რუბიო კოსტა-რიკას კიბერდანაშაულთან და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლაში მხარდაჭერას დაჰპირდა

3 hours ago 1

4 თებერვალს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პირობა დადო, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს კოსტა-რიკის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, 5G ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურას და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

რუბიომ განცხადება კოსტა-რიკის პრეზიდენტ როდრიგო ჩავესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყნის წინააღმდეგ კიბერთავდასხმა ყოველწლიურად დაახლოებით 110 მილიონჯერ ხდება.

„ეს ძალიან სერიოზულია - ამ ზომის ქვეყნისთვის წელიწადში 110 მილიონი კიბერთავდასხმა - ექსტრაორდინარულია და ისინი ამას მამაცად უმკლავდებიან“, თქვა რუბიომ კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსეში.

2024 წლის ბოლოს, ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით, ამოიცნეს კიბერთავდასხმები, რომლებიც ჩინეთში მოქმედი კრიმინალური ჯგუფების მხრიდან მოდიოდა. მათი სამიზნე ქვეყნის ტელეკომუნიკაციები და ტექნოლოგიური სისტემა იყო. კოსტა რიკაში ჩინეთის საელჩომ ეს ბრალდება უარყო.

2023 წლის აგვისტოში ჩავესმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც არეგულირებს 5G ქსელის განვითარებას და პროცესში ჩართულობას უშვებს მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კიბერუსაფრთხოების საკითხზე ბუდაპეშტის კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებში არიან ბაზირებული. კიბერუსაფრთხოების კონვენცია საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც კიბერდანაშაულის საკითხებს ეხება.

„ამერიკის ხმამ“ ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს კომენტარისთვის მიმართა, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი ვერ მიიღო.

რუბიომ ასევე პირობა დადო, რომ ვაშინგტონი „უცხოეთის დახმარებას არ გააუქმებს“, მაგრამ დახმარების საკითხში პრიორიტეტს სანდო პარტნიორებს და მოკავშირეებს მიანიჭებს. მან პირობა დადო, რომ კოსტა-რიკასთან თანამშრომლობა გაგრძელდება და სან-ხოსეს ნარკოტიკების კონდრაბანდის საქმეებთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების ფედერალურ უწყებათა დახმარება შესთავაზა.

რუბიოს ტურნე ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ხუთ ქვეყანაში, სახელმწიფო მდივნის როლში მისი პირველი დიდი დიპლომატიური მისიაა. მისიის საკვანძო პრიორიტეტებში შეერთებულ შტატებში უკანონო იმიგრაციის შეკავება და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლაა.

პანამის, სალვადორის და კოსტა-რიკის ლიდერებთან მსჯელობის შემდეგ, 4 თებერვალს სახელმწიფო მდივანი გვატემალაში ჩავიდა. დღეს რუბიო დომინიკის რესპუბლიკაში მიემგზავრება.

სრულად წაკითხვა