WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

18 სექტემბერს რუსეთში დაიწყო სახელმწიფო დუმის არჩევნები, რომელიც სამ დღეს გასტანს და 20 სექტემბერს დასრულდება.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ხელყოფით არჩევნებს ატარებს უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

რუსეთის 450-წევრიან სახელმწიფო დუმას პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

კენჭისყრაში მონაწილეობს 10 პარტია: პუტინის პარტიად წოდებული „ედინაია როსია“(ერთიანი რუსეთი), კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, „ახალი ხალხი“, „სამართლიანი რუსეთი“, „პენსიონერთა პარტია სოციალური სამართლიანობისთვის“, „რუსეთის კომუნისტები“, „როდინა“(სამშობლო), „მწვანეები“ და „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“.

ერთადერთ პარტიას, რომელიც უკრაინაში ომს აკრიტიკებდა და მის შეწყვეტას მოითხოვდა, „იაბლოკოს“, დუმის არჩევნებში პროპორციული სისტემით მონაწილეობის უფლება არ მისცეს. „იაბლოკოს“ წევრები ზოგიერთ ოლქში კენჭს მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით იყრიან.

  • 2026 წლის 10 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია „როდინას“ საჩივარი „იაბლოკოს" ფედერალური საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
  • „როდინას“ საჩივრის თანახმად, „იაბლოკო" სოციალურ ქსელებში ავრცელებდა აგიტაციას საარჩევნო ფონდიდან დაფინანსების გარეშე, არღვევდა საავტორო უფლებებს, პარტიის დონორებს შორის კი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ. მომჩივანი „იაბლოკოს" ბრალს სდებდა ექსტრემიზმშიც.
  • პარტიის თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვმა განაცხადა, რომ „იაბლოკოს" ოპონენტები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებითა და პატიოსანი, ღია და საჯარო დისკუსიების შიშით ანგრევენ რუსეთის სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს და რუსეთის სახელმწიფოსაც.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის წინა არჩევნები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2021 წლის სექტემბრში ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობა მოიპოვა პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ „ედინაია როსია".

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დუმამ მიიღო უკრაინაში ანექსირებული ახალი ტერიტორიების დაკანონებასთან დაკავშირებული არაერთი დოკუმენტი და რუსეთის მოქალაქეების უფლებების კიდევ უფრო შემზღუდავი არაერთი კანონი.

მათ შორისაა ე.წ. ფეიკების კანონი, რომლის საფუძველზეც, თუ რუსული არმიის შესახებ გავრცელებული ცნობები ოფიციალურ ინფორმაციას არ ემთხვევა, გამავრცელებელი ჯარიმით, ან პატიმრობით ისჯება.