WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინაზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მორიგი შეტევის მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. ეს 3 ნოემბერს განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტმა და ენერგეტიკის სამინისტრომ. რუსეთმა ელექტროსადგურებზე დარტყმა დაადასტურა.

რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა ორიდან სამი ნოემბრის ღამიდან დაიწყეს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ენერგობიექტების გარდა ხარკოვსა და დნიპროში დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულებები. ნახევრად დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სასწავლო დაწესებულებები. დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და ასამდე დაშავდა.

დარტყმა, რომელსაც ელოდებოდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით 2 ნოემბერს ღამით განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს მორიგ მასირებულ დარტყმას, რომელსაც აშშ-ში 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებს დაამთხვევს.

3 ნოემბერს დილით ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთის „რთული მასირებული დარტყმის“ მთავარი სამიზნე ისევ ენერგეტიკა იყო - ელექტროსადგურები ოდესის, ჩერკასის, ჟიტომირის, ვინიცის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, ჩერნოვიცკის და როვნოს ოლქებში.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსებმა გამოიყენეს 289 დრონი და 17 ბალისტიკური და 59 ფრთოსანი რაკეტა:

„ეს ყველაფერი ამერიკის კონგრესის არჩევნების დღეს. რუსები ფიქრობენ, რომ ამერიკა მათ ამ სიგნალს ვერ შენიშნავს. მაგრამ საჭიროა შენიშნო და ასეთი ტერორი შეაჩერო. უკრაინას უნდა დაეხმარო ცის დასაცავად. სხვაგვარად რუსეთი არასდროს შეწყვეტს თავის სარაკეტო დარტყმებს. საჭიროა დახმარება მშვიდობის პატიოსნად და საიმედოდ მშენებლობისთვის და ამერიკას ამის გაკეთება შეუძლია“.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა შეძლეს 3 ბალისტიკური და 49 ფრთოსანი რაკეტის და 257 დრონის მოგერიება. რუსული რაკეტებით და დრონებით პირდაპირი დარტყმა იყო 23 ადგილზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 ნოემბერს დილით განაცხადა, რომ რაკეტებით და დრონებით უკრაინის ვინიცის, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქებში დარტყეს ოთხ თბოელექტროსადგურს და ორ ქვესადგურს, რომლებიც „ელექტროენერგიით უზრუნველყოფდნენ სამხედრო მრეწველობის საწარმოებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებს“.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგოობიექტების დაზიანებისა და ქსელში ძაბვის ვარდნის გამო ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დარღვეულია და ე.წ. ავარიულ გათიშვებს მიმართეს კიევის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის და ხარკოვის ოლქებში.

  • რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო და დღემდე ინტენსიურად განაგრძობს, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ.
  • უკრაინაში მოქმედებს ენერგომომარაგების გრაფიკი, რომელსაც სახელმწიფო ენერგოკომპანია ხშირად ვერ იცავს სისტემაში მწვავე პრობლემების გამო.
  • უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
  • თავის მხრივ, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ გამოაცხადა ელექტროსადგურები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ტერმინალები.
  • რუსეთი უკრაინის ამ შეტევებს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო უკრაინა - თავდაცვის უფლების რეალიზაციას.