საბერძნეთში, სადაც ათასობით ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და მუშაობს, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის ახალი საგადასახადო რეფორმა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო ამნისტიად ითვლება. ცვლილებები შეეხება დაახლოებით ოთხ მილიონ ადამიანს და მნიშვნელოვნად შეამცირებს მოქალაქეთა საგადასახადო ტვირთს.
საგადასახადო შეღავათების მთლიანი მოცულობა 1,5 მლრდ ევროს შეადგენს, ხოლო 2027 წლიდან მისი ეფექტი შესაძლოა 2,5 მილიარდ ევრომდეც გაიზარდოს. საბერძნეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკისმა განაცხადა, რომ პარლამენტმა უკვე დაამტკიცა კანონი „დემოგრაფიისა და საშუალო ფენის მხარდასაჭერად“ და უახლოეს დღეებში ის მთავრობის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდება.
რა შეიცვლება 2026 წლიდან?
მთავარი სიახლე საშემოსავლო გადასახადის შემცირებაა. საბერძნეთის ახალი პროგრესული საგადასახადო სისტემა ასე გამოიყურება:
- 20% ნაცვლად 22%-ისა – როდესაც წლიური შემოსავალი 10 000-20 000 ევროს ფარგლებშია;
- 26% ნაცვლად 28%-ისა – შემოსავლებისთვის 20 000-30 000 ევროს ფარგლებში;
- 34% ნაცვლად 36%-ისა – შემოსავლებისთვის 30 000-40 000 ევროს ფარგლებში;
- 39% – ახალი შუალედური განაკვეთი შემოსავლებისთვის 40 000-60 000 ევროს ფარგლებში;
- 44% – უცვლელი რჩება მხოლოდ მაღალი შემოსავლის (წლიური შემოსავალი 60 000 ევროს ზემოთ) მქონე მოქალაქეებისთვის.
პარალელურად იგეგმება მინიმალური ხელფასის ზრდა – არსებული 880 ევროს ნაცვლად, 2027 წელს მინიმალური ხელფასი 950 ევრო გახდება. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს გაუჩნდება შესაძლებლობა, დამატებითი თანხა დარჩეს ხელზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც შიდა მოხმარებას, ისე ეკონომიკურ ზრდას.
ვინ იგრძნობს ყველაზე მეტ სარგებელს?
როგორც ბერძნული მედია წერს, ყველაზე მეტ შვებას მიიღებენ საშუალო ფენის წარმომადგენლები, ახალგაზრდა მუშაკები და ოჯახები, რომლებსაც შვილები ჰყავთ. ზოგიერთი კატეგორიისთვის – მაგალითად, 25 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის – შესაძლოა შემოსავლის დაბალ ზღვარზე საშემოსავლო გადასახადი საერთოდ გაუქმდეს.
მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ დემოგრაფიულ მიზნებსაც ემსახურება – კერძოდ, შობადობის წახალისებას. რეფორმა ითვალისწინებს დამატებით ბონუსებს ოჯახებისთვის და შეღავათების გაზრდას ბავშვების რაოდენობის მიხედვით.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ქართველი ემიგრანტებისთვის?
საგადასახადო ცვლილებები შეეხება ყველა ადამიანს, რომელიც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობს და ოფიციალურად მუშაობს – მათ შორის, ქართველ ემიგრანტებსაც, რომლებიც იქაური ეკონომიკის აქტიურ ნაწილს შეადგენენ.
ახალი სისტემა განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც საშუალო ან შედარებით დაბალი შემოსავლის კატეგორიაშია. მაგალითად, თუ ქართველ ემიგრანტს წლიური შემოსავალი 15 000 ევრო აქვს, ის 2026 წლიდან გადაიხდის 20%-ს, ნაცვლად 22%-ისა – რაც წელიწადში დაახლოებით 300 ევროს დაზოგვას ნიშნავს.
გარდა ამისა, ზრდადი ხელფასი და ბონუსები ოჯახებისთვის ნიშნავს, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე შეძლებს უფრო სტაბილური ეკონომიკური საფუძვლის შექმნას – რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ცხოვრების პირობებს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საბერძნეთში წლების განმავლობაში მუშაობს და ოჯახიც ჰყავს.
უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის
რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა საგადასახადო განაკვეთის მკვეთრი შემცირება ახალგაზრდა დასაქმებულთათვის. 26-იდან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი მერყეობს 10 000-იდან 20 000 ევრომდე, საშემოსავლო გადასახადი 22%-იდან 9%-მდე მცირდება.
აღნიშნული ცვლილებით დაახლოებით 260 000 ახალგაზრდა მიიღებს პირდაპირ სარგებელს. მათ შორის არიას 70 000 მოქალაქე 25 წლამდე, რომლებიც 20 000 ევრომდე შემოსავალზე სრულად გათავისუფლდებიან გადასახადებისგან.
2026 წლიდან 25 წლამდე ასაკისახალგაზრდა თანამშრომელი, რომელსაც შვილი არ ჰყავს, გადაიხდის საგრძნობლად ნაკლებ გადასახადს —
კერძოდ:
- 343 ევროთი ნაკლებს 10-11 ათას ევროს შემოსავალზე;
- 563 ევროთი ნაკლებს 11-12 ათას ევროს შემოსავალზე;
- 1 043 ევროთი ნაკლებს 13-14 ათას ევროს შემოსავალზე;
- ხოლო 2 483 ევროთი ნაკლებს 19-20 ათას ევროს შემოსავალზე.
ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის ეკონომიკური აქტიურობის გაზრდასა და საბერძნეთის შრომითი ბაზრის გაძლიერებას.
