რუსეთში, ვლადიმირის ოლქის რაიონულ სასამართლოზე პროკურატურამ ხუთ წელზე მეტი ვადით მოითხოვა პატიმრობის მისჯა სამი პირისთვის, რომლებიც უწინ იყვნენ კოლონიაში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადვოკატები. საქმე ეხება მათ მონაწილეობას ექსტრემისტულ გაერთიანებაში. ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, "ნოვაია გაზეტაზე" დაყრდნობით.
ბრალდების მხარე ითხოვს ვადიმ კობზევს პატიმრობა მიესაჯოს 5 წლით და 11 თვით, ალექსეი ლიპცერს - 5 წლით და 10 თვით, იგორ სერგუნინს - 5 წლით და 6 თვით.
როგორც იუწყებიან, კობზევი და ლიპცერი თავს უდანაშაულოდ აცხადებენ, სერგუნინმა კი ბრალი აღიარა და ჩვენებაც მისცა.
სამი ადვოკატი 2023 წლის ოქტომბერში მოათავსეს იზოლატორში, ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის - ასეთად რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ორგანიზაციებს მიიჩნევს.
საქმე ეხება კიდევ ორ ადვოკატს - ალექსანდრ ფედულოვს და ოლგა მიხაილოვას. მათ რუსეთის დატოვება მოასწრეს და სასამართლოებმა მათ დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა.
ალექსეი ნავალნი იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი და ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგე. მას ხანგრძლივი ვადით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა, სხვადასხვა პოლიტიკური მუხლით.
ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის სოფელ ხარპში მდებარე კოლონიაში. ოფიციალური ვერსიით, პოლიტიკოსის გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით მოხდა.
ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას ნათქვამი აქვს, რომ მისი ქმარი "სიცოცხლის ბოლო წუთებში უჩიოდა მწვავე ტკივილს მუცლის არეში", ხოლო ნავალნის მოკავშირეები თვლიან, რომ ის ციხეში მოკლეს, სავარაუდოდ, კრემლის მითითებით, რასაც კრემლი უარყოფს.