WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ჯარებმა მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმის მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის „ენერგეტიკული ზავი“ გამოაცხადა.

პირველი ცნობები ბალისტიკური რაკეტებით მორიგი შეტევის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა 14 ოქტომბერს გამთენიისას. კლიჩკოს თანახმად, რუსეთის ჯარებმა რამდენიმე ენერგოობიექტს დაარტყეს.

კიევის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, დარნიცკის და პეჩერის რაიონებში ელექტროტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერდა.

დილის რვა საათისთვის კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მორიგი ცნობა, რომ ბალისტიკური რაკეტებით მასირებული შეტევა იყო დედაქალაქ კიევის და კიევის ოლქის ენერგოობიექტებზე. ენერგომომარაგება შეფერხებულია.

წინასწარი მონაცემებით, კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

რუსეთის ჯარებმა რაკეტებთან ერთად გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები.

რუსეთის ჯარებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს 13 ოქტომბერს ღამითაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 9-სართულიან სახლზე დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 20-ზე მეტი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დარტყმა იყო კიევის ერთ-ერთ ძირითად ენერგოობიექტზეც, თბოელექტროცენტრალ-4-ზე.

ზელენსკის განცხადებით, ფაქტები აჩვენებენ, რომ რუსები საჭიროდ არ მიიჩნევენ იმის შესრულებას, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა (ენერგეტიკული ზავი). უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ ენერგოობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტას უკრაინამ მხარი დაუჭირა.