ოჯახები ბავშვებით – საგადასახადო შეღავათები მრავლობითი სარგებლით
ახალი რეფორმა საგადასახადო ტვირთის შემცირებას უშუალოდ უკავშირებს ოჯახში ბავშვების რაოდენობას – რაც მეტი ბავშვია, მით უფრო მეტად შემცირდება გადასახადი. განსაკუთრებით, თუ ორივე მშობელი მუშაობს, სარგებელი ორმაგდება.
შემოსავალი 20 000–35 000 ევრომდე:
ამ ზონაში ოჯახები მიიღებენ მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს, რომლებიც იზრდება ბავშვების რაოდენობის მიხედვით. მაგალითად:
- 25 000-26 000 ევრომდე შემოსავლის მქონე მშობელი, რომელსაც ჰყავს ორი ბავშვი, გადაიხდის დაახლოებით 960 ევროთ ნაკლებს.
- 30 000 ევრომდე შემოსავლის მქონე მშობელი ერთი ბავშვით – დაახლოებით 840 ევროთი ნაკლებს.
სამი ან მეტი ბავშვი:
- სამბავშვიანი ოჯახებისთვის 10 000–20 000 ევრომდე შემოსავალზე გადასახადის განაკვეთი მცირდება 22%-დან 9%-მდე.
- ოთხ ან მეტბავშვიანი ოჯახები 10 000–20 000 ევრომდე შემოსავალზე სრულად გათავისუფლდებიან გადასახადისგან, ხოლო ყოველი დამატებითი ბავშვი ზრდის შემოსავლის ზღვარს.
პრაქტიკული მაგალითები:
- სამბავშვიანი მშობელი, რომელიც თვიურად იღებს 1 500 ევროს, საგადასახადო შეღავათით წელიწადში დაახლოებით 1 650 ევროს დაზოგავს.
- მრავალშვილიანი მშობლის საგადასახადო შეღავათი, თუკი მისი თვიური შემოსავალი 1 800 ევროა, შეადგენს დაახლოებით 4 100 ევროს.
სხვა მაგალითები:
- ორბავშვიანი მშობელი, წლიური შემოსავლით 30 000 ევროს ოდენობით (თვეში 1 776 ევრო), დაზოგავს 1 200 ევროს, რაც დაახლოებით თვიური ხელფასის ორი მესამედია.
- სამბავშვიანი მშობელი, რომელსაც თვეში 1 291 ევროს შემოსავალი აქვს, დაზოგავს 1 300 ევროს, ანუ დაახლოებით ერთი ხელფასს.
საშუალო ფენა – სარგებელი ყველა კატეგორიისთვის
საგადასახადო რეფორმით განსაკუთრებით იგებს საშუალო ფენა – 10 000–40 000 ევრომდე შემოსავლებისთვის ყველა განაკვეთი მცირდება ორი პროცენტული პუნქტით. ბავშვები კი დამატებით ზრდიან შეღავათებს – თითოეული ბავშვი კიდევ 2 პროცენტით.
გარდა ამისა, შემოდის ახალი შუალედური განაკვეთი – 39% – 40 000-იდან 60 000 ევრომდე შემოსავლისთვის, 60 000 ევროს ზემოთ შემოსავლისთვის კი საშემოსავლო გადასახადი იგივე რჩება, რაც ადრე – 44%.
რეფორმის დეტალები
10 000-40 000 ევროს შემოსავალი:
- 10 000–20 000 ევროზე – 22% → 20%
- 20 000–30 000 ევროზე – 28% → 26%
- 30 000–40 000 ევროზე – 36% → 34%
40 000–60 000 ევროზე: 39%
ზედა ზღვარი >60 000 ევროზე: 44%
ოჯახები ბავშვებით:
- 10 000–20 000 ევროზე:
- ერთი ბავშვი – 18%
- ორი ბავშვი – 16%
- სამი ბავშვი – 9%
- ოთხი ან მეტი ბავშვი – 0%
- 20 000–30 000 ევროზე:
- ერთი ბავშვი – 24%
- ორი ბავშვი – 22%
- სამი ბავშვი – 20%
- ოთხი ბავშვი – 18%
- ხუთი ბავშვი – 16%
ახალგაზრდები:
- ≤25 წლამდე: 20 000 ევრომდე შემოსავალზე გადასახადი ნულდება;
- 26–30 წლამდე: 10 000–20 000 ევრომდე შემოსავალზე – 9%.
რეფორმა 2026 წლიდან ამოქმედდება
- დასაქმებულები და პენსიონერები სარგებელს იგრძნობენ 2026 წლის იანვრის ხელფასებსა და პენსიებზე.
- ინდივიდუალური ბიზნესმენები და ფერმერები სარგებელს მიიღებენ 2026 წლის საგადასახადო დეკლარაციების მეშვეობით, 2027 წლის მარტში.
სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შეღავათების რეფორმისთვის გათვალისწინებულია ხარჯები:
- 2026 – 1,2 მილიარდი ევრო
- 2027 – 1,6 მილიარდი ევრო
- 2028 და შემდეგ – 1,53 მილიარდი ევრო
ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება მკვეთრად განსხვავდება ევროკავშირის სხვა ქვეყნების პოლიტიკისგან, სადაც ამჟამად მკაცრი ბიუჯეტური შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობენ. საბერძნეთი კი პირიქით – გადასახადების შემცირებით ცდილობს ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფლაციის ფონზე.
მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ეს არის „ყველაზე მასშტაბური საგადასახადო ამნისტია საბერძნეთის თანამედროვე ისტორიაში“, რომელიც რეალურად გაზრდის მოქალაქეთა შემოსავლებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას.
ნინო ბაჯელიძე

2 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·