რუსეთმა შესაძლოა სომხეთს ბუნებრივი გაზით მომარაგება სრულად შეუწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხურ გაზეთ Hraparak-ზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს. თავის მხრივ სომხური გაზეთი რუსულ წყაროებს ეყრდნობა.
გამოცემის ცნობით მოსკოვის მოთხოვნებს გიუმრის ბაზის შენარჩუნება და რუსული კაპიტალის მქონე კომპანიების მათ შორის „სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა“ და „გაზპრომის“ ხელშეუხებლობა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ნოემბრიდან „მასშტაბური ავარიის“ საბაბით გაზმომარაგება შეწყდეს. 24 სექტემბრის მდგომარეობით გაზმომარაგება უკვე შეჩერებულია, ოღონდ ოფიციალურ დასახელებულ მიზეზს სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოადგენს. წყვეტის მომენტში სომხეთი დაგროვილ მარაგებს ხარჯავს.
როგორც ცნობილია, ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდა იმდენად, რომ ერევანი ევრონტეგრაციის პროცესს იწყებს, მოსკოვი კი ცდილობს მის წინააღმდეგ თავისი ეკონომიკური ბერკეტები ბოლომდე გამოიყენოს
სომხეთში შექმნილი მდგომარეობა საქართველოსთვის ძალიან ნაცნობია. მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ, 2006 წლის იანვარში ჩრდილო კავკასიაში სავარაუდო დივერსიის შემდეგ საქართველო გაზმომარაგების გარეშე დარჩა. რასაც ღვინოზე და მინერალურ წყლებზე ემბარგო მოჰყვა. პარალელურად 2006 წელს 1000 მ3 გაზის საფასური $60-დან $110-მდე, ხოლო 2007 წელს $235-მდე გაიზარდა. დივერსიის მომენტში საქართველომ დროებით გაზი ირანისგან იყიდა, 2007 წლიდან კი ეტაპობრივად აზერბაიჯანულ გაზზე გადავიდა.
სომხეთი გაზის მოთხოვნის 80%-ზე მეტს რუსეთისგან იკმაყოფილებს, ირანის წილი 20%-ზე ნაკლებია. ირანიდან შესყიდვის მოცულობის გაზრდა შესაძლებელია, მაგრამ მილსადენის გამტარუნარიანობის შეზღუდვის გამო, ის პოტენციურ დეფიციტს სრულად ვერ აღმოფხვრის.
ერევანსა და ბაქოს შორის ბოლოდროინდელი პოლიტიკური დათბობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული პრობლემები აზერბაიჯანთანაც ნარჩუნდება. ტექნიკურად აზერბაიჯანს სომხეთის მომარაგება საქართველოს გავლით შეუძლია, მაგრამ აქ სომხეთისთვის კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს, ევროპაში აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნაა გაზრდილი იმდენად, რომ საქართველო შაჰ-დენიზის ტრანზიტიდან მისაღებ წილს, ძველი საბჭოთა მილსადენიდან იღებს.
სომხეთი წლების განმავლობაში რუსეთიდან საქართველოზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით (NSGP) მარაგდება. მილსადენის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 234 კმ-ს შეადგენს. მაქსიმალური გამტარუნარიანობა წლიურად 12 მლრდ მ3-ია, თუმცა რეალურად 6-ჯერ ნაკლები დატვირთვით მუშაობს.
2017 წლამდე საქართველო რუსეთიდან სომხეთისკენ ტრანზიტის საფასურად, ნატურის სახით გატარებული გაზის 10%-ს იღებდა, რაც იმ დროისთვის წლიურად 140-210 მლნ კუბური მეტრი გამოდიოდა. 2017 წლიდან ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ანაზღაურება მონეტიზირებული გახდა ანუ თბილისს არა გაზს, არამედ ფულს აძლევენ. ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია. ოპოზიციის მტკიცებით, ამ ცვლილებით საქართველოს მდგომარეობა უარესდებოდა, რასაც იმდროინდელი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კატეგორიულად უარყოფდა.
ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენით გატარებული გაზის მოცულობა (მლრდ მ3)
წყარო: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
სემეკის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველომ რუსეთისგან 788 მლნ მ3 ბუნებრივი გაზი შეიძინა, რაშიც საქსტატის მიხედვით ქვეყანამ 146 მლნ დოლარი გადაიხადა, ანუ 1000 კუბურ მეტრზე 185 დოლარი. სწორედ ამ თანხას ასახელებდა კახა კალაძე 2017 წელს და აცხადებდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად იმპორტის საფასური 215-დან 185 დოლარამდე შემცირდებოდა. (2025 წლის სტატისტიკაში ბუნებრივი გაზი დანარჩენ კატეგორიაშია გაერთიანებული, იმპორტი 886 მლნ მ3-მდეა გაზრდილი, მაგრამ ჯამური ფასის მითითების გარეშე ვერც 1 მ3-ზე დგინდება ღირებულება).
ძველი ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წელს საქართველო ნატურის სახით 230 მლნ მ3 გაზს მიიღებდა, რასაც რუსული გაზის ფასით თუ ვიანგარიშებთ 43 მლნ დოლარი გამოვა. უცნობია პირდაპირი ფინანსური სარგებელი, რასაც საქართველო რუსეთიდან სომხეთისთვის გაზის გატარებაში იღებს, ამ თანხაზე მეტია, თუ ნაკლები. არის კიდევ ერთი მომენტი, რუსული გაზი კონკურენციაში, ფასის გათვალისწინებით მხოლოდ კომერციულ სექტორში შემოდის და თუ ხელშეკრულების ძალით ტრანზიტის სანაცვლოდ ფასის დაკლებაა გათვალისწინებული, ეს დამატებით სარგებლად უნდა იქნას განხილული.
შაჰ-დენიზის მილსადენისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი, საიდანაც სომხეთი მარაგდება რუსეთისგან, საქართველოს საკუთრებაა და შესაბამისად მის შენახვისა და ფუნქციონირების ხარჯებს საქართველო იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანზიტის პირობები გასაიდუმლოებულია, თუ რუსეთი სომხეთ გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, საქართველო მაინც დაზარალდება, თუმცა უცნობია რა იქნება ამ ზარალის მოცულობა.
netgazeti