რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, მისმა თანამშრომლებმა მოკლეს დმიტრი პუშკარევი, რომელიც რუსეთს საქართველომ რამდენიმე დღის წინ გადასცა.
რუსეთის სამართალდამცავი უწყებების ვერსიით, პუშკარევი პატიმართა გადასაყვან სპეციალურ ვაგონში ბადრაგს თავს დაესხა, მისი სამსახურებრივი იარაღი ჩაიგდო ხელში და გაქცევა სცადა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, მან ბადრაგის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - ერთი თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ სამი კი დაიჭრა.
რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, პუშკარევი თავდასხმის შემდეგ „გაანეიტრალეს“.
შემთხვევა 2 ოქტომბერს, კაბარდო-ბალყარეთში, მურტაზოვოს სადგურის რაიონში მოხდა. პუშკარევი სხვა პატიმრებთან ერთად მატარებლით ვლადიკავკაზიდან ადლერის მიმართულებით გადაჰყავდათ.
რუსეთის მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალურ ვაგონში რამდენიმე პატიმრის მონაწილეობით ბუნტი მოხდა და მათ მძევლები აიყვანეს. სასჯელაღსრულების სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ თავდასხმა მხოლოდ ერთმა პატიმარმა განახორციელა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების, სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზებისა და სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფის მუხლებით.
3 ოქტომბერს რუსულმა სახელმწიფო სააგენტო TASS-მა სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლული პატიმარი დმიტრი პუშკარევი იყო, რომელიც რუსეთს საქართველომ ცოტა ხნით ადრე გადასცა. წყაროს თანახმად, მას რუსეთში ნარკოდანაშაულებსა და დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნას ედავებოდნენ.
ექსტრადიცია საქართველოდან
ინფორმაცია საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორი პატიმრის გადაცემის შესახებ სექტემბრის ბოლოს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. თბილისმა მოსკოვს გადასცა დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ედავებოდნენ.
24 სექტემბერს უწყებამ კადრები გამოაქვეყნა, რომლებშიც ნაჩვენები იყო პატიმრების გადაცემა ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რუსული გამოძიება პუშკარევს რამდენიმე ნარკოდანაშაულს ედავებოდა, მათ შორის ნარკოტიკების შეძენასა და გასაღებას, ნარკოტიკული მცენარეების მოყვანასა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით მათ გავრცელებას.
საქართველოს პროკურატურას რუსეთისთვის პატიმრების გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
კიდევ ვინ გადასცა საქართველომ რუსეთს
2026 წელს რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე პუშკარევისა და ფედუნოვის გარდა, საქართველოდან რუსეთში კიდევ რამდენიმე ბრალდებულის ექსტრადირების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია:
- რასულ კაიტმაზოვი - რუსეთის გენპროკურატურამ 17 ივლისს განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს გადასცემდა 40 წლის დაღესტნელ კაცს. მას ბრალად ედება 2017 წელს სხვა პირთან ერთად კაცის ცემა, რომელიც მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. კაიტმაზოვი საქართველოში დააკავეს და რუსეთმა მისი ექსტრადიცია ამის შემდეგ მოითხოვა.
- მაქსიმ შერბაკოვი - 3 ივლისს რუსეთის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს გადასცემდა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს. გამოძიების ვერსიით, 2024 წლის აგვისტოში კონფლიქტის დროს მან ნაცნობს თავში რამდენჯერმე დაარტყა დანა. დაზარალებული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.
- ნიკიტა პოდსტავკინი - 2026 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთს გადასცა ძებნილი, რომელსაც 2024 წლის ივნისში თანამზრახველებთან ერთად კაცის ცემას ედავებიან. დაზარალებული მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოდსტავკინი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა და საქართველოში დააკავეს. თებერვალშივე რუსეთმა საქართველოს გადმოსცა გიორგი პაპაშვილი, რომელსაც ბრალი ედებოდა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში.
radiotavisupleba ახალი ამბები