უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში დრონებით შეტევის საფრთხე შუაღამის შემდეგ გამოაცხადეს და დილის შვიდი საათისთვის გააუქმეს.
დილის ათი საათისთვის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონებით შეტევის შედეგად დაბა პროხოროვკის ნავთობის ბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.
ხანძარი რომ მასშტაბური იყო, ამას ადასტურებს გლადკოვის ინფორმაცია, რომ ცეცხლის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ტექნიკის გარდა სახანძრო მატარებლების გამოყენება დასჭირდათ. გუბერნატორის თანახმად, შეტევის შედეგად დაზიანებულია რეზერვუარები.
რუსეთის კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა დილით განაცხადა, რომ დრონებით შეტევის შედეგად სოჭის ადლერის რაიონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი კერძო სახლი დაზიანდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობის თანახმად, გასული ღამიდან დილის შვიდ საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 31 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 7 - ბელგოროდის ოლქში და 2 - კრასნოდარის მხარეში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დრონებით მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.