რუსეთის გემმა ბალტიის ზღვაში ცეცხლი გაუხსნა გერმანიის ვერტმფრენს

2 weeks ago 13

ბალტიის ზღვაში რუსული გემიდან ესროლეს ბუნდესვერის შვეულმფრენს. ამის შესახებ მოკლედ ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში ნატოს შეხვედრის მსვლელობისას. სროლა განხორციელდა სასიგნალო რაკეტებით, ვერტმფრენი არ დაზიანებულა.

Deutsche Welle-ს ცნობით, ვერტმფრენი სადაზვერვო მისიას ასრულებდა. ბერბოკს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის გემიდან განხორციელდა სროლა. გაზეთი Berliner Zeitung-ი იტყობინება, რომ ეს იყო სამოქალაქო ტანკერი. გერმანულმა სააგენტო DPA-მ აღნიშნა, რომ სასიგნალო რაკეტების გამოყენება მხოლოდ საგანგებო სიტუაციებშია დასაშვები.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბალტიის ზღვაში ყოველთვის არის გემები, რომლებსაც რუსეთიდან გადააქვთ საქონელი, რომლებზეც ვრცელდება ევროკავშირის სანქციები. მისი თქმით, გერმანიამ უნდა გააძლიეროს რეგიონში პატრულირება, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვას რუსეთისა და მისი მხარდამჭერების ჰიბრიდული თავდასხმებისგან.

ასეთი თავდასხმების მაგალითებად მინისტრმა დაასახელა ნოემბრის შუა რიცხვებში ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო კაბელების დაზიანება და რეგიონში GPS სისტემის დაბლოკვის ინციდენტები, რის გამოც სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავები სირთულეებს განიცდიან.

2022 წლის სექტემბრის ბოლოს ბალტიის ზღვაში დაზიანდა გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოთხიდან სამი ხაზი. მაგისტრალის აღდგენა შეუძლებელია. შვედეთის, დანიისა და გერმანიის მიერ ჩატარებულმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ გაზსადენები ააფეთქეს, მაგრამ დამნაშავეების დადგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რუსეთი გამოძიებაში არ მონაწილეობს. მოსკოვი მომხდარისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს. ისინი უარყოფენ აფეთქებებთან კავშირს.

სრულად წაკითხვა