უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული, დასრულებულია დროებითი ზავი, რომელიც უკრაინამ და რუსეთმა 27 ოქტომბერს გამოაცხადეს მსურველთა ევაკუაციისა და დარჩენილებისთვის სურსათისა და სხვა საჭირო პროდუქტების მისაწოდებლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 2 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ჰუმანიტარული პაუზა გამოიყენეს თავიანთი პოზიციების მოსაწყობად.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედებისას დაფიქსირებულია რუსული ქვედანაყოფების როტაცია, პოზიციების გამაგრება, გზებზე დრონების საწინააღმდეგო საშუალებების გაფართოება და საბრძოლო მასალების მარაგის შევსება.
რა აჩვენა ბრიტანულმა Sky News-მა?
2 ნოემბერს ბრიტანულმა ტელეკომპანია Sky News-მა აჩვენა კადრები, რომლებზეც არხის ინფორმაციით, ასახულია დროებითი ზავის პერიოდში რუსი სამხედროების მიერ ოლეშკიში მძიმე ტექნიკისა და საბრძოლო მასალების შეტანა.
Sky News-ის თანახმად, კადრები მოიპოვეს მას შემდეგ, რაც უკრაინის ქვედანაყოფმა, რომელიც ოლეშკის რაიონში ზავის პერიოდში აკვირდებოდა რუსეთის ჯარების გადაადგილებას, ტელერახს ექსკლუზიური წვდომა მისცა მართვის ცენტრზე.
ჰუმანიტარული კატასტროფა და დროებითი ზავი
ოკუპირებული ოლეშკი მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ქალაქ ხერსონთან, რომელიც მარჯვენა ნაპირზეა და უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.
კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ოლეშკიზე მუდმივ დარტყმებში, რომელთა გამოც ქალაქის მცხოვრებთათვის შეუძლებელი იყო საჭირო პროდუქტების მიწოდება.
ოლეშკისა და მის მეზობელ სოფლებში ჰუმანიტარული კატასტროფა შეიქმნა.
23 ოქტომბერს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მონაწილეობით რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ოლეშკის რაიონში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მომზადდეს მოსახლეობის ევაკუაცია.
ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბრიდან ამოქმედდა, ჰუმანიტარული ოპერაცია კი 30 ოქტომბერს დაიწყო.
ქალაქ ოლეშკისა და მისი მიმდებარე სოფლების მცხოვრებნი, რომლებიც ევაკუაციას დასთანხმდნენ, ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ რუსეთში ჩაიყვანეს, შემდეგ კი ბელარუსში, საიდანაც 31 ოქტომბერს ისევ უკრაინაში ჩავიდნენ.
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინფორმაციით, ევაკუირებულია 800-მდე ადამიანი.
radiotavisupleba ახალი ამბები