14 სექტემბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია 32 წლის ანდრეი სამუილოვსკის მიერ თავის დამნაშავედ ცნობაზე. საქმე ეხებოდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევით აშშ-ში წარმოებული საავიაციო და საჰაერო-კოსმოსური დეტალების რუსეთში უკანონო ექსპორტის სქემასთან კავშირს.
სამუილოვსკის აქვს ესტონეთის, შვეიცარიისა და რუსეთის მოქალაქეობა.
მან თავი დამნაშავედ ცნო მსაჯულ კარლ ნიკოლსის წინაშე ბრალდების ერთ პუნქტზე, რომელიც ეხება შეთქმულებას ექსპორტის კონტროლის რეფორმის შესახებ აშშ-ის კანონის დასარღვევად. განაჩენის გამოცხადება 2027 წლის 13 იანვარს არის დაგეგმილი. სამუილოვსკის ემუქრება მაქსიმალური სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს საქმის დეტალებსაც:
„2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით, სამუილოვსკი და სხვები შევიდნენ შეთქმულებაში რუსეთის აკრძალული მომხმარებლებისთვის, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს (BIS) სავალდებულო ლიცენზიის გარეშე, საჰაერო-კოსმოსური კომპონენტების მისაწოდებლად".
BIS-ი აწესრიგებს აშშ-ში წარმოებული ტექნოლოგიების ექსპორტს, მათ შორის, არეგულირებს საჰაერო-კოსმოსურ ნაწილებსა და სხვა პროდუქციას, რომელიც კონტროლდება ეროვნული უსაფრთხოების, რეგიონული სტაბილურობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. BIS-ის ლიცენზია იყო სავალდებულო რუსეთში საჰაერო-კოსმოსური საქონლის ექსპორტისთვის.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში წერია:
"სამუილოვსკი იყო ITC Middle East-ის თანადამფუძნებელი. კომპანია ოფიციალურად დაფუძნდა 2022 წლის მარტში, დაახლოებით ოთხ კვირაში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, რამაც გამოიწვია რუსეთის ექსპორტზე შეზღუდვები და აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვათა სანქციები.
ITC-ს დაფუძნებიდან 2024 წლის სექტებრამდე მონაკვეთში აშშ-ის სხვადასხვა კომპანიიდან ITC-ში ამერიკული წარმოების პროდუქციის ათობით პარტია გაიგზავნა. ექსპორტირებული ან რეექსპორტირებული, აშშ-ში წარმოებული საქონელი უპირატესად შედგებოდა აერონავტიკასთან დაკავშირებული საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისგან და მისი კუმულაციური ღირებულება თითქმის $2 მლნ იყო".
განცხადება გააკეთეს აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჯონ ეიზენბერგმა, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის პროკურორმა ფერის პირომ და გამოძიების ფედერალური ბიუროს კონტრდაზვერვისა და შპიონაჟის განყოფილების დირექტორის თანაშემწემ რომან როჟავსკიმ.
რუსეთის სანქცირებული მომხმარებლისთვის აშშ-ში წარმოებული პროდუქციის მიწოდების სქემის გამოსავლენად გამოძიება ჩაატარეს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS).
radiotavisupleba ახალი ამბები