WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსებს მილიარდები გააქვთ ქვეყნის საბანკო სისტემიდან — ეს არის ნაღდი ფულის რეკორდული გადინება უკრაინული დრონების თავდასხმების გაძლიერებისა და იმ მზარდი შიშის ფონზე, რომ კრემლმა საკუთარი ომის დასაფინანსებლად შესაძლოა დეპოზიტების მითვისება დაიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია გავლენიანი ამერიკული გამოცემის, Washington Post-ის მიერ გამოქევყნებულ ვრცელ სტატიაში.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, აგვისტოს პირველ ორ კვირაში თითქმის 3,4 მილიარდი დოლარი (286,4 მილიარდი რუბლი) იქნა გამოტანილი, რასაც ემატება ივლისში გამოტანილი 7,3 მილიარდი დოლარი და ივნისში გამოტანილი 4,5 მილიარდ დოლარზე მეტი.

წელს გამოტანილი თანხის ჯამურმა რაოდენობამ შესაძლოა თითქმის ორჯერ გადააჭარბოს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს გამოტანილ თანხას, — აცხადებს ტარას სკვორცოვი, რუსეთის უმსხვილესი საცალო საფინანსო ინსტიტუტის, Sberbank-ის მაღალჩინოსანი.

სკვორცოვისა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, თანხების გატანა ლიკვიდურობის პრობლემებს იწვევს და ზედმეტად ტვირთავს ფინანსურ სექტორს, რომელიც უკვე ისედაც დაძაბულია უიმედო ვალების მზარდი რაოდენობის გამო. ეს კი სამხედრო წარმოების გაზრდის მიზნით მთავრობის მიერ მართულმა დაკრედიტების ბუმმა გამოიწვია.

„დრონები დაფრინავენ. ყველაფერი იწვის. ნერვიულობა იზრდება. და შესაძლოა, ადამიანების ყოველდღიური სიბრძნე ამუშავდა იმის შესახებ, რომ ნაღდი ფული ბალიშის ქვეშ უნდა ჰქონდეთ და არა სადღაც ბანკებში, საიდანაც შესაძლოა აღარც არასდროს დაუბრუნდეთ“, – თქვა ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც სხვების მსგავსად სენსიტიური საკითხების განსახილველად Post-თან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

„ზოგიერთი ბანკისთვის ეს მართლაც პრობლემაა“, – განაცხადა ყოფილმა მაღალჩინოსანმა. „ისინი ამას არ ელოდნენ და მთელი ნაღდი ფული სხვაგან დააბანდეს, ხალხი კი მოდის და თვეში ნახევარი ტრილიონი რუბლი მიაქვს.“

რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსანდრა პროკოპენკომ განაცხადა, რომ თანხების გამოტანა რუს საზოგადოებაში შიშის გაღრმავებას ასახავს.

„ეს ნიშნავს, რომ ხალხს არ აქვს ნდობა რუსული საბანკო ან რუსული ფინანსური სისტემის მიმართ“, – თქვა პროკოპენკომ. „ეს ყველაფერი არის იმ შიშის შედეგი, რომ მთავრობა რაღაცას უზამს საბანკო სისტემას, რომ მან შეიძლება დეპოზიტების ნაციონალიზაცია მოახდინოს.“

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ რუსებს ეშინიათ, რომ მთავრობა მათი საბანკო ანგარიშებიდან ფულს მოხსნის და ომის დაახარჯებს.

პროკოპენკომ თქვა, რომ მისი აზრით, მსგავსი ნაციონალიზაცია ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ დასძინა: „არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ თანხის გატანაზე ლიმიტები დააწესოს.“

წელს უკვე გადინებული თანხის საერთო რაოდენობა აჭარბებს 24,7 მილიარდ დოლარს (2 ტრილიონ რუბლს), რომელიც 2022 წლის თებერვლის შეჭრის შემდგომ, პირველ წელს იქნა გატანილი.

