რუსეთში პირველად გამოცხადდა სარაკეტო საფრთხე ურალის ყველა რეგიონში

16 hours ago 2

უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ პირველად სარაკეტო საფრთხის რეჟიმი ერთდროულად გამოცხადდა რუსეთის ურალის ფედერალური ოლქის მთელ ტერიტორიაზე. ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელზე, არტიომ ჟოგაზე დაყრდნობით.

იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში განგაში პირველად გაისმა ომის დაწყების შემდეგ. გუბერნატორმა, დმიტრი არტიუხოვმა მოსახლეობას მოუწოდა დარჩენილიყვნენ შენობებში, არ მიახლოვებოდნენ ფანჯრებს. ეს ოლქი უკრაინის საზღვრიდან ორ ათას კილომეტრზე მეტი დაშორებით მდებარეობს.

როგორც სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, უკრაინის დრონების მოქმედების რადიუსის გაზრდის შედეგად პოტენციური დარტყმის ზონაში მოექცა რუსეთის მნიშვნელოვანი ტერიტორია და მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი.

აპრილის შემდეგ უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა სულ მცირე ხუთი თავდასხმა განახორციელეს ჩელიაბინსკზე, რამდენჯერმე ჩააღწიეს ეკატერინბურგამდე და პერმამდე, დარტყმა მიიტანეს ჩებოქსარიზე. 4 მაისის ღამით დრონი მოსკოვში მოხვდა კრემლიდან ექვსიოდე კილომეტრით დაშორებულ საცხოვრებელ სახლს.

გახშირებული თავდასხმების ფონზე რუსეთის ხელისუფლება აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს, ზღუდავს კავშირებს. გამოცემა Financial Times-ი იუწყება, რომ კრემლმა ასევე გაამკაცრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაცვის ზომები.

სრულად წაკითხვა