მსახიობი, პარტია “ლელოს” წევრია ვეფხვია კასრაძე ციხიდან გამოგზავნილი წერილით მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეწყვიტონ პროტესტი. მისი თქმით, დემონსტრანტების ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის გარდა, ამავე აქციებზე დაკავებულთა თავისუფლებისთვს ბრძოლაცაა, რისთვისაც მადლობას უხდის მათ.
TV პირველისთვის გაგზავილ წერილში კასრაძე საუბრობს იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც იგივე საქმის ფარგლებში აქვთ ბრალი წარდგენილი. საუბარია 18-25 წლის ახალგაზრდებზე, რომელთა ნაწილს კასრაძის მსგავსად, ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად, ნაწილს კი – ამ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობა. კასრაძე ამბობს, რომ მშობლება უნდა იამაყონ ამ ახალგაზრდებით, რადგან ისინი “სიმტკიცის, კულტურის და მაღალი ზნეობის” მაგალითები არიან.
“მოგესალმები ჩემო საქართველო! მოგესალმებით რუსთაველის გამზირის გმირებო! გილოცავთ შობა-ახალ წელს და ახალი საქართველოს დაბადებას! დღეს სწორედ რუსთაველზე დგას ის უზარმაზარი გრდემლი, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის ფარი და მახვილი იჭედება! სადაც საქართველოს ჯაჭვის პერანგი იქსოვება! და იმ ჯაჭვის პერანგის თითოეული რგოლი თქვენ ხართ თითოეული ახალგაზრდა,თითოეული მოქალაქე. ბრძოლის ცეცხლში გატარებული და საკუთარ სისხლში გაციებული როგორც ფოლადი, ხორუმის ცეკვით რომ ექსოვებით საქართველოს ჯაჭვის პერანგად, ჩვენ აქ გავდივართ წრთობას ციხის კედლებში.
ჩვენი სამჭედლოც და გრდემლიც აქ არის. ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს გატეხოს ამ მართლაცდა ფოლადის გულა ახალგაზრდების გულები, ესენი საქართველოს გვანან, თავიანთი ბობოქარი უტეხი სულებით. გამორჩეული კაცთმოყვარეობით, მიმტევებლები, არნახული ნიჭიერებით და ზრდილობით, მეგობრობით და გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით. განა ასეთი არ არის საქართველო? ეს თაობა აუცილებლად გაარღვევს უკუნს და შესძლებს ძლიერი საქართველოს აშენებას, რაც სამწუხაროდ ჩვენმა თაობამ ვერ შევძელით.
ბედნიერი ვარ ამ გმირების გვერდით რომ ვარ და მათი ჭირ-ვარამის მოზიარე ვარ. მათთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ, მათთან ერთად პურ ვტეხავ და ლუკმას ვინაწილებთ. ბედნიერი ვარ, რომ მათზე ზრუნვის საშუალება მეძლევა, ვინც ჩემს საკანში იმყოფება. ეს ჩემი შვილების თაობაა და ვალდებული ვარ ვიზრუნო მათზე აქამდე თუ ხუთი შვილი მყავდა, ეხლა 8 შვილის მამა ვარ, ესენი ჩემი შვილები არიან და ყველა ის ახალგაზრდა,რომლებიც სხვადასხვა საკანში იმყოფებიან, ყოველდღე ვკითხულობ მათ ამბებს და მხოლოდ და მხოლოდ მათი სიმტკიცის, კულტურის და მაღალი ზნეობის ამბებს ვიგებ. მათ ყველა თანამშრომლის სიმპატია და პატივისცემა დაიმსახურეს ამ ერთი თვის განმავლობაში.
თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი შვილებით დედებო და მამებო. ვერც კი წარმოიდგენ რა კაცები გაუზარდეთ სამშობლოს. ამიტომ გისურვებთ მხნეობას თქვენ და მთელ საქართველოს.
“რუსთაველის მცველებო”, არ დანებდეთ, არ დაიღალოთ. იბრძოლეთ ბოლომდე, არ დასთმოთ საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მადლობა ყველას, ვისაც გახსოვართ, არ გვავიწყდებით და იბრძვით ყოველდღე ჩვენი თავისუფლებისთვის, რითიც უდიდეს მხნეობას გვმატებთ! დიდება საქართველოს თქვენი თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, მალე სანატრელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და როდესაც ერთად ამ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ, ამ სიტყვებით მოგმართავთ: “გეტყვი, რომ მოველ, ბრძოლა ნახული / და სიკვდილამდე თქვენთან დავრჩებით / ხომ ლამაზია მზე გაზაფხულის? / ბრძოლების შემდეგ მზე გამარჯვების!”, – წერს ვეფხვია კასრაძე.