რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. შეტევის ახალი ტალღა 19-დან 20 ნოემბრის ღამით დაიწყო.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ სოციალური ქსელებით 20 ნოემბერს გამთენიისას გავრცელებული პირველადი მონაცემებით, დედაქალაქის სამ რაიონში დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურის ობიექტი. დარტყმა იყო ერთ-ერთი ხიდის მახლობლად.
კიევზე საჰაერო შეტევა იყო 19 ნოემბერს ღამითაც. კლიჩკოს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი. დაზიანდა სახლები და სხვა შენობები, მათ შორის ავსტრიის საელჩოს შენობა.
მინები ჩაიმსხვა კიევის ვლადიმირ საკათედრო ტაძარში. შედეგების ამსახველი ფოტოები უკრაინის ეკლესიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
19-დან 20 ნოემბრის ღამით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც.
მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, ხარკოვის შევჩენკოს რაიონში დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება. დაშავდა სულ მცირე, ოთხი ადამიანი.
რუსეთის ჯარებმა ხარკოვს შეუტიეს 19 ნოემბერს გვიან საღამოსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი დარტყმა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მახლობლად. დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი.
radiotavisupleba ახალი ამბები