დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ რუსეთი მართლაც ერეოდა რეფერენდუმში ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის საკითხზე.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ენდი ბერნემმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია 2026 წლის ივლისიდან, პოდკასტ Rest is Politics-ს უამბო, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პრემიერის სტატუსით დაინტერესდა რეფერენდუმში რუსეთის შესაძლო ჩარევით და მიიღო მკაფიო დადებითი პასუხი.
დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას. გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა 2020 წელს. მთელი ეს პროცესი Brexit-ის სახელითაა ცნობილი.
ენდი ბერნემმა Rest is Politics-სთან ინტერვიუში, რომლის ნაწილიც 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ რუსეთის ჩარევაზე იყო პასიური რეაგირება და საზოგადოების არასაკმარისად ინფორმირება, თუ როგორ ცდილობდნენ უცხოეთიდან პოლიტიკური პროცესის დესტაბილიზაციას. ბერნემს არ დაუკონკრეტებია ჩარევის მცდელობის ხასიათი და მასშტაბი.
- დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვის და უსაფრთხოების კომიტეტმა 2020 წელს გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა რუსეთის შესაძლო ჩარევას 2016 წლის რეფერენდუმში და 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მოხსენებაში არ იყო ცალსახა დასკვნა რეფერენდუმზე გავლენის მცდელობის შესახებ, თუმცა საფრთხის არასრულყოფილად შეფასებისა და არასათანადო წინააღმდეგობის გამო გაკრიტიკებული იყვნენ იმ პერიოდის მთავრობები.
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩარევა უარყო და საპარლამენტო მოხსენებას „რუსოფობია“ უწოდა. კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების არჩევნებში არ ერევა.
radiotavisupleba ახალი ამბები