WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 აგვისტოს ხელი მოაწერა კანონს "რუსეთის ფედერაციის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ". დოკუმენტის თანახმად, თუ ამგვარი საწარმოების მესაკუთრეები არ გაატარებენ სათანადო ზომებს მათი დაცვისთვის - მათ შორის დრონებისგან - საწარმო შესაძლოა დროებით გადაეცეს გარე მმართველობას.

დოკუმენტის თანახმად, საგარეო მმართველობას განახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალური სააგენტო, ან პირი, რომელიც შეირჩევა "პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე". დროებით მმართველს შეეძლება განკარგოს საწარმოთა მოძრავი და უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და წილები საბაზისო კაპიტალში, ასევე ისარგებლოს მესაკუთრის სხვა უფლებებით.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებია მათ შორის საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსის საწარმოები, კავშირგაბმულობის ობიექტები, ასევე კომუნალური, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ბოლო ხანებში უკრაინის დრონებით სულ უფრო ხშირად ხორციელდება თავდასხმები რუსეთის საწარმოებზე, უწინარესად ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპლექსებზე - ანუ ე.წ. "მარკეტპლეისების", Wildberries-ისა და Ozon-ის საწყობებზე. რუსეთში აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საწარმოს უნდა განეხორციელებინა დამოუკიდებლად, ან დაცვის კერძო სტრუქტურების ჩართვით.