რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინული დრონები აფხაზეთშიც ჩამოაგდეს

1 hour ago 2

რუსეთზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევის შემდეგ, 23 ივნისს გვიან ღამით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ ადგილების, სადაც მისი ინფორმაციით, „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 31 უკრაინული დრონი.

ამ ჩამონათვალში რუსეთის ექვსი რეგიონისა და ანექსირებული ყირიმის გარდა „აფხაზეთის რესპუბლიკაცაა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციიდან, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, არ ჩანს, კონკრეტულად სად და რამდენი დრონი მოიგერიეს ოკუპირებულ აფხაზეთში.

აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს 23 ივნისს არ გაუვრცელებია ცნობა დრონის ჩამოგდების შესახებ.

ერთი დღით ადრე, 22 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთთან მოსაზღვრე ზონაში „წარმატებით მოიგერიეს“ დრონის შეტევა, ის შავ ზღვაში ჩამოვარდა და მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებენ, რადგან დინებამ დრონის ნამსხვრევები შესაძლოა, ნაპირზე გამორიყოს.

უკრაინის თავდაცვის ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით ხშირად უტევენ რუსეთის კრასნოდარის მხარეს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება.

ბოლო თვეებში არაერთხელ გავრცელდა ცნობა აფხაზეთში დრონების შეღწევის შესახებ.

18 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ „უპილოტო სისტემების ძალებმა ნახევარი საათით დაკარგეს კავშირი“ თავის დრონთან, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის მონიტორინგს“ აწარმოებდა მდინარე ენგურის გასწვრივ. ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ სიგნალს ახშობდნენ „დასავლეთის წარმოების ქართული რადიოლოკაციური სადგურები“.

სრულად წაკითხვა