„როცა სიმართლე შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალა“ - ანდრო ჭიჭინაძის საქმე

9 hours ago 1

რადიო თავისუფლება აგრძელებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეების შესწავლას და ისტორიების შეგროვებას. შევისწავლეთ 45 საქმე. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

„ახალი თეატრის“ კარი დაკეტილია და არ გაიღება იქამდე, სანამ ანდრო ჭიჭინაძე დაპატიმრებულია

„ახალი თეატრის“ კარი დაკეტილია და არ გაიღება იქამდე, სანამ ანდრო ჭიჭინაძე დაპატიმრებულია

„თავისუფლება სისტემის პატიმრებს“, - ამ შინაარსის ბანერი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გამოსახულებით, აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ ფასადზეა გადმოკიდებული. თეატრი პროტესტის ნიშნად გაიფიცა და სპექტაკლები მოხსნა, იქამდე სანამ მსახიობი დაპატიმრებულია. მათ გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მიმართეს და ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს. ამ მოთხოვნას ხელმოწერით უერთდებიან მსახიობები, რეჟისორები, თეატრისა და კინოს საზოგადოების წევრები.

„ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ“, - მეორდება თეატრის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტებში.

მსახიობები, მეგობრები, ოჯახის წევრები თუ მხარდამჭერები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერ ვიდეოებს, მოითხოვენ მისი და აქციებზე დაკავებული სხვა ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. გაფიცულები არიან და პროტესტის ნიშნად თეატრალური უნივერსიტეტის შენობას არ ტოვებენ სტუდენტები.

28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილების ბრალდებით საკუთარ სახლში 4 დეკემბერს დააკავეს. იქამდე სახლი გაჩხრიკეს და ელექტრონული მოწყობილობები მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის ტელეფონი დალუქეს.

პოლიცია მსახიობის სახლში საღამო შვიდ საათზე მივიდა. ანდრო ჭიჭინაძის მამა ოთარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ მას ბრალი მისვლისთანავე გააცნეს და დაკავების აქტი შეადგინეს. პოლიციამ ანდროს კითხვები დაუსვა:

„ასეთი კითხვები იყო: აქციებზე მისი ყოფნა რა მიზნებს ემსახურება, მოსწონს თუ არა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ გამოყენებულია სხვადასხვა საშუალება, ფოიერვერკებსა და ლაზერებზე იყო საუბარი, ანდრო პასუხობდა ჩვეულებრივად. დაძაბულობის მომენტი აბსოლუტურად არ იყო. ბრალეულობის წარდგენის შემდეგ მას დაადეს ხელბორკილები და წაიყვანეს“, - უთხრა ჟურნალისტებს შვილის დაკავების შემდეგ ოთარ ჭიჭინაძემ.

ანდრო ჭიჭინაძის დაკავების კადრები ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გადაიღო

ანდრო ჭიჭინაძის დაკავების კადრები ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გადაიღო

ანდრო ჭიჭინაძე იმ პროტესტის მონაწილეა, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში თვეზე მეტია მიმდინარეობს. ხალხის მღელვარებას საფუძვლად უდევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

4 დეკემბერს, დაკავებამდე საათებით ადრე, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე ანდრო ჭიჭინაძემ ონლაინ გამოცემა On.ge-ს უთხრა:

„მე ვდგავარ ჩემს მეგობრებთან ერთად ევროპული მომავლისთვის და მგონია, რომ აუცილებელია, დღეს ყველა სფერო გაიფიცოს, იმისთვის, რომ ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთავრობას, რომელიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი და ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ პოლიტიკას არ შევეგუებით“.

ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე საზოგადოებაში განსაკუთრებით მაღალი ინტერესია. რეზონანსულობის ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური კონტექსტის გარდა, მისი პოპულარობა შეიძლება იყოს. კინოს და თეატრის ახალგაზრდა მსახიობს მაყურებელი კარგად იცნობს.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრის სპექტაკლებში თამაშის გარდა, მას შესრულებული აქვს არაერთი კინოროლიც, მათ შორის, ფილმებში: „შინდისი“, „და მერე გათენდა“, „იუნკერები“, „სოხუმი“. მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ცვალებადი ნიშნები“.

„აქციაზე ანდროს იქ დგომა პრობლემაა მაგათთვის. რადგან ანდრო ცნობადი სახეა, უნდა დაისაჯოს, ასე მიიჩნევენ, საჩვენებელი დასჯის მომენტია“, - ამბობს ოთარ ჭიჭინაძე.

ანდრო ჭიჭინაძე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ახლო ნათესავიცაა.

ანდრო ჭიჭინაძის დედამ ლიკა გუნცაძემ მისი შვილისა და სხვების დაკავება 1937 წლების საბჭოთა რეპრესიებს შეადარა. ის ფიქრობს, რომ ამ გზით სისტემა მშობლებსა და შვილებზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და მიზნად მათი გატეხვა აქვს დასახული.

„დაიჭირეს საუკეთესო ბიჭები, რომლებიც, როგორც 1937 წელს იყო – იჭერდნენ ყველაზე კარგებს, ყველაზე ჭკვიანებს. მე არ მაქვს ჩემს შვილზე [საუბარი - რ.თ], თუმცა ჩემი შვილიც ძალიან მომწონს და მიყვარს, მაგრამ ეს ნათელია: დევნა მიდის ჭკუაზე, პატრიოტიზმზე.

