რუსეთში აფეთქება მოხდა სავარაუდოდ, სამხედრო ქარხანაში

1 week ago 9

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კოპეისკში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით აფეთქება მოხდა „ერთ-ერთ საწარმოში“. ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორი ალექსეი ტეკსლერი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებენ.

ზოგიერთი რუსული ტელეგრამ-არხი, მათ შორის ASTRA წერს, რომ აფეთქება მოხდა ქარხანა „პლასტმასში“, რომელიც რუსეთის არმიისთვის საარტილერიო ჭურვებს და რაკეტებს აწარმოებს. კოპეისკი უშუალოდ ესაზღვრება ჩელიაბინსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ჩელიაბინსკს.

გუბერნატორ ტეკსლერის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელშიც კონკრეტული საწარმო დასახელებული არ არის, დადასტურებულია 10 ადამიანის სიკვდილი. ჰოსპიტალიზებულია 5 და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გუბერნატორის თანახმად, აფეთქებით გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ტერიტორიის გამოკვლევა და ნანგრევებისგან გაწმენდა. ტეკსლერი ირწმუნება, რომ საწარმოზე დრონებით შეტევა არ ყოფილა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით აღძრა.

სრულად წაკითხვა