და საერთოდაც არ მაინტერესებდა, არსებობდა თუ არა.
ორი წლის წინ შვილი გამიხდა ავად. მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ისეთი საშინელი დღე, რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია. სასწრაფოდ უნდა დაგვეწყო მკურნალობა, ყოველი წუთი ძვირფასი იყო, დროის დაკარგვა არ ღირდა.
ერთ დღესაც პალატის კარი გაიღო და ჩემი ნახევარდა შემოვარდა. არაფრის გარკვევა დაუწყია, მეც ჩამეხუტა, ჩემს შვილსაც. თურმე ნათესავებისგან გაუგია და მაშინვე ჩვენთან გამოვარდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი იმედი მომეცა. თითქოს მარტო აღარ ვიყავი ჩემს გასაჭირთან, ტვირთი შემიმსუბუქდა, რადგან უკვე მან დაიწყო ისეთ წვრილმანებზე ზრუნვა, რაც ჩემი გასაკეთებელი იყო.
ნახევარდამ ყველაფერი გააკეთა ჩემი შვილისთვის, ანუ დისშვილისთვის. თურქეთშიც მისი დაფინანსებით წავედით და დღეს ჩემი შვილი ჯანმრთელია, ყველაფერი უკან გვაქვს მოტოვებული. დასთან საოცარი ურთიერთობა მაქვს. მას ვუმადლი, რომ ჩემი შვილი ცოცხალია.
ისე იქცევა, თითქოს არც ყოფილა ის წლები, როცა ცუდად ვექცეოდი და დად არ ვაღიარებდი. ახლა ის ჩემი ყველაზე დიდი იმედია და მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით კიდევ ერთხელ ვთხოვო პატიება და ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და ვამაყობ, რომ ასეთი და მყავს. მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო ძვირფასო დაიკო!
„სარკის” მკითხველი

2 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·