ეს არის ბოლშევიკური მეთოდი. ჩვეულებრივი ამბავია ეგ, უბრალოდ ჩვენ ვერ გამოვედით აქედან […] მეც და ყველას მშობელი ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას. ძალიან დიდი ძალა მაქვს მაგისი და აუცილებლად ასე მოვიქცევი […] გონს მოეგეთ! გონს მოეგეთ! გამწარებულ დედებზე უარესი და საშიში არავინ არ არის“, – თქვა ლიკა გუნცაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 8 იანვარს პირდაპირი ჩართვის დროს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 28 წლის მსახიობს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 2024 წლის 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მას პატიმრობა შეუფარდეს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს „ანდრო ჭიჭინაძე იყო საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ჯოხს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას“.

ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო პროცესზე

ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო პროცესზე

სისხლის სამართლის საქმეში დევს სამი ვიდეო, რომელიც ჭიჭინაძის ადვოკატის თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, პოლიციელების მიერ მაღალი გარჩევის კამერითაა გადაღებული.

„ეს ვიდეოები გადაღებული აქვს შსს-ს. ზუსტად არ ვიცი რომელი დაწესებულების თანამშრომელია, რობოკოპების უკან შავებში ჩაცმულები რომ დგანან, სავარაუდოდ, მათ გადაიღეს. კარგი ხედვის კამერაა და არა ტელეფონი, კარგად გაირჩევა ყველაფერი. ვფიქრობ, მიზანმიმართულია, არჩევდნენ ვინ დაეჭირათ და ვინ არა“, - ამბობს ადვოკატი.

ანდრო ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ ვიდეოში თავადაა, თუმცა „კადრებში არაფერია უკანონო“, - ამბობს ადვოკატი.

პირველ ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრის მსახიობი ნახევრადსავსე პლასტმასის ბოთლს.

„ოღონდ არის მხოლოდ სროლა და არაფერი ჩანს, არც სხვა მტკიცებულებებშია, ვის ხვდება ან რა მიმართულებითაა ნასროლი“, - დასძენს ადვოკატი.

მეორე ვიდეოში ანდრო ჭიჭინაძე გაბრაზებულია, „ისევე, როგორც ყველა აქციაზე მყოფი“, - ამატებს თორნიკე მიგინეიშვილი. ვიდეოში არ ისმის, რას ამბობს დაკავებული, თუმცა აღიქმება, რომ საუბრობს.

მესამე ვიდეოში ჯოხის მოქნების კადრია ასახული: „უბრალოდ ჯოხის მოქნევა, მეორე მხარეს, ვინ დგას, ვისთან დავარდა, სად მოხვდა თუ ვინმეს მოხვდა, არაფერი მსგავსი არც ვიდეოშია და არც წარმოდგენილ მტკიცებულებებში, არც ვინმე დაზარალებული ჩანს“, - განმარტავს ადვოკატი.

ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები პროკურატურას არ გაუსაჯაროვებია და მასზე წვდომა მხოლოდ ადვოკატს აქვს.

თორნიკე მიგინეიშვილი, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი

თორნიკე მიგინეიშვილი, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი

დაკავებული მსახიობი ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნეა.

„როცა სიმართლე შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია აქ არის“, - მხოლოდ ეს თქვა ჭიჭინაძემ 7 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე. ჭიჭინაძესთან ერთად განიხილება კიდევ 5 ადამიანის საქმე – ონისე ცხადაძე, რუსლან ცივაკოვი, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა - ყველა მათგანს ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა ედება ბრალად.

ყველა დაკავებული ერთსა და იმავეს ამბობს - ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და აქციაზეც არ შეხვედრიან.

„ჯგუფური დანაშაული ითვალისწინებს, რომ ადამიანები ერთმანეთთან უნდა იყვნენ დაკავშირებულები და ერთნაირი განზრახვით უნდა მოქმედებდნენ. ეს იქნება მკვლელობა ქურდობა თუ ნებისმიერი რამ. პირველი რაც პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, არის ამ პირების ერთმანეთთან კავშირი. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ პიროვნებებს არათუ რაიმე უკანონობაზე ჰქონდათ ერთმანეთთან შეთანხმება, არამედ აქციაზე ერთმანეთის გვერდით იდგნენ, არ წარმოუდგენია. არც ერთი მათგანი ერთმანეთს არ იცნობს და ერთმანეთი პროცესზე ნახეს“, - ამბობს ადვოკატი ბრალის აბსურდულობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

2024 წლის 13 დეკემბერს ევროპის კინოაკადემიამ ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.

„როგორც ჩანს, ეს დაკავება ხელისუფლების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მიზნით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების უსაფრთხოების გამო", - წერია კინოაკადემიის განცხადებაში.

ანდრო ჭიჭინაძეს 3 წლის შვილი ჰყავს. მან იცის, რომ მამა გასტროლებზეა წასული და დაბრუნდება. ციხეს მასთან არავინ ახსენებს.

მსახიობისა და მასთან ერთად დაკავებული 5 ადამიანის სასამართლო პროცესი 16 იანვარს უნდა გამართული. სტატიის გამოქვეყნების დღეს, 9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და პროცესი 5 მარტისთვის გადადო. ეს კი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საფუძველია. სხდომა 10 იანვარს გაიმართება. დაკავებულების მხარდამჭერები, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის კოლეგები და მეგობრები საქალაქო სასამართლოს ეზოში პროცესის პარალელურად აქციას აანონსებენ.

ასევე ნახეთ:

სრულად წაკითხვა