თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტორი კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ კიდევ სამჯერ დააჯარიმა იმის გამო, რომ სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.
ბოლო სამი დარღვევა 27 სექტემბერს ჩატარებული ინსპექტირების დროს დაფიქსირდა. მერიამ სამივე სარეაბილიტაციო მონაკვეთი შეამოწმა და სამივე შემთხვევაში დაადგინა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ იყო ორგანიზებული.
ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე კომპანიას 1 583 ლარის, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთზე 1 155 ლარის, ხოლო ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“ მონაკვეთზე 1 305 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, სამი ხელშეკრულების ფარგლებში „სმარტ სოლუშენსი“ ამ დრომდე სულ 11-ჯერ, ჯამში 15 542,96 ლარით დააჯარიმეს. ყველა შემთხვევაში დარღვევა ერთი და იგივე იყო. ჯარიმა ყოველ ჯერზე შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ს შეადგენდა.
რუსთაველის გამზირის ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე კომპანია ექვსჯერ, თითოეულ შემთხვევაში 1 583 ლარით დაჯარიმდა.
სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთზე კომპანია ორჯერ, თითოეულ შემთხვევაში 1 155 ლარით დაჯარიმდა.
ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“ მონაკვეთზე კომპანია სამჯერ დაჯარიმდა: ორჯერ 1 213 ლარით, ერთხელ კი 1 305 ლარით.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები სამ ტენდერადაა დაყოფილი. ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 981 840 ლარია, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის - 5 842 569 ლარი, ხოლო ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“ მონაკვეთის - 6 130 241 ლარი. სამი ტენდერის სავარაუდო ღირებულება ჯამში 19 954 650 ლარს შეადგენს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. თბილისის მერიის განცხადებით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის მოძრაობა გაიხსნა კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე, ჯავახიშვილის ქუჩამდე.
radiotavisupleba ახალი ამბები