WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთში მუსიკოსი ბორის გრებენშჩიკოვი, რომელსაც ხელისუფლება "უცხოეთის აგენტად" მიიჩნევს, დაადანაშაულეს ე.წ. "არასასურველ ორგანიზაციასთან" თანამშრომლობაში. ამ ცნობის შემცველი პროტოკოლი შევიდა მოსკოვის ხოროშევსკის რაიონულ სასამართლოში, მასზე ყურადღება გაამახვილა გამოცემამ "ოსტოროჟნო, ნოვოსტი".

ესაა ადმინისტრაციული საქმე - რუსეთში მოქმედი კანონმდებლობით, მუსიკოსი, შესაძლოა, დააჯარიმონ 15 ათას რუბლამდე თანხით (დაახლოებით $180). ამასთან, ახლახან შემოღებული კანონით, თუ უცხოეთში მცხოვრები პირი "თავს აარიდებს" სასამართლოს გადაწყვეტილებას, შესაძლოა ამოქმედდეს შეზღუდვის ზომები, ქონების დაყადაღების ჩათვლით.

ადმინისტრაციული საქმის დეტალები - ის, თუ კონკრეტულად რომელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავებიან გრებენშჩიკოვს - ჯერჯერობით გაურკვეველია. პროტოკოლი შეადგინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე, აღნიშნავს "მედიაზონა".

2025 წლის ოქტომბერში პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ გრებენშჩიკოვი დააჯარიმა 40 ათასი რუბლით (დაახლოებით $475), "უცხოეთის აგენტის" მოქმედების წესის დარღვევისთვის. მუსიკოსი ასეთად აღიარეს 2023 წელს.

ჯგუფების "აკვარიუმი" და "БГ+" ლიდერი, ბორის გრებენშჩიკოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკმუსიკოსია. ის აპროტესტებს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. გრებენშჩიკოვი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და კონცერტებს უცხოეთში მართავს.