რუსეთში ბურიატებს საავადმყოფოს ვერ უშენებენ, უფულობის გამო

3 hours ago 2

რუსეთის ფედერაციის ბურიატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ულან-უდეში ვერ აშენებენ ახალ საავადმყოფოს, „რთული ფინანსური ვითარების“ გამო. ფედერაციის საბჭოს წევრი ბურიატიიდან, ვიაჩესლავ ნაგოვიცინი საკუთარ ტელეგრამარხზე წერს, რომ ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობა 2028 წლისთვის გადაიტანეს.

გამოცემა „სიბირ რეალიის“ ცნობით, ხელისუფლება ბურიატებს საავადმყოფოს მშენებლობას 2021 წლიდან ჰპირდება და ადგილობრივები მას ძალიან ელოდებიან, რადგან რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებები მუდმივად გადატვირთულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის დაჭრილების გამო, რომლებიც რუსეთს უკრაინის ფრონტიდან ჩაჰყავს.

საავადმყოფოს მშენებლობის გეგმა ჯერჯერობით მხოლოდ პროექტითა და ხარჯების დაანგარიშების დოკუმენტით შემოიფარგლება. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოს ხარჯის თანადაფინანსების ვალდებულება აქვს.

ინფექციური საავადმყოფოს ძველი შენობა ბურიატიის დედაქალაქში 1940-იან წლებშია აშენებული და 70%-ით მწყობრიდან არის გამოსული. ახალი საავადმყოფოსთვის საჭიროა 4.5 მილიარდი რუბლი.

საავადმყოფოს მშენებლობაში დახმარებას ბურიატებს ვლადიმირ პუტინი დაჰპირდა, 2021 წელს.

სრულად წაკითხვა