შეჭრის პირველ ორ კვირაში სისტემიდან 23 მილიარდმა დოლარმა გაჟონა და ჩანდა, რომ ბანკები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ მეანაბრეებისა და ბიზნესების რიგების გამო, რომლებიც ანგარიშების დასაცარიელებლად მოვიდნენ, სანამ მთავრობამ კაპიტალის მკაცრი კონტროლის დაწესებითა და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრად გაზრდით არ შეაჩერა ეს პროცესი.

ახლა მსხვილი ბიზნესებიც ცდილობენ ფულის გატანას რუსეთის მარეგულირებლებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან აქტივების პოტენციური კონფისკაციის გამო შფოთვა იზრდება. ეს კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემებს, აღნიშნა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში რუსეთიდან მთლიანობაში 9,4 მილიარდ დოლარზე მეტი გადაირიცხა.

„ყოველთვიურად დიდი გადინება ხდება“, – განუცხადა სკვორცოვმა რუსულ რადიოსადგურ RBK Radio-ს. „თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.“

თანხების გამოტანამ უკვე შეარყია რუსეთის მთავრობის ძალისხმევა, სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების გზით მოეზიდა ომის დასაფინანსებელი სახსრები.

გასულ თვეში ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა გაეუქმებინა ობლიგაციების დაგეგმილი ემისია, მიუხედავად იმისა, რომ იგი სულ უფრო მეტად არის მათზე დამოკიდებული მზარდი საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად, რადგან სამხედრო ხარჯები კვლავ იზრდება, მაშინ როცა ეკონომიკა შეფერხებულია.

სკვორცოვმა RBK Radio-ს განუცხადა, რომ ბანკების ლიკვიდურობის პრობლემები ნიშნავს, რომ ბევრს არ შეუძლია გამოყოს ნაღდი ფული სახელმწიფო ობლიგაციების შესაძენად.

„თუკი არსებობს იმპერიული გადაჭარბების საგანგაშო ნიშანი, ეს აშკარად ერთ-ერთი მათგანია“, – თქვა კრეიგ კენედიმ, Bank of America Merrill Lynch-ის საინვესტიციო ბანკინგის ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ, რომელიც ახლა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრის მეცნიერია.

თავდაცვის სექტორისთვის დაკრედიტების გაზრდის შესახებ მთავრობის ბრძანებების შედეგად, რუსულ ბანკებს „როგორც ჩანს, იმდენად დიდი შეხება აქვთ არასიცოცხლისუნარიან მსესხებლებთან, რომ არ არიან დარწმუნებულნი, როგორ მოხდება ამის რესტრუქტურიზაცია, როდის მოხდება ეს და რა ნაწილის ჩამოწერა მოუწევთ“, – დასძინა კენედიმ.

იმის ნიშნად, თუ რამდენად მტკივნეული ხდება კრემლისთვის რუსეთის ფინანსებზე არსებული ზეწოლა, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო ბანკის, VEB-ის მთავარი ეკონომისტი, ანდრეი კლეპაჩი, ამ შაბათ-კვირას თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ რუსეთი ვერ მოიგებს გამოფიტვის ომს უკრაინის წინააღმდეგ, სანამ კიევს დასავლეთი უჭერს მხარს.

„ჩვენ ვერ მოვიგებთ კონკურენციას ამ გამოფიტვის ომში“, – თქვა კლეპაჩმა მაისში გამართულ პრეზენტაციაზე, რომელიც მედიაში გასულ კვირას გავრცელდა. „ჩვენ ილუზიაში ვართ, თითქოს [უკრაინაში] ყველაფერი ჩამოიშლება. ასე არ მომხდარა და არც მოხდება. ამასობაში კი, ის ხარჯები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, სულ უფრო იზრდება.“

მას შემდეგ, რაც ამ გაზაფხულზე უკრაინამ რუსული ნავთობის ობიექტების წინააღმდეგ დრონების კამპანიის გაფართოება დაიწყო, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ქვეყნის გადამამუშავებელი სიმძლავრის 30 პროცენტზე მეტი და გამოიწვია ყველაზე უარესი საწვავის კრიზისი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შფოთვა კიდევ უფრო გაძლიერდა.

