გერმანიის საელჩო მოსკოვში რუსეთში გერმანიის ერთადერთ დიპლომატიურ დაწესებულებად დარჩება. რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს ფუნქციონირებაზე თანხმობა უკან გამოითხოვა, მან მუშაობა 18 სექტემბრამდე უნდა შეწყვიტოს. ცნობა 7 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
გარდა ამისა, 13 სექტემბრამდე რუსეთი უნდა დატოვონ რუსეთში მოქმედი გოეთეს სახელობის გერმანული კულტურის ცენტრების („გოეთეს ინსტიტუტი“) თანამშრომლებმა, ხოლო თავად ცენტრებმა საქმიანობა უნდა შეწყვიტონ. იმის შესახებ, რომ გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები რუსეთში დაიხურებოდა, მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ გადაწყვეტილებას „გერმანული მხარის არამეგობრულ ქმედებებზე“ საპასუხო ნაბიჯი უწოდეს. მანამდე გერმანიის ხელისუფლებამ, რუსეთის ლაიფციგის აეროპორტში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დივერსიის მცდელობაში დადანაშაულების შემდეგ, ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოსა და ბერლინში ე.წ. „რუსული სახლის“ (რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის სახლი) დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
„აღნიშნულია, რომ სწორედ გერმანიის ხელისუფლებამ გამოიწვია მორიგ ჯერზე ორმხრივ ურთიერთობებში ესკალაციის ახალი ტალღა“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აგვისტოს დასაწყისში ლაიფციგის აეროპორტში გადაიტაცეს ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავზე, ან-124-ზე, თავდასხმას ცდილობდა. პოლიციამ მოწყობილობის გაუვნებლებისთვის რობოტი გამოიყენა. რამდენიმე კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აეროპორტის სიახლოვეს აღმოაჩინეს კიდევ ერთი დრონი ასაფეთქებელი ნივთიერების კვალით.
1 სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა დივერსიის მცდელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ დრონის კონსტრუქცია, მისი კომპონენტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დეტონაციის სისტემები სრულად ემთხვევა იმ ნიმუშებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომსა და სხვა ჰიბრიდულ ოპერაციებში იყენებს.
რუსეთის ხელისუფლებამ მკვეთრი რეაგირება მოახდინა გერმანიის განცხადებასა და გადაწყვეტილებებზე. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გერმანია „ესკალაციის შემდგომ გზას დაადგა“. მისი თქმით, „არანაირი არგუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა“. სერგეი ლავროვმა გერმანიის ხელისუფლების მიერ წამოყენებულ ბრალდებებს „ნამდვილი ომის დასაწყისი“ უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრალდებები გერმანიის შიდაპოლიტიკურ პროცესებს დაუკავშირა.
ბერლინს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაზე რეაგირება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სანქტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს დახურვა უკავშირდება დიპლომატიური წარმომადგენლობის ორმხრივი შეზღუდვების სერიას. ჯერ კიდევ 2023 წელს გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ რუსეთს აუკრძალა გერმანიაში არსებული იმჟამინდელი ხუთი გენერალური საკონსულოდან ოთხის ფუნქციონირება. მანამდე მოსკოვმა რუსეთში გერმანელ სახელმწიფო მოსამსახურეთა რაოდენობა 350 ადამიანამდე შეზღუდა. ამის საპასუხოდ გერმანიამ დახურა თავისი გენერალური საკონსულოები კალინინგრადში, ეკატერინბურგსა და ნოვოსიბირსკში; ხოლო საელჩო მოსკოვში და გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში შენარჩუნდა.
radiotavisupleba ახალი ამბები