ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, კევინ ჰამილტონი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავს ეხმაურება.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
„18 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ეს თავდასხმა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს იყო.
ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
საქართველო ათწლეულების განმავლობაში ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი იყო. ჩვენი პარტნიორობა დღესაც ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის – იგი ეფუძნება პრაქტიკულ თანამშრომლობას, რომელიც განპირობებულია მდგრადობისა და სტაბილურობისადმი ურყევი ერთგულებით და მტკიცედ არის ორიენტირებული მომავალზე“ – განაცხადა კევინ ჰამილტონმა.
წელს 18 წელიწადი გადის 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. 2008 წლის აგვისტოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ცხინვალის რეგიონში საქართველოსა და რუსეთის ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები განვითარდა. 8 აგვისტოს რუსეთმა საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალები შემოიყვანა და კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ომის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, ათიათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა, საქართველომ კი კონტროლი დაკარგა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილებზე. 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·