საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ინფორმაციით, რუსი მოციგურავეების წყვილი, ზლატა კამალოვა და დანილ პანოვი, საქართველოს სახელით იასპარეზებენ.
„გაიცანით ჩვენი ნაკრების ახალი წევრები - ზლატა კამალოვა და დანილ პანოვი, ნაკრების ერთერთი დამსახურებული მწვრთნელის, პაველ სლიუსარენკოს გუნდიდან. დანილი და ზლატა სპორტული წყვილების კატეგორიაში იასპარეზებენ, მათი დებიუტი ახალგაზრდათა გრან პრის ეტაპზე სულ მალე შედგება!“ - წერს ფედერაცია ინსტაგრამის გვერდზე.
პაველ სლიუსარენკო აქამდე საქართველოს ნაკრების წევრებს, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წვრთნიდა, რომლებმაც საქართველოს სახელით არაერთ წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი, ვერცხლი, მოუტანეს.
23 აგვისტოს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბერულავასა და მეტელკინას წყვილი ცნობილი რუსი მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძის გუნდში გადავიდა.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა ბოლო წლებში რამდენიმე ისტორიულ შედეგს მიაღწია. მისი წევრების ძირითადი ნაწილი რუსეთში ვარჯიშობს. მათ შორის არიან რუსეთში დაბადებული ქართველები, ასევე რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრები.
radiotavisupleba ახალი ამბები