WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის დონეცკის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ არეალებში გაგზავნეს მოსკოვის დიდი მთავრის, დმიტრი დონელის ნაწილები, რომლებიც აგვისტოში ამოიღეს მოსკოვის კრემლის მთავარანგელოზის ტაძრიდან და რომლებსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნაწილებად მიიჩნევს. მოსკოვის საპატრიარქოს სამხედრო დანაყოფი იუწყება, რომ წმინდა ნაწილების შემცველი კიდობანი "გზაშია, საბრძოლო შეხების ხაზისაკენ".

სამშაბათს, 8 სექტემბერს ნაწილები გამოფინეს დონეცკის ოლქში მდებარე მემორიალურ კომპლექსში. 9 სექტემბრიდან დაიწყება წმინდანის სხეულის ნაწილების ტარება საბრძოლო დანაყოფებთან, როგორც რუსეთი უწოდებს "საგანგებო საომარი ოპერაციის" - ანუ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის - ზონაში, "სამხედრო მოსამსახურეების ყოველმხრივი სულიერი მხარდაჭერისა და საზრდოსთვის".

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე თავის მიმართვაში ამბობს, რომ ნაწილებს დონბასში ჩამოატარებენ "საგანგებო დროს, როცა რუსეთის ხალხების წინააღმდეგ - ისევე, როგორც მთავარ დმიტრი დონელისა და ღირსი სერგი რადონეჟელის დროს - მოქმედებენ ძალები, რომლებსაც სურთ გახლიჩონ ჩვენი ეკლესია და საზოგადოება, წაგვართვან ისტორიული მახსოვრობა და ერთობა". კირილემ აღნიშნა, რომ ფრონტზე გაიგზავნა დმიტრი დონელის მარჯვენა ხელი - "სწორედ ის, რომელშიც მას ხმალი ეპყრა კულიკოვოს ველზე".

დმიტრი დონელის სხვა ნაწილები 7-დან 20 სექტემბრამდე გამოფენილია მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში. შემდეგ ის ნაწილებიც ტურნეში გაემგზავრება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებსა და ეპარქიებში.

დმიტრი დონელი იყო მოსკოვის დიდი მთავარი XIV საუკუნის მეორე ნახევარში, იგი ძირითადად ცნობილია 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლაში გამარჯვებით. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მას წმინდანად მიიჩნევს.