რუსეთში დროებით შეჩერდა სოჭისა და ყაზანის აეროპორტების მუშაობა, აეროპორტები რეისებს არც ამგზავრებენ და არც იღებენ. შეზღუდვები შემოღებულია "სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" - განაცხადა "როსავიაციამ" 27 დეკემბრის დილას, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
ტელეგრამის არხი Baza წერს, რომ რეისები შეჩერდა დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო.
სოჭის აეროპორტის პრესსამდივნოში ადასტურებენ, რომ 12 თვითმფრინავი გადაყვანილია სათადარიგო აეროდრომებზე, და რომ რამდენიმე რეისი არ გაფრინდა.
ყაზანის აეროპორტმა მუშაობა ოთხშაბათს შეწყვიტა - როცა რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ გაანადგურა უკრაინის 59 დრონი.
ღამით რუსეთში საჰაერო სივრცის გამოყენებაზე შეზღუდვა მოქმედებდა ვოლგოგრადის და ასტრახანის აეროპორტებში, ამჟამად შეზღუდვა მოხსნილია.
Baza აცხადებს, რომ გეგმა "ხალიჩა" - ანუ დახურული ცის რეჟიმი - ასევე შემოღებულ იქნა სამარის, გროზნოს და მაჰაჩყალის აეროპორტებში.
ახლახან დრონების საფრთხის გამო დროებით შეაჩერეს მუშაობა მოსკოვის აეროპორტებმაც - "შერემეტიევომ", "დომოდედოვომ", "ვნუკოვომ".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 27 დეკემბრის ღამით ჩამოგდებულ იქნა უკრაინის 13 დრონი. კურსკის ოლქის მესვეურების მონაცემებით, რეგიონის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ იქნა რაკეტაც.