ივნისში, რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა შეეზღუდა მოსალოდნელი საპროცენტო განაკვეთის შემცირება იმის შიშით, რომ საწვავზე ფასების ზრდა ინფლაციას გამოიწვევდა. ობლიგაციების ბაზარზე პანიკა ატყდა, რამაც მთავრობის 10-წლიანი ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 17 პროცენტამდე გაზარდა და აიძულა ფინანსთა სამინისტრო შემდგომი ემისიები გადაედო.

იმის გათვალისწინებით, რომ იანვრიდან ივლისამდე პერიოდის საბიუჯეტო დეფიციტმა უკვე 6,46 ტრილიონ რუბლს (76,1 მილიარდი დოლარი) მიაღწია, რაც ბევრად აღემატება მთელი წლისთვის პროგნოზირებულ 3,8 ტრილიონ რუბლს – იზრდება შიში, რომ კრემლმა შეიძლება ომის დასაფინანსებლად მსხვილი ბიზნესების შემოსავლების კონფისკაცია მოახდინოს.

„თუ მთავრობას ნაღდი ფული დასჭირდება, პუტინი უბრალოდ აქტივებს მიიტაცებს. მას არ ადარდებს“, – თქვა ერთ-ერთი რუსი მილიარდერის თანამოაზრემ. „და ვფიქრობ, სწორედ აქეთკენ მიდის საქმე.“

გარდა ამისა, „არსებობს განცდა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება აღარ არის ისეთი სტაბილური, და ეს ისეთი პერიოდია, როდესაც ჯობია აქ არ იყო“, – განაცხადა ფინანსთა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

რუსი პროკურორების განცხადებით, რუსი მილიარდერების კუთვნილი რამდენიმე ბიზნესი უკვე აღმოჩნდა მთავრობის სამიზნე ნაციონალიზაციის კამპანიის ფარგლებში, რის შედეგადაც მხოლოდ გასულ წელს სახელმწიფოსთვის 51,5 მილიარდი დოლარის აქტივების ჩამორთმევა მოხდა.

ივნისში რუსეთის სახელმწიფომ მოახდინა ვადიმ მოშკოვიჩთან დაკავშირებული 7,6 მილიარდი დოლარის (550 მილიარდი რუბლი) აქტივების კონფისკაცია. მოშკოვიჩმა დააარსა Rosagro, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგი, მას შემდეგ, რაც მილიარდერი დააკავეს და ბრალი დასდეს ფართომასშტაბიან თაღლითობაში.

ეს იყო ყველაზე დიდი აქტივების ჩამორთმევა რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. სხვებს შორის, ვინც დაკარგა აქტივები სახელმწიფოს სასარგებლოდ, არიან დიმიტრი კამენშჩიკი, რომელიც ადრე ფლობდა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტს; და კონსტანტინე სტრუკოვი, რომელიც აკონტროლებდა ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ოქროს მაღაროს.

ზოგიერთი ეკონომისტი ამტკიცებს, რომ კრემლის მცდელობა, საბანკო დაკრედიტება სამხედრო წარმოების გაზრდისკენ მიმართოს, ახრჩობს სამოქალაქო ეკონომიკას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია ბანკებსა და კომპანიებს მცირე სახსრებს უტოვებს არასამხედრო სექტორებში ინვესტირებისთვის.

“რუსეთის ეკონომიკა შეფერხდა 2026 წლის პირველ ნახევარში, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 0,3 პროცენტამდე დაეცა, 2025 წლის პირველი ნახევრის 1,2 პროცენტთან შედარებით.

