სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

11 hours ago 2

კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ჯერჯერობით ვერ ხერხდება 7 იანვარს, ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძრების ლოკალიზება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სიტუაციას ძლიერი ქარი ართულებს.

ხანძარმა უკვე იმსხვერპლა სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე.

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ ხანძრის ახალი, მეექვსე კერა გაჩნდა ლოს-ანჯელესის კიდევ ერთ რაიონში, ჰოლივუდის ბორცვზე.

ხანძრის რაიონებიდან ევაკუირებულია 150 000-ზე მეტი ადამიანი.

ლოს-ანჯელესის მცხოვრებნი ავტომანქანებით ტოვებენ პასიფიკ პალისეიდსის რაიონს. 2025 წლის 7 იანვარი

ლოს-ანჯელესის მცხოვრებნი ავტომანქანებით ტოვებენ პასიფიკ პალისეიდსის რაიონს. 2025 წლის 7 იანვარი

ყველაზე ძლიერი ხანძარი სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარე პასიფიკ პალისეიდსის რაიონშია, სადაც სახანძრო სამსახურის მონაცემებით, უკვე განადგურებულია სულ მცირე 1000 სახლი და სხვა შენობა.

ხანძარმა სახლები გაანადგურა პასადენასა და მალიბუშიც. მათ შორის დაიწვა მსახიობის და მომღერლის, პერის ჰილტონის სახლი.

როგორც ამერიკული მედია წერს, ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს.

ხანძარმა სახლები გაანადგურა ლოს-ანჯელესის პასადენის რაიონშიც

ხანძარმა სახლები გაანადგურა ლოს-ანჯელესის პასადენის რაიონშიც

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა. ხანძრის გამო ბაიდენმა იტლიაში ვიზიტი გადადო.

კალიფორნიის შტატში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა. მხოლოდ 2024 წელს სხვადასხვა რაიონში 8 ათასზე მეტი ხანძარი იყო, რამაც საერთო ჯამში გაანადგურა დაახლოებით 425 ათასი ჰექტარი.

სრულად წაკითხვა