თუმცა, ამ დროისთვის, ტრამპის ადმინისტრაციის ომმა ირანთან ნავთობის ფასები ისევ გაზარდა და კრემლს ნაწილობრივი ამოსუნთქვის საშუალება მისცა საბიუჯეტო კრიზისიდან.

რუსეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის შემოსავლები ივლისში 60 პროცენტით გაიზარდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გლობალური ფასების ზრდის ფონზე, მაგრამ იანვრიდან ივლისამდე პერიოდში ის მაინც 11 პროცენტით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით”, – წერს “ვაშნგტონ პოსტი”.

უკრაინის თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ისევე როგორც რუსეთის უმსხვილესი ონლაინ-საცალო ვაჭრობის კომპანიის, Wildberries-ის საწყობების ფართო ქსელზე, ასევე ურტყამს რუსი მილიარდერების შემოსავლებს.

„ეს ამ ხალხს ფული უჯდება“, – თქვა რუსი მილიარდერის თანამოაზრემ, რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებზე მითითებით. „მათ უწევთ ჯიბეში ხელის ჩაყოფა. ისინი არ არიან მიჩვეულნი ამდენ პრობლემას.“

უკრაინამ დაარტყა Wildberries-ის 20-ზე მეტ საწყობს მას შემდეგ, რაც 18 ივლისს დაიწყო კომპანიის ობიექტების მიზანში ამოღება, ისეთი თავდასხმებით, რომლებმაც, ზოგიერთი ეკონომისტის შეფასებით, გაანადგურა 6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი და 3 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა Wildberries-ის ინფრასტრუქტურას.

„ეს არ არის ის ადგილი, სადაც ბიზნესის კეთება გინდა“, – დასძინა მილიარდერის თანამოაზრემ. „თუ შეგიძლია ფულის გატანა, ამას გააკეთებ.“

მოსკოვის ერთ-ერთმა ბიზნეს-ხელმძღვანელმა თქვა: „ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს ფულის გატანას ქვეყნიდან, მაგრამ ამის გაკეთება სულ უფრო და უფრო რთულდება.“

რუსეთიდან ფულის გატანის ძირითადი არხი, საზღვარგარეთ ფულადი გზავნილების მიმართ მთავრობის მზარდი შეზღუდვების ფონზე, მოიცავს საბროკერო ანგარიშების გახსნას მეზობელ ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში, აცხადებენ მოსკოვის ბიზნეს-ხელმძღვანელი და ფინანსთა ყოფილი მაღალჩინოსანი.

„იქიდან კი ამ ფულის ინვესტირება მთელ მსოფლიოში შეიძლება“, – თქვა ფინანსთა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

ომის მზარდი ფინანსური ზარალის გამო შეშფოთების ზრდასთან ერთად, რამდენიმე მაღალჩინოსანმა ბოლო კვირებში იშვიათი საჯარო გამოსვლები გამართა.

გერმან გრეფი, Sberbank-ის ხელმძღვანელი, ივნისის ბოლოს გამოვიდა საერთო რიგებიდან და საჯაროდ განაცხადა, რომ ყველას სურს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, მოსკოვის გავლენიანმა მერმა, სერგეი სობიანინმა, გააკრიტიკა პარლამენტის ხისტი ხაზის წევრების მოწოდებები ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ომზე ფოკუსირების შესახებ.

„თუ თავად მშვიდობიანი ცხოვრების ეკონომიკა არ იარსებებს, არ იქნება გადასახადები, არ იქნება მოსახლეობის შემოსავალი, პოლიტიკური სიტუაცია სრულიად განსხვავებული იქნება და მაშინ ჩვენ ომშიც ვერ მივაღწევთ წარმატებას“, – განუცხადა სობიანინმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ს. „ხოლო სიცოცხლის მოკვლა, სამოქალაქო ეკონომიკის მოკვლა, თავად ქვეყნის მოკვლას ნიშნავს.“